ედიშერ ჭელიძე – გზა სამეუფო

ტერმინი “გზა სამეუფო” მომდინარეობს ძველი აღთქმიდან (რიცხვთა 20,17: “გზაი სამეუფოჲ განვლოთ”). გამოთქმა “გზა სამეუფო” უძველესი დროიდანვე დამკვიდრდა ჭეშმარიტი ეკლესიური სწავლების აღმნიშვნელად, რაც პირდაპირაა უწყებული ერთ-ერთი წმინდანის მიერ: “მამებმა დაგვიტოვეს ჩვენ გზა სამეუფო” (იხ. წმ. მამათა გამონათქვამები, ამბა პიმენი, “პატროლოგია გრეკა” = “პგ”. ტ.65, 329). ამ გზას დასაბამიდანვე შეერთვოდა საქართველოს ეკლესია.

 

სამეუფო გზაზე სვლა, ეკლესიური სწავლებით, უარყოფს ყოველგვარ ზოგად უკიდურესობას, განსაკუთრებით კი დაპირისპირებას ცოდნასა და რწმენას შორის. მარტოოდენ ცოდნა, რწმენის გარეშე, ამპარტავნულია და უნაყოფო, მაშინ როცა, მეორე მხრივ, ცოდნისაგან დაცლილი რწმენით თვითმიზნური თავმოწონება ხშირად ქცეულა ფანატიკური სიბრმავის სათავედ, ხოლო ფანატიზმი (ლათინური სიტყვა) ბერძენ მამათა მიერ ავადმყოფურ სიგიჟედ ანუ “ეპილეფსიად” იწოდება (საპირისპიროდ “საღი გონებისა ანუ მრთელი ცნობიერებისა). თვით საღვთო წერილიც კი, თუკი მას ცოდნისმიერად, “მეცნიერებით” არ ვჭვრეტთ და მარტოოდენ მატერიალურ ნაწერს, სიტყვათა ნივთიერ მნიშვნელობას ანუ მხოლოდ მის ტექსტობრივ ბუკვალურობას ვაქცევთ რწმენის საგნად, ფანატიზმის, სიშლეგის წყაროდ იქცევა.

სავსებით გარკვევით გვასწავლის წმ. მაქსიმე აღმსარებელი: ფანატიკურია (ბერძ. “ეპილეპტოს”, ლათ. “ფანატიკო”) რჯული, მიწიერად გაგებული… და კიდევ, საღი გონებისაა (ბერძ. “სოფრონ”) რჯული სულიერად გაგებული” (პგ. ტ. 90, 772). აღნიშნული ციტატის ძველი ქართული (გელათური) თარგმანი ასეთია: “სულელ არს შჯული მიწიერად მოღებული… და კუალად მრთელცნება არს შჯული, სულიერად გულისხუმაქმნილი” (ხელნ. გელ. 14, 298-299).

თუ რა არის რჯულის მიწიერად გაგება, ამის შესახებ წმ. მაქსიმე იქვე განმარტავს: “მიწიერი რჯული – მარტოოდენ ნაწერის მიხედვით გაგებული” (ძველი ქართული თარგმანი: “მიწიერი შჯული – მხოლოჲსა წერილისაებრ გულისხმუმაქმნილი”) სულიერი წვდომა კი, ეკლესიური სწავლებით, არის “გონების მცოდნეობითად (ბერძ. გნოსტიკოს) ამაღლება. (წმ. მაქსიმე: “მეცნიერებით აღმყვანებელი გონებისა”, გელ. 14,7)

წმ. მამები კეთილსწავლულებას წიგნიერებას სასოების, იმედის თვისებად დაგვისახავენ. წმ. მაქსიმე ამბობს: “თვის სასოებისა არს მწიგნობრობაჲ (ბერძ. “გრამმატეონ”), ესე იგი არს, მასწავლელობაჲ (გელ. 14, ფოტო 122-123, პგ. 90, 448). რწმენითად ნასაზრდოები ცოდნა მრთელმეცნიერების” ანუ საღი გონების, საღი მჭვრეტელობის საფუძველია, განმაშორებელია ცოდნისმიერი ამპარტავნებისა და უმეცრებითი ფანატიზმისა. ამიტომ ევედრება წმ. მაქსიმე უფალს, რომ ფანატიზებული გონება მოუსპოს მას, ამიტომ მოგვიწოდებს ყველას: “ვევედრნეთ უკუე ჩუენცა გონიერსა დავითს (“გონიერი დავითი” სიმბოლურად არის მაცხოვარი იესო ქრისტე), რაჲთა დასცეს ქნარსა სულიერსა ხედვისა და მეცნიერებისასა ნივთიერთა მიერ სულელქმნილსა ზედა გონებასა (ბერძნ. ”ეპილეპტევომენონ ნუნ”, ლათ: ”ფანატიკე მენტის”) ჩუენსა და განხადოს ბოროტი სული” (გელ. 14, 299, პგ. 90, 772).

ცოდნისა და რწმენის უკიდურესი გამიჯვნა, ერთი მხრივ, სრულიად უნაყოფო ამპარტავნებას იწვევს, მეორე მხრივ კი – თავდაჯერებულ, გაკერპებულ ლიტონ რწმენას. პირველი უკიდურესობის სახე იყვნენ გნოსტიკოსები, რომლებიც თანდაყოლილ მცოდნეობას იჩემებდნენ და არაფრად რაცხდნენ ეკლესიურ მორწმუნეობას, ხოლო მეორე უკიდურესობის შემზარავ გამოვლინებად შეიძლებოდა მოგვეტანა საეკლესიო ისტორიაში ცნობილი ფაქტი, როდესაც ალექსანდრიის მორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა 415 წელს ასო-ასო დაგლიჯა ფილოსოფოსი ქალი ჰიპათია (იხ. სოკრატე სქოლასტიკოსი, საეკლესიო ისტორია, წიგნი VII, თავი XV, პგ. 67, 768-769).

ეკლესიური სწავლებით, ჭეშმარიტია რწმენა, რომელსაც ახასიათებს ზრდა და რომელიც ესწრაფვვის ცოდნად ქცევას, ხოლო ჭეშმარიტია ცოდნა, რომელიც დაშენებულია ამგვარ რწმენაზე და სრულყოფს მას. თავისი არსებით, ჭეშმარიტი ცოდნა არის არა რწმენისაგან განსხვავებული რამ, არამედ იმავე რწმენის მცოდნებითი სახე, მისი ზრდის მწვერვალი, ანუ იგივე რწმენა, ოღონდ სრულყოფილი. პავლე მოციქული ასე ხმობს: “სარწმუნოებიდან სარწმუნოებისაკენ”. ამ სიტყვების შესახებ ნეტარი კლიმენტი ალექსანდრიელი (II-III ს) აღნიშნავს: “ჩანს რომ მოციქული ორგვარ რწმენას აცხადებს, უფრო კი აცხადებს ერთს, რომელიც მიმღებია ზრდისა და სრულყოფისა” (კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატა, პგ. IX, 12). იგივე მოძღვარი გვასწავლის: “ვიცით, რომ საუკეთესოა ის ძიება, რასაც თან ახლავს რწმენა და რაც რწმენის საძირკველზე აშენებს ჭეშმარიტების დიდმშვენიერ ცოდნას” (იქვე, 13). სამეუფო გზაზე რწმენა და ცოდნა მთლიანად მსჭვალავს ურთიერთს, რაც უმეტესი სიზუსტით გაცხადდა შემდეგ სიტყვებში: “ამგვარად, რწმენითია ცოდნა და მცოდნეობითია რწმენა” (სტრომატა, II,2). ესაა ცოდნა, რომელზეც წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს: “ცოდნა სიყვარულია”.

გზა სამეუფო უარყოფს შეუვალ დაპირისპირებას ფილოსოფიასა და თეოლოგიას შორის. ფილოსოფიის არაჯეროვნად შეფასება – გაკერპება, წმ. მამათა მიხედვით, დიდი ცდომილებაა, რის ნიმუშადაც შეიძლებოდა დაგვესახელებინა ორიგენე და ევნომიუსი. მეორე მხრივ, ფანატიზმის საფუძველი შეიძლება გახდეს ფილოსოფიის, ზოგადად, გარეეკლესიური აზროვნების აბსოლიტურად იგნორირება და მისდამი ზიზღი, რამაც ცდომაში ჩააგდო თუნდაც ტატიანე სირიელი და ტერტულიანე. ეკლესია არასოდეს უარყოფდა ანტიკურ ფილოსოფიურ სწავლებაში, ანტიკურ კულტურაში, გარეშე სწავლებაში ჭეშმარიტების მარცვალთა არსებობას. მეტიც, იგი მართლმჭვრეტელ მოძღვრებს იმ ვალდებულებასაც განუკუთვნებდა, რომ დაუკარგავად და უკეთურ თესლთან შეურევლად მოეძიათ არაქრისტიანთა წიაღიდან ყოველი სასიკეთო მარცვალი და ეკლესიისათვის დაეუნჯებინათ ისინი. ამგვარ კეთილ სიტყვათა, კეთილ მარცვალათა ერთობლიობას “რჩეული ფილოსოფიის (ბერძნ. ”ეკლექტიკე ფილოსოფია”) სახელს და ღირსებას განუკუთვნებენ ეკლესიის მოძღვარნი და “ელინთათვის ბოძებულ საღვთო ძღვენად რაცხდნენ მას (სტრომატა, I, 20, 1). ნეტარი კლიმენტი განმარტავს: “ჩვენ ფილოსოფიად ვამბობთ არა სტოიკურ მოძღვრებას, ანდა პლატონურს, ეპიკურულს თუ არისტოტელურს, არამედ ვამბობთ რჩეულ ფილოსოფიას, ანუ ერთობლივად ყველაფერ იმას, რაც კი აღნიშნულ სკოლებიდან თითოეულმა კეთილად თქვა და რაც სამართლიანობისა და კეთილმსახურებითი მეცნიერების შესახებ ასწავლეს მათ. მაგრამ რაც კი ადამიანური აზრებიდან ამოგლიჯეს და დაამახინჯეს, არასოდეს გვითვამს ღვთიურად” (სტრომატა, პგ. VIII, 732).

სწორედ ამგვარ საფუძველზე აშენდა შუა საუკუნეების უდიდესი საღვთისმეტყველო სკოლა, არსენ იყალთოელისა და დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული გელათის “აკადემია”, რომელიც, ერთი მხრივ, დასაძირკვლდა, როგორც სულიერი იერუსალიმი, ანუ როგორც უფლისაგან და მოციქულთაგან გადმოცემული მაცხოვნებელი სარწმუნოების წიაღი (”რომელიც აწ წინამდებარე არს ყოვლისა არმოსავლისა მეორედ იერუსალიმად); ამავე დროს, გელათის ”აკადემია” გახდა სულიერი ათენი ანუ ფილოსოფიის კეთილ მარცვალთა მეუნჯე (”რომელიცა აწ წინამდებარე არს… სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა”), მესამე მხრივ გელათი იქცა სულიერ რომად, ახალ რომად (”ახალო რომო, შენთვის თქვეს, რომო უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა”). რწმენითი, ცოდნითი და პატივდებითი სამსახოვნების ერთმთლიანობამ აქცია ხსენებული ”აკადემია” მორწმუნე თაობათა მრავალსაუკუნოვანი სასოების ხორცშესხმად, სამეუფო გზაზე საქართველოს ეკლესიის ჭეშმარიტ წინამძღვრად.

გზა სამეუფო გულისხმობს, ამავე დროს, საზოგადოდ, სულისა და ხორცის ჰარმონიულ თანამყოფობას. წმ. ბასილი დიდი გვაუწყებს: “…შეჰფერის მოღვაწეს, რომ ჭეშმარიტად შუა და სამეუფო გზაზე წარემართოს, არასოდეს არც ერთ მხარეს არ გადადრკეს, არც მოდუნდეს, არც გადამეტებული მარხვით უხმარქმნას სხეული. თუკი უკეთესი იყო სხეულის უგულებელყოფა და ცოცხლის მკვდრად ქცევა, თავიდანვე უთუოდ ამგვარებს შეგვქმნიდა ღმერთი” (ბასილი დიდი, სამოღვაწეო განჩინებანი, თავი 4, პარაგრ. 2; პგ. 31, 1347). ეს აზრი შესანიშნავადაა გამოთქმული აგრეთვე წმ. გრიგოლ ნოსელის მიერ: სამეუფო შარაგზის არცერთ მხარეს არ უნდა გადავუხვიოთ, რადგანაც კიდეებისაკენ მიდრეკა გზიდან აცდენს მოგზაურს… დოგმატია [ბიბლიის] სიტყვა, რომელიც განსაზღვრავს, რომ სათნოებანი იპოვება შუა მდგომარეობაში” (წმ. გრიგოლ ნოსელი, მოსეს ცხოვრება, პგ. 44, 417-420). ასევე ნეტარი კლიმენტი ალექსანდრიელი გვასწავლის: “კარგია შუა მდგომარეობა ყველაფერში… რადგანაც უკიდურესობანი შემაცდენელია” (კლიმენტი ალექსანდრიელი, პედაგოგი, II. 16.4)..

ზემოთქმულიდან ცხადია, რომ სამეუფო გზა ბუნებითად უარყოფს ყოველგვარ უკიდურესობას, როგორც გაუკუღმართებას, ხოლო გაუკუღმართება, თავის მხრივ, ერეტიკული სწავლების, ზოგადად, ერეტიკული განწყობის საფუძველია. შესაბამისად, სამეუფო გზის თვალსაწიერიდან ერესის წინაპირობად წარმოჩნდება არა მარტოდენ ცოდნისმიერი ამპარტავნება, არამედ, აგრეთვე, რწმენისმიერი ფანატიზმი. ვფიქრობთ, “ერესის” საეკლესიო გაგებას უფრო კონკრეტულად უნდა შევეხოთ.

საეკლესიო მოძღვრება, საუფლო ღვთისმეტყველება თვით მოციქულთა დროიდანვე ახოვნად ერკინებოდა გაყალბებულ, ცდომილ სწავლებებს, რომლებიც, ერთი ადრექსრისტიანული ძეგლის სიტყვებით რომ ვთქვათ, უწყვეტ ტალღებად ეხეთქებოდნენ მაცხოვნებელი ჭეშმარიტების ხომალდს.

თუკი უცდომელ მოძღვრებას საეკლესიო ტრადიციაში მართლმადიდებლობა” ანუ ორთოდოქსია ეწოდა, ცდომილ სწავლებათა აღმნიშვნელად დაკანონდა ბერძნული სიტყვა “ერესი” (ქართული თარგმანით “მწვალებლობა”, “წვალება”).

სიტყვა “ერესი, რომლის ზუსტი ფორმაა ჰაირესის, უაღრესად საყურადღებო ტერმინია. ბერძნულ ენაში იგი მრავალი შინაარსით იყო გავრცელებული (მომდინარეობს ზმნიდან “ჰაიერო”, “ჰაირუმაი”, რომელიც ნიშნავდა “აღებას”, “შეპყრობას”, “დაჭერას”, “დასწრებას”, “მხილებას”, “მოხვეჭას”, “აზრის დაჭერას” ანუ “გაგებას”, “ამორჩევას”, “შერჩევას”, “უპირატესობის მინიჭებას”, “მჯობინებას”, “სურვებას” და სხვა). მწიგნობრულ ტრადიციაში განსაკუთრებით გამოიკვეთა “ერესის” შემდეგი მნიშვნელობა: “არჩევანი”, “პიროვნული გადაწყვეტილება”. სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე შეიძინა ხსენებულმა ტერმინმა “ამა თუ იმ ცხოვრების წესის”, “ამა თუ იმ მსოფლმხედველობის”, “ამა თუ იმ მოძღვრების, მოსაზრების, შეხედულების შინაარსი, ე.ი. “იმგვარი ცხოვრების წესისა”, “იმგვარი მსოფლმხედველობისა, სწავლებისა, შეხედულებისა”, როგორსაც ესა თუ ის პიროვნება თვითონ აირჩევდა, თვითონ მიანიჭებდა უპირატესობას, თვითონ ამჯობინებდა და გამოარჩევდა სხვებისაგან. “ერესის” მითითებული გააზრება ხშირ შემთხვევაში სკოლარული გაგებით შეივსო ანუ იგი გადაიქცა ამა თუ იმ ფილოსოფიური ან რელიგიური სკოლის, მიმდინარეობის, ამა თუ იმ ფილოსოფიური ან რელიგიური სექტის აღმნიშვნელად.

საეკლესიო მოძღვრების გავრცელების ეპოქაში ტერმინი “ერესი” სწორედ ამ ორი მნიშვნელობით იყო გაბატონებული, კერძოდ:

(I) ზოგადად მოძღვრება, მსოფლმხედველობა (როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული), სწავლება.

(II) ფილოსოფიურ-რელიგიური მიმდინარეობა, ფილოსოფიურ-რელიგიური სექტა.

ორივე ეს მნიშვნელობა საგრძნობია ეკლესიის მამათა შრომებში. მაგალითად, როდესაც წმ. ბასილი დიდი (IV ს.) წერს, რომ: “გამოცდას მივეც ღვთის შესახებ ჩემი სწავლება (ბერძნ. “ერესი”)” (იხ. ეპისტოლე 81.1), ცხადია ამ შემთხვევაში სიტყვა ”ერესი” ზოგადად “მოძღვრებას” გულისხმობს. საყურადღებოა იმპერატორ კონსტანტინე დიდის (IV ს.) ერთი გამონათქვამი, სადაც სიტყვა “ერესი” საკუთრივ საეკლესიო მოძღვრებას აღნიშნავს, კერძოდ: “ზოგიერთმა უკეთურად და უკუღმართად იწყეს განდგომა კათოლიკე სწავლებისაგან (“კათოლიკეს ჰაირესეოს”)” (იხ. ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, 10.5.21; პგ. 20, 888). განსაკუთრებით თვალსაჩინოა კლიმენტი ალექსანდრიელის (II-III სს.) მსჯელობა ცდომილი “ერესის” შესახებ საპირისპიროდ უცდომელი “ერესისა”. სავსებით ცხადია, რომ ამჯერადაც “ერესი” ზოგადად მოძღვრებას ნიშნავს. აი, კლიმენტის სიტყვები: “გვმართებს, თვით წერილისაგან (ე.ი. ბიბლიისაგან, ე.ჭ.) ვისწავლოთ დასაბუთებულად, რომ, ერთი მხრივ, ცდომილებაში არიან ერესები, და რომ, მეორე მხრივ, მარტოდენ ჭეშმარიტ და ძველ ეკლესიაში მკვიდრობს როგორც უმეტესად ზუსტი ცოდნა, ასევე ჭეშმარიტად საუკეთესო ერესი (ე.ი. “მოძღვრება”, ე.ჭ. “არისტე ჰაირესის”)” (იხ. კლიმენტი ალექსანდრიელი, სტრომატა 7.15; პგ. 9, 528).

მიუხედვად ზემორე დამოწმებებისა, ტერმინი “ერესი” საეკლესიო მწერლობაში მყარად დამკვიდრდა კონკრეტულად “უმართებულო მოძღვრების”, “გაუკუღმართებული სწავლების” აღმნიშვნელად. ამის მიზეზი იყო ის, რომ “ერესი”, როგორც ითქვა, “პიროვნულ მოძღვრებას”, “პიროვნულ აზროვნებას” გამოხატავდა, ხოლო საუფლო სიტყვის, ღვთისაგან უწყებული ჭეშმარიტების ფონზე ყოველივე თვისობრივად პიროვნული, კაცობრიული, რა თქმა უნდა, ცდომილად და ნაკლულევნად წარმოჩნდება. მართალია, თვით ქრისტიანული სწავლება სხვათა (კერძოდ, იუდეველთა) აზრით, ასევე, “ცდომილი ერესი” იყო (მაგალითად, წმ. იუსტინე გადმოგვცემს, რომ ებრაელების თქმით, “ვიღაც გალილეელი მაცდურის, იესოს მიერ აღმოცენდა უკუღმართი რამ და ურჯულო ერესი”, იხ. პგ. 6, 725), მაგრამ ქრისტიანობის მიმართ “ერესი” აუცილებლად დაირთავდა უარყოფით ეპითეტს (“უკუღმართი”, “ურჯულო” და მისთ.), რადგან სიტყვა “ერესი” სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის უარყოფით მნიშვნელობას თავისთავად არ შეიცავდა (აღმნიშვნელი იყო ზოგადად “მოძღვრებისა”), მაშინ როცა ქრისტიანობამ თვით ამ სიტყვაში, როგორც “პიროვნული სწავლების” გამომხატველ ტერმინში, შეიტანა თვისობრივად უარყოფითი გაგება და შესაბამისად გამსჭვალა იგი “ცდომილი, გაუკუღმართებული მოძღვრების” შინაარსით.

აღნიშვნის ღირსია, რომ ეკლესიისადმი მიმართული ყველა დაპირისპირება “ერესი” არ არის. წმინდა მამათა მიერ გამოყოფილია სამი უმთავრესი გაუკუღმართება: (I) “ერესი” ანუ ქართულად “მწვალებლობა”: (II) “სქიზმა” ანუ “განხეთქილება” და (III) “პარასინაგოგე”, რაც შეიძლებოდა გვეთარგმნა, როგორც “გარე-შეკრება”.

წმინდა ბასილი დიდი გვაუწყებს: “ერთნი წოდებულია, როგორც “მწვალებლობანი”, მეორენი – როგორც “განხეთქილებანი”, ხოლო მესამენი – როგორც “გარე-შეკრებანი”. “მწვალებლობები” სრულიად განშორებულები და გაუცხოებულები არიან საკუთრივ რწმენის მიხედვით, “განხეთქილებები” კი გულისხმობს ურთიერთშორის დაპირიპირებულებს რაღაც საეკლესიო მიზეზთა თუ ძიებათა გამო, რაც განკურნებადია, ხოლო “გარე-შეკრებანი” ის თავყრილობებია, რომლებსაც ახდენენ ურჩი მღვდლები ან ეპისკოპოსები და განუსწავლელი ხალხი” (188-ე ეპისტოლე, პგ. 32, 665).

როგორც ზემორე განცხადებიდან ცხადი ხდება, “ერესად” მიიჩნევა საეკლესიო სარწმუნოებისაგან, – დოგმატიკისაგან განსხვავებული ყველა მოძღვრება. ამ ნიშნით “ერესად” წარმოჩნდება: (I) ანტიკური, ზოგადად არაეკლესიური ფილოსოფიურ-რელიგიური მიმდინარეობები, (II) იუდეველური სწავლებანი, (III) ზოგადქრისტიანული შეფერილობის მქონე სექტები და (IV) საკუთრივ ეკლესიის შიგნით (ე.ი. საეკლესიო პირთა შორის) აღმოცენებული სარწმუნოებრივი ცთომილებანი.

“ერესის” ოთხივე სახესხვაობა სიღრმისეულად შეისწავლებოდა და იმხილებოდა საეკლესიო ანტიერეტიკულ შრომებში. უძველესი გაფრთხილებანი ერესების წინააღმდეგ თანადროულია სამოცქიულო-საეკლესიო მწერლობის დაფუძნებისა. ცრუ მოძღვრებათა, ცრუ სწავლებათა შესახებ უწყებულია “ახალ აღთქმაში” (იხ. მაგ. I კორ. 11,19; გალ. 5,20; ტიტ. 3,10; საქმე მოც. 5,17; იქვე 15,5; 26,5 და სხვა), I საუკუნის II ნახვერის ძეგლში სათაურით “დიდაქე”, ე.წ. “ბარნაბას ეპისტოლეში” (I-II სს.), წმ. ეგნატი ანტიოქიელის (I-II სს) ეპისტოლეებში და სამოციქულო ეპოქის სხვა შრომებში. არაეკლესიურ სწავლებათა პაექრობითი უარყოფა ვრცლად არის წარმოდგენილი II ს-ის აპოლოგეტთა ანუ ქრისტიანული მოძღვრების “სიტყვიერად დამცველთა” თხზულებებში, როგორებიცაა არისტიდეს, ათენაგორას, წმ. იუსტინე მარტვილის, ტატიანეს და სხვათა აპოლოგიებში. რაც შეეხება მონუმენტურ ანტიერეტიკულ შრომებს, ამ მხრივ ერთ-ერთი უადრესია ჩვენამდე არმოღწეული თხზულება წმ. იუსტინე მარტვილისა (II ს-ის 60-იან წლებში) სათაურით: “წიგნი ყველა ერესის წინააღმდეგ”. სწორედ ამ შრომას დაეფუძნა წმ. ირინეოსის (II ს-ის II ნახევარი) ხუთწიგნედი: “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა” (იგი მთლიანადაა შემორჩენილი ლათინურ თარგმანში). უძველესი ეპოქის სხვა შემაჯამებელი ანტიერეტიკული შრომებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია: კლიმენტი ალექსანდრიელის (II-III სს.) რვაწიგნედი “სტრომატა”, წმ. იპოლიტე რომაელის (III ს-ის I ნახევარი) ათწიგნედი, სახელწოდებით “ფილოსოფუმენა” ანუ “ყველა ერესის მხილება”, წმ. ეპიფანე კვიპრელის (315-403 წწ.) “პანარიონი” ანუ “წამლების ყუთი” და ნეტარი თეოდორიტე კვირელის (393-466 წწ.) ვრცელი ისტორიულ-პოლემიკური თხზულება, სათაურით: “ერეტიკული ბოროტზღაპრობის შეჯამება”. სწორედ ეს შრომები წარმოადგენს ჩვენს უმთავრეს წყაროებს უძველესი მწვალებლური სწავლებების განხილვისას.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ეს ნაწილობრივ უკვე ითქვა, ესა თუ ის მოძღვრება ეკლესიის მიერ ყოვლად უშეღავათოდ უარიყოფა, მხოლოდ როგორც მთლიანი სისტემა, რადგანაც ნებისმიერი სისტემა, ფილოსოფიური თუ რელიგიური, ჭეშმარიტების ფლობაზე აცხადებს პრეტენზიას, ეკლესიური ტრადიციისათვის კი ჭეშმაირტება, როგორც მთლიანობა, როგორც სისავსე, მარტოდენ საუფლო მოძღვრებაა (რადგანაც შეუძლებელია არსებობდეს ორი ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავებული მოძღვრება და ამავე დროს ორივე ჭეშმარიტი) და ყოველი მათგანი, როგორც სწავლებითი სისტემა, როგორც მსოფლმხედველობა, მსოფლმხედველობითი მთლიანობა უკუგდებულია ეკლესიის მიერ. მეორე მხრივ, მკაფიოდ უნდა ითქვას ისიც, რომ ამა თუ იმ სწავლების ყოვლად უშეღავათოდ უარყოფისას ეკლესიას არასოდეს უარყვია მოცემულ სწავლებაში არსებული რაიმე კეთილი თესლი, ჭეშმარიტების რამ გამონაშუქი. მართალია, არაეკლესიურ სწალებებს ეკლესია კაცობრივი გონების ნაყოფად წარმოაჩენს, მაგრამ თავად კაცობრივი გონება, საეკლესიო მოძღვრებათა მიხედვით, ღვთის სიტყვის, ძე ღმერთის ხატია. მაგალითად, ნეტარი კლიმენტი აღნიშნავს: “ხატი ღვთისა (იგულისხმება “მამა ღმერთისა”, ე.ჭ.) არის საღვთო და სამეუფო სიტყვა… ხოლო ხატი ხატისა – კაცობრივი გონება (სტრ. 5.94. 4-5). სწორედ ამიტომ, კაცობრივ გონებას ძალუძს აღმოაჩინოს, მოიპოვოს ჭეშმარიტების მარცვლები, რომლებიც, როგორც უზენაესი სიკეთიდან მომდინარენი, საგულისხმოა ეკლესიისათვის ანუ ეს მარცვლები არსობრივად ეკლესიურია, ქრისტიანულია, მაგრამ გაბნეულია უკეთურებისა და ერესის ღვარძლში და ჭეშმარიტ ქრისტიანთა ვალდებულებაა მათი უდანაკარგოდ მოძიება. ამით აიხსნება, რომ წმ. იოანე დამასკელმა თავის სახელგანთქმულ შრომას სათაურით “მართლმადიდებლური სარწმუნოების უზუსტესი გადმოცემა”, წინ წაუმძღვარა, როგორც აუცილებელი და უმეტესად სასარგებლო სწავლება, წარმართ ფილოსოფოსთა ურჩეულესი განმარტებები და ანტიკურობაში არსებული ეს სიკეთე “ღვთისგან მონიჭებულად” წარმოაჩინა (აქ თანხმობაა კლიმენტი ალექსანდრიელთან, რომელიც ელინ ფილოსოფოსთა საუკეთესო სწავლებებს “საღვთო საბოძვრად სახელდებდა; იხ. “სტრომატა” 1.20.1). აი წმ. იოანე დამასკელის სიტყვები (მოგვაქვს არსენ იყალთოელის თარგმანით): “და პირველად უკუე ელლინთა ბრძენთანი დავსხნე ურჩეულესნი, ვითარცა მეცნიერმან, ვითარმედ რაოდენი-რაჲ არს კეთილი, ზეგარდმო ღმრთისა მიერ მონიჭებულ არს კაცთადა” (იხ. იოანე დამასკელი, დიალექტიკა, თბ. 1976, გვ 72-73). ამითვე აიხსნება, რომ ეკლესიის მოძღვარნი ხშირად მოუხმობდნენ და იმოწმებდნენ უმკაცრესად მხილებული ერეტიკოსების შრომებიდან ამა თუ იმ კეთილ სწავლებას (თუნდაც, მაგალითად, ტერტულიანესაგან, ორიგენესაგან, დიდიმე ალექსანდრიელისაგან, ევაგრე პონტოელისაგან და სხვა). ამგვარი კეთილი სწავლებანი ერეტიკოსთა შრომებში იმავე სულიწმინდისაგან მომდინარედ შეირაცხებოდა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწის ეფრემ მცირის (XI ს-ის II ნახევარი) უწყება იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ კერძო შემთხვევაში მართებული სწავლების გადმოცემისას მწვალებლებიც “მისვე და ერთისა სულისაგან მეტყუელებდეს”, რადგანაც სულიწმიდა, ეფრემისვე მითითებით, არათუ ქრისტიან მწვალებლებს, არამედ თვით “წარმართთა მეკერპეთაც” კი გაუმჟღავნებს ზოგჯერ ჭეშმარიტებას (იხ. “ძველი საქართველო”, ტ. III, გვ. 81).

ზემოთქმულის შემდეგ გაუგებრობას აღარ გამოიწვევს ის ცნობილი ფაქტი, რომ XII ს-ში გელათის “აკადემიაში” თარგმნილი “კომენტირებული ბიბლია” კომენტატორთა შორის ხშირად წარმოგვიდგენს ისეთ ერეტიკოსებსაც, როგორებიც იყვნენ: ევსები კესარიელი (IV ს-ის I ნაევარი; არიოზის მიმდევარი), სევეროზ ანტიოქიელი (VI ს-ის I ნახევარი; მონოფიზიტი), დიდიმე ალექსანდრიელი (IV ს; ორიგენისტი), ფილონ ებრაელი (I-II სს.; იუდეველი).

ამგვარია, უზოგადესი შეჯამება, “ერესის” შეფასება საეკლესიო ტრადიციაში. ეს შეფასება კვლავ სამეუფო გზისკენ გვიწინამძღვრებს ჩვენ და კეთილსწავლულებითი ძიების სურვილს ცხოველყოფს ჩვენში.

 

 

ედიშერ ძელიძე

ჟურნალი “გზა სამეუფო” №1 1994 წელი

წყარო: http://www.Library.church.ge

Published on June 14, 2011 at 9:41 pm  Leave a Comment  

The URI to TrackBack this entry is: https://edisheri.wordpress.com/%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a3%e1%83%a4/trackback/

RSS feed for comments on this post.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: