ედიშერ ჭელიძე – წყლის დასხმითი წესით აღსრულებული ნათლობის შესახებ

ამჯერად, კონკრეტულად და ფაქტობრივად უნდა გადავიდეთ იმ საკითხების განხილვაზე, რომელთა მიხედვითაც ბ-მა მ. ჩახავამ და მის კვალობაზე საქართველოს ძველმართლმადიდებელთა კავშირმა (მათ შორის, ცხადია, ბ-მა ზ. ნარმანიამ) ქართული სამოციქულო ეკლესია, როგორც ასეთი, ერეტიკულად გამოაცხადა. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ე.წ. ”ერეტიკულობის” ნიშნები, როგორც ეს ცხადად ჩანს მ. ჩახავას წიგნიდან, – იგივეა დღესაც, რაც ადრე იყო. ჩვენ დამოწმებული გვაქვს ციტატა დასახ. წიგნიდან, სადაც VI-VII სს-ის ეკლესიის შესახებ თქმული იყო ასეთი რამ: ”VIII ს-ის 50-იან წლებამდე საქართველოს ეკლესია მხარს უსწორებს ერეტიკულ ეკლესიებს, კერძოდ – სომხურს და სირიულს. თუ რა სულიერი საზრდო მიიღეს ამგვარი კულტურული ურთიერთობის ერეტიკოსებისაგან, ეს ნათლად ატყვია ფრესკებს, ხატებს, პირჯვრის წერას, ნათლობას, ზიარებას და სხვა (გვ. 24).

ზემოთ ვნახეთ, რომ ჭეშმარიტი ძეგლი, რუის-ურბნისის ძეგლისწერა, აგრეთვე, წმ. გიორგი მთაწმინდელი და ეფრემ მცირე მთლიანად უარყოფენ ქართული ეკლესიის, ქართველთა სარწმუნოების ოდესმე წვალებისაკენ მიდრეკას. ასე რომ, მ. ჩახავას ბრალდება ქართული ეკლესიისადმი VIII ს-ის 50-იან წლებამდე და თვით დავითის დრომდე მისი ერეტიკულობის შესახებ რუის-ურბნისის ძეგლისწერის მიხედვით სრულიად ყალბია (ზემორე მსჯელობის შემდეგ, ვფიქრობთ, ამაში დაგვეთანხმება თავად ბ-ნი მ. ჩახავაც). აღნიშნულის გამო, წინდაწინვე შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ იგივე ბრალდება, მიმართული ქართული სამოციქულო ეკლესიისადმი დღეს, ვფიქრობთ, არის მხოლოდ გაუგებრობა.

დავიწყოთ უმთავრესით, ნათლისღების საკითხით, რადგანაც ზ. ნარმანია აღნიშნავს: ”ქრისტიანობის დიდი ტრაგედია ნათლისღების საიდუმლოს ხილული წესის გაყალბება იყო” (”ღვთიური გზა”, 2, გვ. 7).

ხილული წესის გაყალბებაში ბ-ნი მ. ჩახავა, და მის კვალობაზე ბ-ნი ზ. ნარმანია, გულისხმობს ნათლობას თავზე წყლის სამგზისი გადასხმით. მოვუსმინოთ ამ უკანასკნელს: ”რაც შეეხება თავზე წყლის დასხმით ნათლისღებას, იგი უპირველეს ყოვლისა, ღვთის წინაშე უგუნურის თვითნებობაა. საუფლო კურთხევის მქონე სიწმინდის შეურაცხყოფაა, რითაც რიტუალის სიმბოლოში ამოღებულია ქრისტეს სიკვდილში დამარხვის აღმნიშვნელი არსობრივი ელემენტი. გნებავთ მისტიური, გნებავთ ფსიქოლოგიური, გნებავთ შინაარსობრივი თვალსაზრისით. თავზე წყლის დასხმით ნათლობა აღთქმის საწინააღმდეგოდ ზემოქმედებს და იგი არათუ განწმენდს, არამედ შებილწავს მოსანათლს” (”ღვთიური გზა”, 2, გვ. 8). დავიმოწმებთ იმავე ავტორის კიდევ ერთ ციტატას: ”ნათლისღების აღნიშნული კანონის გაყალბებამ მოკლა ქართული სამღვდელოება, რადგან სამ საუკუნეზე მეტია, რაც თვით სამღვდელოება არარსებული კანონით ინათლება, ეს კი ნიშნავს, რომ არ ხდება მათი ქრისტეში განბანვა და ქრისტიანად დაბადება, ისინი კვლავ წარმართებად რჩებიან” (იქვე).

მოტანილი ციტატები (ეს აზრი ხშირად მეორდება ზემორე ავტორებთან) ცხადყოფს, რომ ბ-ნ მ. ჩახავასა და ზ. ნარმანიას აზრით, თავზე წყლის სამგზისი დასხმით ნათლობა სინამდვილეში ყველა გამოვლინებით არის შებილწვა და ამ გზით ნათელღებული რჩება შებილწულ წარმართად, რომელსაც კვლავ სრული ნათლობა სჭირდება.

რა შეიძლება ითქვას ამ აზრის შესახებ? უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ, ჩვენი აზრით, საჭირო იყო წარმოდგენილი შეხედულების გაცილებით ნაკლებ კატეგორიულად გამოთქმა და აი, რატომ: ვისაც სათანადო განსწავლულობა არა აქვს საკითხში და არც უფლებამოსილია განაჩენი გამოიტანოს, ევალება, რომ აზრი, რომელიც მას გულწრფელად მართებული ჰგონია, გამოთქვას ძალიან ფრთხილად. ეს სასარგებლო იქნება მისთვისვე, რადგანაც გამოთქმული აზრის უმართებულობის ჩვენების შემდეგ შეიძლება იგი ჩავარდეს მეტად მძიმე მდგომარეობაში.

ეს ზოგადად, ახლა კი კონკრეტულად.

ისმის კითხვა: თავზე წყლის სამგზისი გადასხმით ნათლობა არის თუ არა ნათლობის ნაცვლად შებილწვა?

ამ კითხვაზე, აქვე შეგვიძლია გავცეთ ერთმნიშვნელოვანი პასუხი: არ არის შებილწვა. ამას ადასტურებს სწორედ ძველბერძნული მართლმადიდებლობა და მათ შორის თავად სჯულისკანონი. ვფიქრობთ, დაგვეთანხმება ბ-ნი ზ. ნარმანია, რომ შებილწვა არის სწორედ ძველბერძნული მართლმადიდებლობისა და სჯულისკანონის მიერ შეწყნარებული წესის ბილწებად გამოცხადება. ქვემოთ აღნიშნულ საკითხს შევეხებით, შეძლებისამებრ, დაწვრილებით, უპირველესად კი კვლავ გავიმეორებთ, რომ ყოველივე ის, რაც ჩვენს მიერ იქნება თქმული, ოდნავადაც არ არის გამიზნული საპოლემიკოდ. წინამდებარე სტატიის ერთადერთი სურვილია, რამდენადაც შეგვიძია, ხელი შევუწყოთ ზოგი ბუნდოვანი საკითხის გარკვევას.

ნათლობის წესი პირველი საუკუნიდანვე ორი სახისა იყო: (1) წყალში სამგზის ჩაძირვით და (2) თავზე წყლის სამგზის გადასხმით. ვიდრე ამ ორი წესის მართებულობის შესახებ დაწვრილებით ვისაუბრებდეთ, პასუხი უნდა გავცეთ სავარაუდო შეკითხვას: ნათლობის საიდუმლო არის ერთი და როგორ შეიძლება რომ ორგვარად სრულდებოდეს იგი?

ვფიქრობთ ეს საკითხი განმარტებას მოითხოვს, რადგანაც ძველმართლმადიდებელთა აზრით საეკლესიო წესი უნდა იყოს ერთსახოვანი არა მარტო არსით, არამედ ფორმობრივადაც. მაგალითად, პირჯვრის წერის ორი ტრადიციის (ორი თითით და სამი თითით) შესახებ მ. ჩახავა წერს: ”თუკი ამ სამი თითით პირჯვრის წერის შემომტანი ნიკონი მართალია, მაშინ ცრუნი ყოფილან ამ შვიდი საუკუნის მანძილზე ორი თითით პირჯვრის გადამსახველი რუსი მართლმადიდებელი წმინდანები” (გვ. 35). პირჯვრის წერის საკითხს ქვემოთ დაწვრილებით შევეხებით, ამჯერად კი აღვნიშნავთ: მოტანილი სიტყვების საფუძველზე ცხადია, რომ ბ-ნ მ. ჩახავას აზრით ერთი შინაარსი ერთი ფორმით უნდა გადმოიცემოდეს. სხვაგან იგი უშეღავათო კატეგორიულობით ამბობს: ”ორი ერთნაირი სწავლების განსხვავებანი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ორი სხვადასხვა სწავლების განსხვავებანი” (გვ. 23).

ორი სხვადასხვა სწავლება მათ არსობრივ სხვაობას ნიშნავს, ხოლო ორი ერთნაირი სწავლება არსობრივად სრულად ერთი, ფორმით კი შეიძლება მეტნაკლებად სხვადასხვა იყოს და ეს ოდენ ფორმობრივი სხვაობა ძველი წესის გარეგნული მხარის ან გარკვეულ გართულებას, ან გარკვეულ გამარტივებას გულისხმობს, ხოლო გარეგნულად გართულებული თუ გამარტივებული წესი არსობრივად იმავე ძალისა იქნება, თუკი მას შეიწყნარებს წმიდა მამები და სჯულისკანონი. ზ. ნარმანია სავსებით სამართლიანად ფიქრობს, რომ ერთი კანონის ფორმობრივი შეცვლა ჭეშმარიტია მხოლოდ მაშინ, თუკი ეს შეცვლა შეწყნარებულ იქნა წმიდა მამათა და შვიდი საეკლესიო კრების მიერ, მაგრამ მართებული არ გვეჩვენება მისი შემდეგი აზრი: ”მკითხველის გასარკვევად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ცვლილებები კანონების გამკაცრებაში გამოიხატა” (”ღვთიური გზა”, 2, გვ. 10). ეს აზრი მართებული არ არის, რადგანაც მოციქულთა დროიდან VII საეკლესიო კრების ჩათვლით ზოგი კანონი გამკაცრდა, მაგრამ გაცილებით მეტი შემსუბუქდა. მაგალითად დიდი რჯულმდებელი, წმ. იოანე მმარხველი ღმერთშემოსილ მამათა შესახებ გვაუწყებს: ”ამათ წმიდათა მამათა და შემდგომითი-შემდგომად მრავალთა ღმერთშემოსილთა ყოველთა მათ ცოდვათა ბუნებითთა და ბუნებისა გარეშეთათის ფრიად აღასუბუქეს და შეამოკლნეს კანონნი” (იხ. მცირე სჯულისკანონი, თბ., 1973, გვ. 99).

ამასვე ადასტურებს დიდი მამა ექვთიმე ათონელი, რომელიც გვაუწყებს: ”უწყებულ იყავნს, ვითარმედ ესე ნეტარი იოანე მმარხველი უკანაჲსკნელ იყო უფროჲს ყოველთა მათ, რომელთა რჩულისკანონისა წესნი აღწერნეს და მეექსუსისაცა კრებისა შემდგომად იყო მრავლითა ჟამითა კეთილი მღდელთმოძღუარი… უძლურებისათჳს ნათესავისა ამის ჩუენისა წყალობით ფრიად სუბუქად განაწესნა კანონნი შეცოდებულთანი უფროჲს სხუათა მამათა” (იქვე, გვ. 86).

იგივე მამა ბასილი დიდის შესახებ გვაუწყებს: ”[ღმერთმა] აღადგინა მნათობნი ეკლესიისანი წმიდანი მღდელთმოძღუარნი და შორის მათსა, ვითარცა ვარსკულავი ბრწყინვალე, წმიდაჲ და ნეტარი ბასილი კესარიელ-მთავარეპისკოპოსი და უბრძანა მას კუალად აღწერაჲ კანონთაჲ მათ წყალობით, რომელმან-იგი კანონნი წმიდათა მოციქულთანი განაზოგნა (ე.ი. გაანახევრა, ე.ჭ.) და ფრიადი ნუგეშინისცემაჲ მისცა შეცოდებულთა” (იქვე, გვ. 89).

თავად წმ. ბასილი ამბობს: ”რომელი-იგი რწმუნებულ იყოს კაცთმოყუარისა ღმრთისა მიერ წინამძღურობად და შეკრვად და განჴსხად, უკუეთუ მიხედნეს ფრიადსა მას ლმობიერებასა შეცოდებულისასა და შეამოკლოს ჟამი იგი კანონისაჲ, არა საბრალობელ არს იგი” (იქვე, გვ. 116).

ამიტომ წერდა წმ. იოანე მმარხველი: ”ესე არიან მსუბუქნი და შემოკლებულნი წესნი და კანონნი მონანულთანი, ჩემ მიერ განწესებულნი” (იქვე).

აი, წმ. ექვთიმე ათონელის რჯულდებითი სიტყვები: ”ფრიად მძიმე იყვნეს განწესებულნი კანონნი პირველ წმიდათა მოციქულთა მიერ და წმიდათა კრებათა, და წმიდამან მამამან ჩუენმან ბასილი, იხილა რაჲ უძლურებაჲ კაცთა ნათესავისაჲ, ფრიად აღასუბუქა და შემდგომად ამისა ნეტარმან იოანე მმარხველმან” (იხ. კ. კეკელიძე, ეტიუდები, XIII, თბ., 1974, გვ. 22).

ყოველივე ზემოთქმული უთუოდ ცხადყოფს, რომ თავდაპირველად სამოციქულო და წმიდა კრებათა კანონები მოგვიანო დროის წმიდა მამათა მიერ წმ. იოანე მმარხველის ჩათვლით არათუ მკაცრდებოდა, არამედ პირიქით, ”ფრიად მსუბუქდებოდა” და მოკლდებოდა, რომ მათ ზიანი კი არ მოეტანათ, არამედ სარგებელი.

ზ. ნარმანია შემდეგ დასძენს: ”აქვე უნდა ითქვას, რომ ამ კრებების შიგნით მომხდარი ცვლილებები არასოდეს შეხებიან წეს-ჩვეულებათა შესახებ სამოციქულო გადმოცემას, გარდა ლიტურგიისა, რომელიც იოანე ოქროპირმა ოდნავ შეამცირა” (”ღვთიური გზა”, 2, გვ. 10).

ვფიქრობთ, არც ეს არის მართებული. ჯერ ერთი, თვით ის ფაქტი, რომ ლიტურგიას ცვლილება შეეხო, უკვე ნიშნავს, რომ წმიდა მამებსა და საეკლესიო კრებებს ხელეწიფებოდათ პრაქტიკული მოთხოვნილებით შეხებოდნენ წეს-ჩვეულებებს, შეეცვალათ ისინი ფორმობრივად. წეს-ჩვეულებათა შორის უზენაესია და უსაიდუმლოესია სწორედ ლიტურგია ანუ ჟამისწირვა და თუკი იგი შეცვალეს, ცხადია, შეეძლოთ ყველა სხვა სახის წესის ფორმობრივი შეცვლაც.

აქვე უნდა განვმარტოთ, თუ რას ნიშნავს ”შეცვლა”. როცა წმიდა მამათა თანახმად ესა თუ ის წესი გარეგნულად იცვლება (წესის არსს ეს ცვლილება არ შეიძლება ოდანავადაც შეეხოს), ამგვარი შეცვლა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს თავდაპირველის უარყოფას[1]. წესის ფორმობრივ შეცვლას განაპირობებს პრაქტიკაში მისი გამოყენება. როდესაც რომელიმე წესი და კანონი თავისი გარეგნული სახით არ ეგუება ამა თუ იმ ეპოქის პრაქტიკას და სარგებლის ნაცვლად ზიანი მოაქვს, ეს წესი და კანონი წმიდა მამათა მიერ ფორმობრივად იცვლებოდა, რომ ჯეროვნად სულისმარგებელი გამოხატულება შეიძინოს მან (ცხადია, აქ არ იგულისხმება მეტისმეტი და უჯერო შემსუბუქება თუ გართულება თავდაპირველი წესისა).

რაც შეეხება ლიტურგიის ისტორიის ასე მარტივად დასახვას (თითქოს იგი ”ოდნავ შეამცირა” იოანე ოქროპირმა და თითქოს სხვა არაფერი მომხდარა), ჩვენი აზრით, ესეც დიდად შორსაა ჭეშმარიტებისაგან.

ამჯერად, ცხადია, საშუალება არა გვაქვს ვისაუბროთ ქრისტიანული ლიტურგიის უაღრესად რთულ და მეტად საინტერესო ისტორიაზე, სქემატურად და მოკლედ აღვნიშნავთ მხოლოდ შემდეგს:

ჟამისწირვის წესი ფორმობრივად არაერთსახოვანი იყო თვით მოცქიულთა დროს. სამოციქულო ხანაში არსებობდა არსობრივად ერთი ლიტურგიის ორი სახესხვაობა: წმ. იაკობისა და წმ. პეტრესი. ორივე ეს ლიტურგია მისაწვდომია მკითხველისათვის და ყველას შეუძლია დარწმუნდეს, თუ რაოდენ დიდია მათ შორის ფორმობრივი სხვაობ.[2]

მოგვიანო ხანაში, IV ს-ში წმიდა ბასილი დიდმა დაწერა ახალი ლიტურგია, ე.ი. მარტოდენ უბრალოდ კი არ შეამოკლა ძველი, არამედ გარეგნულად (მაგრამ არა არსობრივად) ახლებური ლიტურგია მოგვცა. ამიტომაა, რომ წმ. ბასილის ჟამისწირვასთან დაკავშირებით ითქმის არა ”შემოკლება”, არამედ ”დაწერა” (ძველი ქართულით ”აღწერა”). მაგალითად: ”ბასილი კესარიელ-მთავარეპისკოპოსმან, რომლისა დიდებაჲ და ქებაჲ ყოველსა სოფელსა განეფინა, აღწერა წმიდაჲ ჟამისწირვაჲ” (მცირე რჯულისკანონი, გვ. 47).

კიდევ უფრო გვიან ახალი ლიტურგია ”გამოთქვა” წმ. იოანე ოქროპირმა. ვისაც ნამდვილად აინტერესებს ჟამისწირვის ფორმობრივი ცვალებადობის გარკვევა, შეუძლია ერთმანეთს შეადაროს წმ. იაკობ მოციქულისა და წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიები. წმ. იაკობის ლიტურგია თავის დროზე გამოსცა კ. კეკელიძემ ნუსხურად (იხ. მისი Древне Грузинский Архиерам. 1912), ხოლო იგივე ტექსტი მხედრული ანბანით გამოქვეყნებულია საეკლესიო კალენდარში (თბ. 1977). რაც შეეხება წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიის ძველ ქართულ თარგმანს, დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს იგი ხელნაწერ H-1661 (გადაწერილია 1156 წ.), ანდა გამოცემა (იხ: Le Museon, 1964, LXXVII, 1-2, gv. 85-119). გაუთვითცნობეირებელი მკითხველიც კი ადვილად მიხვდება, რომ ამ ორ ლიტურგიას შორის მეტად დიდი ფორმობრივი სხვაობაა.

საქართველოში თავდაპირველად წმ. იაკობისა და წმ. პეტრეს ლიტურგიები იყო გავრცელებული, მოგვიანებით კი დამკვიდრდა წმ. ბასილისა და წმ. იოანეს ლიტურგიები. როგორც ჩანს, ძველადაც ზოგს გასჩენია ეჭვი იმისა, შეიძლება თუ არა, რომ ერთი ლიტურგია ფორმობრივად მნიშვნელოვნად სხვაობდეს ერთმანეთისაგან. საქართველოდან შეკითხვაც გაუგზავნიათ წმ. ექვთიმე ათონელისათვის:

”კითხვაჲ: რაჲ არს იაკობის ჟამისწირვაჲ, ჭეშმარიტ არს, ანუ თუ არა?”

აი, ექვთიმეს პასუხი:

”წმიდისა იაკობის ჟამისწირვაჲ უეჭველად ჭეშმარიტი არს და პირველად იგი იყო ეკლესიათა შინა საბერძნეთისათა, ხოლო ოდეს წმიდამან ბასილი და ნეტარმან იოანე ოქროპირმან ჟამისწირვანი გამოთქუნეს, სიმოკლისათვის ერმან იგი აღირჩია და წმიდისა იაკობისი მივიწყდა. და აწ ყოველნი ოქროპირსა სწირვენ და დიდთა მარხვათა შინა ბასილისსა. და ოდესცა ვის უნდეს, ყოვლადვე კეთილს არს იაკობისცა, პეტრესიცა, ბასილისა და ოქროპირისა” (ქართული სამართლის ძეგლები, III, თბ., 1970, გვ. 15).

ამგვარად, საეკლესიო წესთაგან უზენაესმა, ლიტურგიამ, განიცადა დიდი ფორმობრივი ცვლილება წმიდა მამათა მიერ, კერძოდ, იმდენად დიდი, რომ ამ უკანასკნელთა ხელიდან გამოსული ლიტურგიები ძველი სამოციქულო ლიტურგიების ”ოდნავ შემოკლებას” კი არ წარმოადგენდა, არამედ ლიტურგიის ”აღწერას”, ლიტურგიის ”გამოთქმას” ანუ ფორმობრივად ახალი ტექსტის შედგენას. კვლავ გავიმეორებთ, რომ ამის შემოწმება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მკითხველს, რადგანაც ზემოხსენებული ლიტურგიები ხელმისაწვდომია უძველეს ხელნაწერებში და გამოცემებშიც, როგორც ბერძნულად, ასევე ძველქართულად.

ზემოთქმულის შემდეგ დავუბრუნდეთ ნათლისღებას. როგორც აღვნიშნეთ, იგი პირველი საუკუნიდანვე ორი სახისა იყო: სამგზის ჩაძირვით და სამგზის გადასხმით. ვთქვით ისიც, რომ სამგზის დასხმით ნათლობა არის არა შებილწვა, არამედ მართებული ნათლისღება. საიდან ჩანს ეს?

ნათლობის ზემოაღნიშნულ ორ სახეს შორის არის მხოლოდ ფორმობრივი სხვაობა და არავითარ შემთხვევაში არსობრივი. უფრო ზუსტად, სამგზის ჩაძირვის ნაცვლად სამგზის დასხმა არის თავდაპირველი წესის ფორმობრივი გამარტივება პრაქტიკული მოთხოვნილებებით. ვიდრე ამ საკითხის თეოლოგიურ მხარეს შევეხებოდეთ, უპირველესად ის უნდა ვაჩვენოთ, თუ რა ადასტურებს სამგზის დასხმით აღსრულებული ნათლობის მართებულობას:

აქ კვლავ წამოიჭრება ”დიდაქეს” საკითხი, რომელიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მეტად არაკომპეტენტურად იყო განხილული ნათლობასთან დაკავშირებით აღძრული დისკუსიის ჟამს. ვფიქრობთ, ნამდვილად გვევალება ამ მხრივ განმარტების მოწოდება, რადგანაც ხსენებული ძეგლი სწორედ ჩვენი თარგმანით მიიღო ქართველმა მკითხველმა (იხ. ”ჯვარი ვაზისა”, 1988, №3).

თავს ნებას მივცემთ, მოვიტანოთ ზ. ნარმანიას სიტყვები ამ ძეგლის შესახებ: ”სიცრუეა, არავითარი კანონიკური ტექსტი ასეთი გამონაკლისის შესახებ არ არსებობს. ერთადერთი საბუთი, რომლითაც ოპონენტი ცდილობს თავზე წყლის დასხმით მონათვლის სატანურ პრაქტიკას თუნდაც რაიმე გამართლება მისცეს, წმინდა წყლის ფალსიფიკაციაა. დიდ რჯულისკანონში ჩამოთვლილია კანონიკური წიგნები, რომლითაც ხელმძღვანელობს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. რაც შეეხება ე.წ. ”დიდაქეს”, რომელიც არჩილ მინდიაშვილს ჰგონია, რომ უკანონობის საბუთად გამოდგება, კანონიკური ძეგლი არ არის. იგი არ მოიხსენიება რჯულისკანონში. მის შესახებ არ მოიპოვება არავითარი ცნობები კანონიკურ წიგნებში. ”დიდაქე” აღმოჩენილ იქნა 1873 წელს და მისი ქართული თარგმანი შესრულებულია (კათოლიკურ პარიზში) უახლესი კრიტიკული გამოცემიდან. ”დიდაქეს” აღნიშნული ვერსიის სიძველე ეჭვის ქვეშ დააყენა მეცნიერებამ: ”აღნიშნულ ძეგლს შეეხო კ. კეკელიძეც, რომლის აზრითაც საქმე უნდა გვქონდეს უახლეს საუკუნეებში შესრულებულ თარგმანთან და არა ადრინდელ ვერსიასთან… ამ აზრისაკენ იხრება ი. კვაჭაძე”… (ჯვარი ვაზისა, 1988 წ. №3). ყოველივე ეს აღნიშნულ ძეგლს უნარჩუნებს მხოლოდ მხატვრულ-ლიტერატურულ ღირებულებას და იგი არამც და არამც არ გამოდგება ადამიანის წყლიდან და სულიდან დაბადების უმნიშვნელოვანესი სამოციქულო კანონის შესაცვლელად” (”ღვთიური გზა”, 2, გვ. 7).

როგორც მკითხველი იგრძნობს, ზემორე სიტყვები წარმოთქმულია უდიესი მრისხანებით. ასეთი განწყობილება გამორიცხავს ჭეშმარიტების გარკვევის მცდელობასაც კი. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ ბ-ნ ზ. ნარმანიას სძლიოს ემოციებს და წყნარად მოგვისმინოს.

პირდაპირ უნდა ითქვას (და ამაში დარწმუნდება ნებისმიერი მკითხველი), რომ მთელი ზემორე მსჯელობა აღსავსეა უმძიმესი მეცნიერულ-თეოლოგიური და ისტორიული ცთომილებებით. ჩვენთვის ჭეშმარიტად გულსატკენია, რომ ”დიდაქეს” ჩვენეული თარგმანისადმი წამძღვარებული ჩვენივე მოკლე წინათქმა ასე მცდარად იქნა გაგებული. ქვემოთ პუნქტობრივად შევეხებით ზემორე ციტატის ცთომილებებეს:

1. ზ. ნარმანია წერს: ”დიდაქე” აღმოჩენილ იქნა 1873 წელს და მისი ქართული თარგმანი შესრულებულია (კათოლიკურ პარიზში) უახლესი კრიტიკული გამოცემიდან”.

უახლესი კრიტიკული გამოცემიდან შესრულებულია ჩვენი თარგმანი. რა შუაშია კათოლიკური პარიზი? როგორც ჩანს ზ. ნარმანია გულისხმობს იმას, რომ ეს უახლესი კრიტიკული გამოცემა პარიზში დაისტამბა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ”დიდაქეს” მრავალი გამოცემა არსებობს (პირველად ის საბერძნეთში გამოიცა). ამ გამოცემათა შორის, ცხადია, არ არის არავითარი სხვაობა, რადგანაც თვით ”დიდაქე” სრულად მოღწეულია ერთადერთი უნიკალური ხელნაწერით, რომელიც 1056 წელს მიეკუთვნება. ამ ხელნაწერზე ხელი მიუწვდება ყველას და, შესაბამისად, ყველას ძალუძს შეაფასოს, თუ რაოდენ მართებულია, უპირველესად, თვით ბერძნული ტექსტის გამოცემა, შემდეგ კი ჩვენი თარგმანი. ამას გარდა, მოღწეულია ”დიდაქეს” უძველესი, IV ს-ის ბერძნული ფრაგმენტები. მკითხველს შეუძლია თვით გაარკვიოს, რაოდენ ერთგულად არის გამოცემული ხსენებული ფრაგმენტები.

ეს რაც შეეხება ჩვენს თარგმანს, მაგრამ ზემომოტანილი სიტყვების მთავარი ცთომილება ისაა, რომ ზ. ნარმანიას ერთმანეთში აურევია ”დიდაქეს” ჩვენეული და უფრო ადრინდელი ქართული თარგმანი.

საქმის ვითარება ასეთია: ”დიდაქე” ვთარგმნეთ ქართულად; იქვე აღვნიშნეთ, რომ წინამდებარე თარგმანი პირველი არაა, რომ ჩვენამდე უთარგმნიათ ქართულად ზემორე ძეგლი. ეს პირველი ქართული თარგმანი, რომელიც თავის დროზე გამოსცა გრ. ფერაძემ, ზოგს, კერძოდ, ვინმე ი. ფეიქრიშვილს, ძველ დროში შესრულებული ჰგონია, ზოგს კიდევ (კ. კეკელიძესა და ი. კვაჭაძეს) XIX ს-ისეულად მიაჩნიათ იგი. ვიმეორებთ, აქ საუბარი ეხება არა თავად ”დიდაქეს”, როგორც ბერძნულენოვან ტექსტს, არამედ მის პირველ ქართულ თარგმანს, რომელსაც ზ. ნარმანია აიგივებს ჩვენს თარგმანთან. როდესაც იგი წერს, რომ თარგმანი შესრულებულია ”უახლესი კრიტიკული გამოცემიდან”, უნდა გულისხმობდეს ჩვენს თარგმანს, რადგანაც სწორედ ჩვენი თარგმანია შესრულებული უახლესი კრიტიკული გამოცემიდან. მაგრამ როდესაც იქვე აგრძელებს: ”… აღნიშნული ვერსიის სიძველე ეჭვის ქვეშ დააყენა მეცნიერებამ”, ეს სიტყვები უკვე პირველი (და არა ჩვენეული) ქართული თარგმანის მიმართ შეიძლება ითქვას, რადგანაც სწორედ მისი სიძველე დააყენა ეჭვის ქვეშ ქართულმა მეცნიერებამ.

2. ცთომილება გაცილებით ღრმავდება, როდესაც ზ. ნარმანია ”დიდაქეს” პირველ ქართულ თარგმანს თავად ”დიდაქესთან” აიგივებს. მას მოაქვს ჩვენი სიტყვები იმის შესახებ, რომ ამ ძეგლის სიძველეში ეჭვი შეიტანეს კ. კეკელიძემ და ი. კვაჭაძემ, თუმცა ჩვენ ვგულისხმობდით მხოლოდ იმას, რომ მათ ეჭვი შეიტანეს ”დიდაქეს” პირველი ქართული თარგმანის (და არა საკუთრივ ”დიდაქეს”) სიძველეში. რა კავშირი აქვს ”დიდაქეს” პირველი ქართული თარგმანის სიძველესა თუ სიახლეს თავად ”დიდაქეს”, როგორც ძველბერძნული ძეგლის საკითხთან? ცხადია, არავითარი. შეიძლებოდა ”დიდაქე” საერთოდ არც თარგმნილიყო ქართულად, განა ამით რაიმე დააკლდებოდა ხსენებულ ძეგლს? ზ. ნარმანია რომ ”დიდაქეს” პირველ ქართული თარგმანის სიძველე-სიახლის საკითხს თავად ”დიდაქესთან” აიგივებს, ჩანს უშუალოდ მოდმევნო სიტყვებში: ”ყოველივე ეს აღნიშნულ ძეგლს უნარჩუნებს მხატვრულ-ლიტერატურულ ღირებულებას”. როგორც ვხედავთ, აქ უკვე საკუთრივ ”დიდაქეს” გულისხმობს იგი.

ჩვენთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია სრულიად მარტივი და პოპულარული ენით დაწერილი ”წინათქმიდან” ასეთი უკიდურესად მცდარი აზრების გამოტანა. მეტად სამწუხაროა, თუ ყველაფერი ეს შეგნებულადაა გაკეთებული. ასეა თუ ისე, ერთი რამ სრულიად ცხადია: ზ. ნარმანიას სიტყვებიდან უკლებლივ ყველა მკითხველს გამოაქვს დასკვნა, რომ მეცნიერებამ ეჭვის ქვეშ დააყენა საკუთრივ ”დიდაქეს” (და არა მისი პირველი ქართული თარგმანის) სიძველე. ამით, ალბათ ზ. ნარმანიას აზრით, საბოლოოდ უტყდება სახელი ხსენებულ ძეგლს.

3. თავი დავანებოთ ზემორე აღრევებს და ვიკითხოთ: მართლაც დააყენა თუ არა მეცნიერებამ ეჭვის ქვეშ ”დიდაქეს” უადრესობა? რა თქმა უნდა, არა. ჯერ ერთი, ”დიდაქეს” ტექსტის უძველესი (IV ს-ის) ფრაგმენტებია ცნობილი, მეორეც, აღმოჩნდა სრული ტექსტი, გადაწერილი 1056 წელს, მესამეც, გამოვლინდა, რომ ”დიდაქეს” იცნობდა და იყენებდა ქრისტიანული სამყარო I ს-ის მიწურულიდანვე.

”დიდაქეს” უძველესობაში ეჭვი შეჰქონდათ სწორედ მათ, რომლებისთვისაც არავითარი ფასი არ ჰქონდა ძველბერძნულ წმიდა მამათა და სჯულისკანონის მოწმობებს. მეცნიერული კვლევა სწორედ ამგვარ პირთათვის გამოდგა სასარგებლო, რადგანაც მათ წინაშე ურყევად დაასაბუთა საეკლესიო რწმენა ხსენებული ძეგლის I საუკუნეებში დაწერის შესახებ.

4. რაც შეეხება ”დიდაქეს” მხატვრულ-ლიტერატურულ ღირებულებას”, გვაპატიეთ, მაგრამ ამგვარი შეფასება არის სრული ვერგაგება ხსენებული ძეგლისა. ”დიდაქე” სხვა არა არის რა, თუ არა კატეხიზმო, ლიტურგიკული და ესქატოლოგიური (მეორედ მოსვლის შესახებ) ნაწილებით. იგი ქრისტიანული ჭეშმარიტების შესახებ ამცნებს ახალმოქცეულთ.

5. ახლა უნდა შევეხოთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. შეწყნარებულია თუ არა ”დიდაქე” ძველბერძნულ მართლმადიდებლობასა და დიდი სჯულისკანონის მიერ?

უპირველესად, კვლავ მოვუსმინოთ ზ. ნარმანიას: ”იგი არ მოიხსენიება რჯულისკანონში. მის შესახებ არ მოიპოვება არავითარი ცნობები კანონიკურ წიგნებში”.

ვიდრე რჯულისკანონზე გადავიდოდეთ, ჯერ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ”დიდაქე” დიდად ცნობილი იყო ძველბერძნულ მართლმადიდებლობისათვის უძველესი დროიდანვე, კერძოდ I ს-ის მიწურულიდანვე.

საეკლესიო მამათაგან ”დიდაქს” ერთ-ერთი უადრესი გამოყენება გვაქვს წმ. იუსტინე მარტვილთან (II ს-ის შუა წლები) მის ”პირველ აპოლოგიაში”, შემდეგ წმ. თეოფილე ანტიოქიელთან (II ს-ის II ნახევარი) მის შრომაში ”ავტოლიკესადმი”. განსაკუთრებით საინტერესოა ცნობილი ღვთისმეტყველის კლიმენტი ალექსანდრიელის (II-III სს.) დამოწმება, რადგანაც ეს უკანასკნელი ”დიდაქეს” სახელდებს ”წერილად” ანუ ბიბლიად. აი, ეს ადგილი: ”უსამართლობას სჩადის ის, ვინც ბარბაროსთაგან შეითვისებს რასმე, შემდეგ კი მას თავისეულად გამოაცხადებს, რომ ამ გზით სახელი გაითქვას. ასეთი ვინმე ეცრუება ჭეშმარიტებას და იგი წერილის მიერ იწოდება ”ქურდად” (ou(=toj ”kle/pthj” u(po\ th=j grafh=j ei)/rhtai), რადგანაც ამბობს [წერილი]: ”შვილო ჩემო, ნუ იცრუებ, რადგანაც სიცრუე ქურდობისაკენ მიგიძღვება” (იხ. კლიმენტი ალექსანდრიელი, ხალიჩები, 1,20, 100,4).

”წერილიდან” მოტანილი სიტყვები არის ”დდიაქეს” ზედმწიევნითი ციტირება (იხ. ”დიდაქე”, თავი 3, მუხლი 5). სხვაგან არსად გვხვდება იგი. ეს დამოწმება მნიშვნელოვანია ორი მხრივ: (1) ”დიდაქე” წოდებულია ”წერილად” (ბერძნ. ”გრაფე”), რაც ამ ძეგლის მართებულობას ასაბუთებს, (2) ”დიდაქე” მოხსენიებულია ზოგადად ”წერილად” კონკრეტული სახელდების გარეშე, რაც ცხადყოფს, რომ იგი დიდად ცნობილი იყო ადრექრისტიანულ ეპოქაში. ეს გასაკვირი არაა, რადგანაც იმ დროს ახალმოქცეული ქრისტიანები უპირველესად სწორედ ”დიდაქეს” ეცნობოდნენ.

ჩვენ გვერდს ვუვლით ”დიდაქეს” სხვა ამგვარ დამოწმებებს და აღვნიშნავთ მხოლოდ ყველაზე მთავარს: ეს გახალვთ უწმიდესი მამის, ათანასე ალექსნადრიელის მოწმობა იმის შესახებ, რომ ”დიდაქე” წარმოადგენს პირველდაწყებითი სწავლების შემცველ თხზულებას ანუ კატეხიზმოს. ხსენებული მოწმობა გვხვდება ათანასე ალექსანდრიელის სახელგანთქმულ ”სადღესასწაულო ეპისტოლეში”. კარგად არის ცნობილი, რომ ეს ეპისტოლე რჯულდებითი ხასიათისაა და მასში განსაზღვრულია, ერთი მხრივ, ბიბლიის კანონი, მეორე მხრივ პირველდაწყებითი სწავლების შემცველი ძეგლები, ხოლო მესამე მხრივ მწვალებლური თხზულებები ანუ ერეტიკული აპოკრიფები (ძველი ქართული ”დაფარულნი”).

აღნიშნულ ეპისტოლეში ჯერ ჩამოთვლილია ”ძველი” და ”ახალი” აღთქმის წიგნები, შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი დასძენს (მოგვაქვს არსენ იყალთოელის თარგმანი): ”უმეტესისა უცთომელობისათჳს საჭიროდ ვსაჯე ამისცა შეძინებაჲ, ვითარმედ არიან სხუანიცა წიგნნი თჳნიერ ამათსა არა განკანონებულნი უკუე, ხოლო დაწერილნივე მამათა მიერ საკითხავად მათთჳს, რომლენიც აწღა მოუჴდებოდინ და ენებოს დამოწაფებაჲ კეთილმსახურებისა სიტყჳსაჲ: ”სიბრძნე სოლომონისი” და ”სიბრძნე ზირაქისი” და ”ესთერი” და ”ივდითი” და ”ტოვისი” და ”სწავლად მოციქულთა” წოდებული იგი და რომელსა-იგი ”პიმენი” ჰრქჳან (დიდი სჯულისკანონი, გვ. 471).

რადგანაც აღნიშნული სიტყვები მნიშვნელოვანია, მოგვაქვს ახალქართული თარგმანი: ”უფრო მეტი უცთომელობისათვის საჭიროდ მივიჩნიე იმის დამატებაც, რომ ზემოხსენებულთა გარდა (იგულისხმება ბიბლიის კანონის წიგნები, ე.ჭ.) არის სხვა წიგნებიც, არა განკანონებულნი, რომლებიც, აგრეთვე, მამათა მიერ დაიწერა იმათ მიერ წასაკითხად, რომლებიც ახლახანს შემოდიან და სურვილი აქვთ დაემოწაფონ სიტყვის (ე.ი. ძე ღმრთის, ე.ჭ.) კეთილმსახურებას: ”სიბრძნე სოლომონისი”, ”სიბრძნე ზირაქისა”, ”ესთერი”, ”ივდითი”, ”ტობი”, ”სწავლად მოციქულთა” წოდებული და ”პიმენი”.

მოტანილი ციტატიდან ”სწავლა მოციქულთა” არის სწორედ ”დიდაქე მოციქულთა”. აი შესაბამისი ბერძნული ტექსტი: Didaxh tw=n a)posto/lwn (”დიდახე ტონ აპოსტოლონ”; სიტყვა ”დიდაქე” ძველქართულად ითარგმნებოდა როგორც ”სწავლაჲ). წმიდა მამათა დროიდან ცნობილია, რომ ათანასე ალექსანდრიელმა შეწყნარებულ ძეგლად და მამათა მიერ დაწერილ კატეხიზმოდ შერაცხა ”დიდაქე”.

”დიდაქეს”, როგორც მართებული კატეხიზმოს აღიარება რჯულდებით განამტკიცა ”დიდმა სჯულისკანონმა, რომელმაც ათანასე ალექსანდრიელის სადღესასწაულო ეპისტოლე თავის წიაღში შეიერთა. ზემორე სიტყვები არსენ იყალთოელის თარგმანით ჩვენ სწორედ ”დიდი სჯულისკანონიდან” მოვიტანეთ.

ისმის კითხვა: თუკი ”დიდაქე” მართებული ძეგლია, რატომ არ არის იგი შეტანილი ბიბლიის კანონში? იმიტომ, რომ ”დიდაქე” დაწერილია არა უშუალოდ მოციქულთა, არამედ წმიდა მამათა ხელით, მაგრამ მას მოციქულთა მოძღვრება ეწოდება, რადგანაც ყოველივე ის, რაც ამ ძეგლშია თქმული, წარმოადგენს მოციქულთა სხვადასხვა შეგონებებისა და სწავლებების კრებულს, ე.ი. ეკლესიის მამებს თვით კი არ დაუწერიათ რაიმე თავისი, არამედ მათ მოციქულთა მოძღვრებებიდან და გადმოცემებიდან უცვლელად გამოკრიბეს და ახალმოქცეულთათვის ერთ კრებულად შეადგინეს პირველდაწყებითი სწავლისათვის აუცილებელი შეგონებები და განმარტებები. ასე რომ, ”დიდაქე” წერილობით, სიტყვიერად წმიდა მოციქულთა კალამს ეკუთვნის, ხოლო შედგენილობით, აღნაგობით წმიდა მამებს, რადგანაც ამ უკანასკნელებმა მთელი სამოციქულო გადმოცემიდან გამოკრიბეს და პირველდაწყებით სახელმძღვანელოდ ანუ კატეხიზმოდ ჩამოაყალიბეს ყველაფერი ის, რაც ახალმოქცეულს ესაჭიროება. ეს პირდაპირაა თქმული წმიდა ათანასეს მიერ: ”დაწერილნივე მამათა მიერ საკითხავად მათთჳს, რომელნი აწღა მოუჴდებოდინ და ენებოს დამოწაფებაჲ კეთილად მსახურებისა სიტყჳსაჲ”.

პარალელისათვის შეგვიძია გავიხსენოთ უდიდესი ავტორიტეტის მქონე ძეგლი ”მოციქულთა კანონები”, რომელიც საზოგადოდ საფუძველია ქრისტიანული რჯულდებისა და ამიტომაც, როდესაც მოგვიანებით შედგა კრებული ”დიდი სჯულისკანონი” მის პირველ ძეგლად სწორედ ”მოციქულთა კანონები” შეიტანეს. ამ ძეგლის ჭეშმარიტებას, ცხადია, აღარავინ უარყოფს, მაგრამ არც ის არის შეტანილი ბიბლიის კანონში, რადგანაც ”მოციქულთა კანონების” უშუალო დამწერი არის არა რომელიმე მოციქული, არამედ მათი მოწაფე რომის პაპი წმ. კლიმენტი. ამას, სხვათაშორის, რუის-ურბნისის ძეგლისწერაც გვაუწყებს: ”[მოციქულებმა] დიდისა კლიმენტოჲს მიერ დასხნეს კანონნი საეკლესიონი, რიცხჳთ ოთხმეოცდახუთნი” (დიდი სჯულისკანონი, გვ. 545).

”დიდაქეს” მართებულობას, გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ადასტურებს ის უნიკალური ხელნაწერიც, რომელმაც აღნიშნული ძეგლი სრულად შემოგვინახა. ხელნაწერი გადაწერილია 1056 წლის ივნისში. ესაა ეპოქა, როცა კათოლიკურსა და მართლმადიდებლურ ეკლესიათა შორის სულ ახლახანს მოხდა საბოლოო განხეთქილება და ბერძენი მამები დაუცხრომლად იღწვიან უადრესი საეკლესიო ძეგლების მოსაპოვებლად და შესაკრებად, რომ წყაროთმცოდნეობითად ეპაექრონ მოწინააღმდეგეს. ხელნაწერი შეიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს ძეგლებს, როგორებიცაა, მაგალითად წმ. იოანე ოქროპირის ”შეჯამება ძველი და ახალი აღთქმისა”, მოციქულთა მოწაფის წმ. კლიმენტი რომაელის ორი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, II ს-ის დამდეგის უდიდესი მღვდელმოწამის ეგნატი ღმერთშემოსილის ეპისტოლეები და სხვა.

ხელნაწერის ჭეშმარიტებას ცხადყოფს ისიც, რომ იგი გადაიწერა იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქო ტაძარში და იქვე ინახება დღემდე.

ამჯერად ორიოდე სიტყვით შევეხოთ იმასაც, თუ საიდან შეიქმნა აზრი ”დიდაქეს” არაჭეშმარიტების შესახებ. ეს აზრი პირველად გამოთქმულია კანონიკურ და აპოკრიფულ წიგნთა იმ სიაში, რომელიც უცნობმა ავტორმა სწორედ ათანასე ალექსანდრიელის სახელით გაავრცელა. ძველი დროიდანვე ცხადი გახდა, რომ ეს სია არ არის წმ. ათანასეს დაწერილი. იგი უარყო რჯულისკანონმა და ეს აზრი დაასაბუთა მეცნიერულმა კვლევამაც, რის გამოც ამ სიას ყველა იხსენიებდა და იხსენიებს, როგორც ”ფსევდოს” ანუ ”ცრუს”. თვით ამ ყალბ სიაშიც ”დიდაქე” უარყოფილი კი არაა, უბრალოდ მიჩნეულია ”საკამათოდ” (a)ntilego/menon), ხოლო ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ”საკამათოდ” ანუ, ძველი ქართულით, ”საეჭუელად” სხვადასხვა დროს მიაჩნდათ ისეთი ძეგლიც კი, როგორიცაა ”იოანეს გამოცხადება”. მაგალითად, ეს ძეგლი ბიბლიის კანონიდან გამორიცხა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა. იხ. დიდი სჯულისკანონი, გვ. 521, სადაც დასახელებულია ”ახალი აღთქმის” ყველა კანონიკური წიგნი გარდა ”გამოცხადებისა”, ჩამოთვლის ბოლოს კი აღნიშნულია: ”ამათ თჳნიერ (ე.ი. გარეშე, ე.ჭ.) სხუაჲ არა საკუთარ არს”; ასევე, წმ. ამფილოქე იკონიელი აღნიშნავს: ”და იოანეს გამოცხადებასაცა სხუანი აღრიცხუვენ ამათვე თანა ერთად, ხოლო საეჭუელ ჰყოფენ მას უმრავლესნი” (იხ. ”დიდი სჯულისკანონი”, გვ. 523).

ამგვარად, ”დიდაქეს” მართებულობა ეჭვის ქვეშ დააყენა უცნობი ავტორის მიერ შედგენილმა სიამ კანონიკური და აპოკრიფული წიგნების შესახებ. თუ რა ავტორიტეტისაა ხსენებული სია, ცხადყოფს მისი ფსევდო ხასიათი. ეს ფსევდოობა, ვიმეორებთ, სწორედ სჯულისკანონმა დაადგინა. საქმის ვითარება ასეთი იყო: როდესაც ”სჯულისკანონის” კრებული დგებოდა, მასში, ცხადია, უნდა შეეტანათ წმ. ათანასე ალექსანდრიელის (როგორც უდიდესი მამის) რჯულდებითი შრომა ბიბლიის კანონიკური, შეწყნარებული და აპოკრიფული თხზულებების შესახებ. წმ. ათანასეს ავტორობით ცნობილი იყო ორი ამგვარი ურთიერთგანსხვავებული შრომა: (1) მისი სადღესასწაულო ეპისტოლე და (2) ზემოხსენებული ფსევდო-შრომა. ცხადია, არ შეიძლებოდა, რომ ორივე ამ შრომის ავტორი ერთი პირი ყოფილიყო, რადგანაც მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ”დიდმა სჯულისკანონმა” ჭეშმარიტად შერაცხა პირველი (სადღესასწაულო ეპისტოლე), ხოლო მეორე უკუაგდო. ამ ფსევდო-შრომის ცნობა ”დიდაქეს”, როგორც საკამათო თხზულების შესახებ გადავიდა აპოკრიფულ წიგნთა ზოგ სიაში, რომლებიც, ასევე, არ შეუწყნარებია სჯულისკანონს. საზოგადოდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონიკურ და აპოკრიფულ წიგნთა ისეთი სიებით სარგებლობა, რომლებიც სჯულისკანონში არ შესულა, მეტად საფრთხილოა. მაგალითად, აღვნიშნავთ გელასი პაპის ავტორობით ცნობილ სიას, რომელიც IV ს-ს ეკუთვნის. მასში აპოკრიფთა შორის იხსენიება, სხვათაშორის, ”მოციქულთა კანონები” (Canones Apostolorum), რაც ცხადია, სრულიად უმართებულოა, რადგანაც ეს ძეგლი ”სჯულისკანონის” საფუძველს წარმოადგენს.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი გარემოება, რამაც ხელი შეუწყო ”დიდაქეს” მართებულობაში დაეჭვებას, წმინდა წყლის მექანიკური შეცდომა (უფრო ზუსტად, აღრევა) იყო. ეს აღრევა მომდინარეობს XII ს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსის იოანე ძონარასაგან. შეცდომა გამოიწვია ორი მსგავსი სახელწოდების მქონე ძეგლის ერთმანეთში აღრევამ. ადრექრისტიანულ მწერლობაში გავრცელებული იყო კლიმენტი რომაელის ავტორობით რვა წიგნად ცნობილი ვეებერთელა თხზულება ”მოცქიულთა განწესებანი” (ბერძნ. ”დიატაქსაი ტონ აპოსტოლონ” – Dia/tacai tw=n a)posto/lwn. ლათ. Conatitutiones apostolonum. რუს. Апостольские постановления). ეს ძეგლი იხსენიება მოციქულთა 85-ე კანონში, სადაც იგი შერაცხილია უღრმესი მნიშვნელობის მქონე ძეგლად და შეტანილია ”ახალი აღთქმის” კანონში. აი, შესაბამისი ადგილი 85-ე კანონისა: ”ხოლო ჩუენნი, ესე იგი არს, ახლისა აღთქუმისანი, – სახარებანი ოთხნი: მათესი, მარკოზისი, ლუკაჲსი და იოანესი, პავლეს ეპისტოლენი ათოთხმეტნი, პეტრეს ეპისტოლენი ორნი, იოანესნი – სამნი, იაკობისი ერთი, იუდაჲსი – ერთი, კლიმენტოჲს ეპისტოლენი ორნი და ”განწესებანი” (ბერძნ. Dia/tacai) თქუენ ეპისკოპოსთანი ჩემ კლიმენტოჲს მიერ რვათა წიგნთა შინა აღწერილნი, რომელთაჲ არა ჯერ-არს ყოველთა შორის საანჯმნო-ყოფაჲ მათ შორის მყოფთათჳს საიდუმლოთა და ”საქმენი” ჩუენ მოციქულთანი” (იხ. სჯულისკანონი, გვ. 226).

ეს უზარმაზარი ძეგლი, რომელიც კლიმენტი რომაელს (I ს-ის II ნახევარი) დაუწერია, შემდეგში უცნობ პირებს რაღაც ახალი მასალით შეუვსიათ და ამ გზით დაუმახინჯებიათ, რის გამოც მეექვსე საეკლესიო კრების მეორე კანონმა უარყო იგი: ”ხოლო ვინაჲთგან ამათ კანონთა შინა (იგულისხმება ”მოციქულთა კანონები”, ე.ჭ.) მცნებულ არს ჩუენდა, რაჲთა შევიწყნარნე მათვე წმიდათა მოციქულთანი კლიმენტოსის მიერნი ”განწესებანი”, რომელთა თანა ძუელ სადმე სხუაჲ მადიდებელთა მწვალებელთა მიერ განსარყუნელად ეკლესიისა მორყუნილნი რაჲმე და უცხონი კეთილად მსახურებისანი დაერთნეს სიტყუანი კეთილსა შუენიერებასა საღმრთოთა სჯულთასა დამაბნელებელად, სამართლად განყრასა ვჰყოფთ ეგევითართა მათ ”განწესებათასა” (დიდი სჯულისკანონი, გვ. 372).

ზემოხსენებული ბიზანტიელი ისტორიკოსის იოანე ძონარას ცნობით, ზოგიერთებმა, რომლებისთვისაც უცნობი იყო თხზულება ”დიდაქე მოციქულთა”, წმ. ათანასე ალექსანდრიელის სადღესასწაულო ეპისტოლეში დამოწმებული ეს ძეგლი გააიგივეს მსგავსი სახელწოდების მქონე ”მოციქულთა განწესებანთან”. აი, რას გვაუწყებს ძონარა: ”ამბობენ, რომ ”მოციქულთა დიდაქედ” სახელდებული თხზულება არის კლიმენტის მიერ დაწერილი ”მოციქულთა განწესებანი” (მოგვაქვს ბერძნულადაც: didaxh\n kaloume/nhn tw=n a)posto/lwn le/gousin ei)=nai ta\j dia\ tou= Klh/mentoj suggrafei/saj tw=n a)posto/lwn diata/ceij; PG. 138, col. 564 c. შდრ. რუს. თარგ. ”об учении Апостолов никоторые говорят, что это ”Постанавления Апостолов” собранныя Климентом”).

როგორც აღვნიშნეთ, ”მოციქულთა განწესებანი” არის ”დიდაქესაგან” სრულიად განსხვავებული ძეგლი. იგი მოცულობითაც უზარმაზარია და რაც განსაკუთრებით საინტერესოა, თვითვე შეიცავს ”დიდაქეს” მნიშვნელოვან ნაწილს. ძონარას კომენტარიდან მომდინარე აღრევა გადავიდა XIV ს-ის ისტორიკოსთან მათეუს ბლასტართან (იხ. პგ. 144, სვ. 1142), შემდეგ კი XVIII-XIX სს-ის მეცნიერულ სამყაროში, როდესაც მეცნიერებისათვის ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ”დიდაქე”. ბლასტარის ცნობა შეწყნარებული იყო, მაგალითად, ბენეშევიჩის მიერ. როდესაც ”დიდაქეს” სრული ტექსტი გამოვლინდა, მაშინვე გაირკვა შეცდომა და, გამოიცა რა ”მოციქულთა განწესებანი”, ძეგლის კომენტარებში საგანგებოდა აღინიშნა, რომ XIV ს-ის ბიზანტიელმა ისტორიკოსმა მათეუს ბლასტარმა ერთმანეთში აურია ”მოციქულთა განწესებანი” და ”მოციქულთა დიდაქე” (იხ. Didascalia et Constitutiones Apostolonum, ტ. 2, დანართი, ”ძველი მოწმობანი”, გვ. 1).

ჩვენ არა გვაქვს საშუალება უფრო განვავრცოთ მსჯელობა ისეთ უაღრესად საინტერესო საკითხზე, რაც ”დიდაქეს” ისტორიულ-თეოლოგიურ შესწავლას გულისხმობს. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ დასკვნის სახით აღვნიშნავთ:

ზემოგანხილული ძეგლი ”დიდაქე მოციქულთა” (ძველი ქართულით ”სწავლაჲ მოციქულთაჲ”) იყო დიდად ცნობილი თხზულება ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში I-X სს-ში, რომლითაც სარგებლობდა მრავალი წმიდა მამა, რომელიც შეწყნარებულ ძეგლად აღიარა წმ. ათანასე ალექსანდრიელმა და რომელიც მამათა მიერ დაწერილ მართებულ კატეხიზმოდ შერაცხა ”დიდმა სჯულისკანონმა”.

აქ კვლავ გავიხსენოთ ბ-ნ ზ. ნარმანიას ზემომოტანილი სიტყვები ”დიდაქეს” შესახებ: ”იგი არ მოიხსენიება რჯულისკანონში. მის შესახებ არ მოიპოვება არავითარი ცნობები კანონიკურ წიგნებში”.

ბ-ნო ზურაბ, თავად განსაჯეთ, რამდენად შეეფერება თქვენი სიტყვები სიმართლეს, ჩვენ კი გვაქვს ასეთი შეკითხვა: არის კი გამართლებული წმიდა მამათა მიერ ნასარგებლევ, წმ. ათანასე ალექსანდრიელის მიერ მიღებულ და ”დიდი სჯულისკანონის” მიერ შეწყნარებულ ძეგლში წარმოდგენილი წესის ’შებილწვად” და ”სატანურ პრაქტიკად” გამოცხადება?

ძველბერძნული მართლმადიდებლობის მიერ აგრერიგად პატივდებული ძეგლის არაჭეშმარიტად შერაცხვა განსაკუთრებით გასაკვირია სწორედ ბ-ნ ზურაბ ნარმანიასგან, რომელიც იწყნარებს ძველბერძნული ეკლეიის მიერ უარყოფილ ერთ წიგნს და მკითხველს ”წმიდა წერილად” წარმოუდგენს მას. მოგვაქვს ბ-ნ ზ. ნარმანიას სიტყვები: ”ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად საუკუნე აპოკალიფსის წრეში შედის. კაცობრიობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატაკლიზმის პირს დგას. დღე და საათი ადამიანთაგან არავინ უწყის, მაგრამ წმინდა წერილი (ხაზი ჩვენია, ე.ჭ.) როგორც ისტორიული, ასევე მისტიკური თვალსაზრისით მიგვანიშნებს, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ დრო, რომელშიაც ვცხოვრობთ: ”ზომავ რა დროს, გაზომე იგი შენს თავში, და როცა ნახავ, რომ ჩავლილია ნაწინაწარმეტყველებ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი” (3 ეზრა, 9,1).

როგორც ვხედავთ, ბ-ნი ზ. ნარმანია ჩვენი საუკუნის აპოკალიფსურობას ”წმინდა წერილის” სიტყვებით გვიმტკიცებს, მაგრამ პირდაპირ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სიტყვები წმინდა წერილს არ ეკუთვნის. ფრჩხილებში მითითებული ”3 ეზრა” წარმოადგენს აპოკრიფოლოგიაში კარგად ცნობილ ძეგლს სათაურით ”ეზრას აპოკალიფსი”, რომელსაც უძველეს ქართულ თარგმანში ეწოდება ”წიგნი ეზრა სუთიელისა”.

ეს ძეგლი ძველბერძენ წმიდა მამებს არასოდეს შეურაცხიათ საღვთო წერილად. არცერთი ძველბერძენი წმიდა მამა არ ახსენებს ამ წიგნს. რაც შეეხება ძველქართულ მწერლობას, აქ მოგვეპოვება ხსენებული ძეგლის ეფრემ მცირისეული მეტად მნიშვნელოვანი შეფასება. რუის-ურბნისის კრების მიერ ”საუკუნო ნეტარების მკვიდრად” შერაცხილი ეფრემი ასე მიმართავს მკითხველს: ”რაჟამს ეზრაჲ ”პირველი” და ”მეორე” გესმნეს, უწყოდი, ვითარმედ მისვე ერთისა ეზრა ზორობაბელის წიგნთა იტყჳს პირველად და მეორედ, – პირველსა და მეორესა თავსა, ხოლო სხუაჲ იგი ეზრაჲ სუთიელი (ესაა იგივე მესამე ეზრა, ე.ჭ.), რომელ ქართულად არს, არავისგან აღრაცხილ არს წიგნთა თანა და არცა საჩინოდ იპოების ბერძენთა თანა, ვინაჲცა ნუუკუე დაფარულთაგანი არს და არა საეკლესიოჲ, ამისთჳსცა მრავალთა წმიდათა ესრე სახედვე აღურიცხუვან წიგნნი და არცა ერთ აჴსენებს სახელსა მისსა” (იხ. ხელნ. A 24, გამოცემა ანდერძისა. იხ. ც. ქურციკიძე, ძველი აღთქმის აპოკრიფების ქართული ვერსიები, II, თბ., 1973, გვ. 23-24).

მოგვაქვს ეფრემ მცირის აღნიშნული სიტყვების ახალქართული თარგმანი: ”როდესაც ეზრა ”პირველს” და ”მეორეს” გაიგონებ, იცოდე, რომ ერთიდაიმავე ეზრა ზორობაბელის წიგნები ითქმის ”პირველად” და ”მეორედ”, როგორც ”პირველი” და ”მეორე” თავი, ხოლო ის სხვა ეზრა სუთიელი, რომელიც ქართულად არის, არავის აღურიცხავს წიგნებში და ბერძნებში იგი არც ჩანს, ვინაიდან, ალბათ, დაფარულთაგანია ეს წიგნი და არა საეკლესიო, ამიტომ თუმცა მრავალ წმინდანს აღურიცხავს წიგნები (იგულისხმება ბიბლიური წიგნები, ე.ჭ.), ერთიც კი არ ახსენებს მის სახელს”.

ამგვარად, ეფრემ მცირის მოწმობით, მესამე ეზრა ანუ ”წიგნი ეზრა სუთიელი” უცნობია ძველბერძნული მართლმადიდებლობისათვის, არასაეკლესიოა, ”დაფარულთაგანია” და არავინ ახსენებს მის სახელს.

თუ რას ნიშნავს ”დაფარული”, ეს სრულიად ცხადია წმ. ათანასე ალექსანდრიელის შემდეგი სიტყვებიდან (არსენ იყალთოელის თარგმანი): ”არამედ, საყუარელნო, არცა მათ განკანონებულთა და არცა ამათ განუკანონებელთა საკითხავთა შორის იპოვების საჴსენებელი დაფარულთაჲ, არამედ იგინი მწვალებელთანი არიან მოპოვნებულნი, რომელნი წერენ უკუე მათ, ოდესცა ენებოს, ხოლო მისცემენ და შეჰმატებენ მათ ჟამთა, რაოდენნიცა სთნდეს, რაჲთა ვითარცა ძუელთა რათმე სარწმუნო-ჰყოფენ მათ და მიზეზად აქუნდეს ესე მათ მიერ ცთუნებისა წრფელთაჲსა”. (იხ. დიდი სჯულისკანონი, გვ. 471). ახალქართულად ეს სიტყვები ასე იქნება: ”მაგრამ, საყვარელნო, არც კანონიკურ, არც არაკანონიკურ საკითხავთა შორის არ იხსენიება ”დაფარულნი”, არამედ ისინი მწვალებლების მიერ არის შემოტანილი, რადგანაც სწერენ ამგვარ წიგნებს, როცა კი ისურვებენ, ხოლო მისცემენ და დაუმატებენ მათ იმდენ ხნოვანებას, რამდენიც უნდათ, რომ ამ გზით ირწმუნონ ამ წიგნებისა, როგორც ძველებისა და აცთუნონ წრფელნი”.

ბიბლიის ზოგადი შედგენილობა ორნაწილედია: კანონიკური ანუ ძველქართულით ”განკანონებული” (იგივე ”დაბეჭდული) და არაკანონიკური ანუ ძველი ქართულით ”განუკანონებელი” (იგივე ”დაუბეჭდველი”). წმ. ათანასე ალექსანდრიელის და სჯულისკანონის მოწმობით (წმ. ათანასეს ზემორე სიტყვები შეტანილია სჯულისკანონში) ”დაფარული” წიგნები არც კანონიკურია, არც არაკანონიკური, არამედ შექმნილია მწვალებელთა მიერ წრფელ ადამიანთა საცთუნებლად. სწორედ ”დაფარულ” ანუ ”მწვალებელთაგან მოპოვნებულ” ძეგლად რაცხს რუის-ურბნისის კრების მიერ კურთხეული ეფრემ მცირე ამ ”მესამე ეზრას”, რომელიც ბ-მა ზ. ნარმანიამ ”წმიდა წერილად” მიაწოდა მკითხველს.

ცხადია, ზ. ნარმანია ამ წიგნს სლავურ თარგმანში იცნობს. თუკი ”მესამე ეზრა” არასაეკლესიო აპოკრიფია, საიდან გაჩნდა იგი სლავურში, განა სლავური მართლმადიდებლობა უკომპრომისო დამცველი არაა ძველბერძნულისა? ამ კითხვაზე ასე ვუპასუხბეთ:

სლავურში ამ წიგნს ძველბერძნული მართლმადიდებლობიდან არ შეუღწევია, რადგანაც ძველბერძნულმა მართლმადიდებლობამ თავიდანვე უარყო ხსენებული ძეგლი და არც ერთი წმინდა მამა არ ახსენებს მას. უფრო მეტიც, ბერძნულად საერთოდ არ არის ცნობილი ეს აპოკრიფი. სლავურ ბიბლიაში იგი შევიდა ლათინურიდან. ”მესამე ეზრას” ის ტექსტი, რაც სლავურ ბიბლიაში, ცნობილია მხოლოდ ლათინურად და ლათინურიდანვეა თარგმნილი ყველა ენაზე (რაც შეეხება ამავე ძეგლის მოკლე რედაქციის ძველ ქართულ თარგმანს, იგი ც. ქურციკიძის აზრით უკავშირდება ეთიოპურს ან კოპტურს, ხოლო ნ. მარის, რ. ბლეიკისა და მ. სტოუნის აზრით, ქართულის წყარო სომხურია). ეს საკითხი თვით რუს მკვლევართა მიერ კარგა ხანია გარკვეულია. ამასვე აღნიშნავს ც. ქურციკიძეც: ”ვრცელი რედაქცია ლათინურმა შემოგვინახა. ლათინურიდანაა იგი თარგმნილი ყველა ევროპულ ენაზე, მათ შორის, სლავურსა და სომხურზეც” (ც. ქურციკიძე, დასახ. წიგნი, გვ. 273-274).

ზემოთქმულის შემდეგ ჩვენთვის პირადად ჭეშმარიტად საკვირველია ერთი და იგივე პირის მიერ ძველბერძენ წმიდა მამათ და სჯულისკანონის მიერ შეწყნარებული ძეგლის მრისხანედ უარყოფა და პირიქით, ძველბერძნული და ძველქართული მართლმადიდებლობის მიერ უარყოფილი და მწვალებლურად შერაცხილი ძეგლის ”წმინდა წერილად” დასახვა. დავძენთ, რომ იმავე ”მესამე ეზრადან” ბ-ნ ზ. ნარმანიას არაერთგზის მოაქვს ციტატა, ერთგან კი დასძენს: ”ეზრასადმი ღმერთის მიერ ზემოთ მოტანილ განცხადებაში (იგულისხმება ზემოთ დამოწმებული ციტატა, ე.ჭ.) ვხედავთ, რომ აქ საუბარია ბოლო დროზე” (”ღვთიური გზა, გვ. 13). აშკარაა, რომ ზ. ნარმანია ღრმად ერწმუნება ”მესამე ეზრას” წიგნს. ცხადია, არჩევანის უფლება ყველას აქვს. ჩვენ ”დიდაქეს” დავუჯერებთ, სხვამ ”მესამე ეზრა” შერაცხოს ”წმინდა წერილად”.

ამგვარად, ძველბერძნული მართლმადიდებლობა (I-XI ს-ს) შეწყნარებულ ძეგლად განაწესებს ”დიდაქეს”, მიიჩნევს მას ”მამათა დაწერილად” და პირველ დაწყებით სახელმძღვანელოდ.

აქვე განვმარტავთ კიდევ ერთ საკითხს, რაც ასევე გაუგებრობის შედეგია: ”დიდაქეს” ჩვენეული თარგმანის წინასიტყვაობაში ვწერდით: ”დიდაქე” შემოგვინახა ერთ-ერთმა ხელანწერმა, რომელიც 1873 წ-ს აღმოაჩინა მიტროპოლიტმა ფილოთეოს ბრიენნიოსმა (”ჯვარი ვაზისა”, 1988, 3, გვ. 31). ჩვენი ეს შენიშვნა ზ. ნარმანიას და მ. ჩახავას ისე გაუგიათ, თითქოს 1873 წლამდე არავინ იცოდა ”დიდა’ეს” არსებობა, თუმცა ჩვენ ვგულისხმობდით მხოლოდ იმას, რომ ”დიდაქეს” არ იცნობდა მარტოდენ მეცნიერული სამყარო. ეს ძეგლი გავრცელებული და ცნობილი იყო მართლმადიდებლობაში XI ს-ის ჩათვლით. როდესაც ქრისტიანობის მეცნიერული კვლევა დაიწყო (ძირითადად XVIII ს-დან) ფილოლოგ-ტექსტოლოგებისათვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ხსენებული ძეგლი. სწორედ მათთვის არის აღმოჩენა ”დიდაქეს” ხელნაწერის გამოვლენა და, ცხადია, არა ძველბერძნული მართლმადიდებლობისათვის, რომელიც დიდად იცნობდა კიდეც და იყენებდა ამ ძეგლს. ასევე XIX ს-ში აღმოჩნდა, მაგალითად წმ. იპოლიტე რომაელის სახელგანთქმული თხზულება ”წვალებათა წინააღმდეგ”, მაგრამ განა ეს ნიშნავს იმას, რომ ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში უცნობი იყო ხსენებული ძეგლი?

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მკითხველმა განსაჯოს, რამდენად შეეფერება სიმართლეს მ. ჩახავას სიტყვები: ”სად ჩანს მაშინ სულიწმიდის ყოვლისმჭვრეტელობა, თუკი 1900 წლის მანძილზე ”დიდაქედ” წოდებული ეს საქვეყნო სიბრძნე დაუფარავს და მხოლოდ ახლა გამოუჩენია, როცა ქრისტეს მეორედ მოსვლამდე ორიოდე დღე დარჩა?” (”ღვთიური გზა”, 3, გვ. 8).

საგულისხმოა, რომ ”დიდაქეს” მთლიანი უარყოფის შემდეგ ბ-ნი ზ. ნარმანია ასეთ აზრს გამოთქვამს: ”ესეც არ იყოს, ”დიდაქეშე” არაფერია ნათქვამი ნათლისღების კანონში რაიმე ცვლილების დაშვებაზე. აქ გარკვევით წერია: ”თუ არა გაქვს არც ერთი, არც მეორე, სამგზის დაასხი თავზე წყალი. მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს სწავლებიდან კი ვიცით, რომ ასეთი გამონაკლისების დროს მონათლული ადამიანი თუ ცოცხალი დარჩა, მღვდელმა უნდა აღასრულოს ნათლისღების სრული და კანონიერი წესი, ე.ი. ამგვარად ნათელღებულს ეკლესია შეიწყნარებს, როგორც წარმართს და ხელახალი ნათლისღებით მისცემს მრევლთან შეერთების უფლებას (შდრ. მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს ქართული სახელმძღვანელო, ნათლის-ღება, გვ. 159)”. (”ღვთიური გზა”, 2, გვ. 7).

ბ-ნი ზ. ნარმანია ”ნათლისღების კანონში” გულისხმობს მოციქულთა 50-ე კანონს. ამ კანონს ქვემოთ შევეხებით დაწვრილებით, ამჯერად კი განვიხილავთ შემდეგ საკითხს: მართლა გამონაკლისად სახავს, თუ არა ”დიდაქე” თავზე წყლის სამგზის დასხმით ნათლისღებას.

ჯერ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ზ. ნარმანიას ზემომოტანილი სიტყვებიდან ისე ჩანს, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმო თავზე სამგზისი დასხმის წესით მონათლულს, თუ იგი ცოცხალი დარჩა, ხელახალ ნათლისღებას ავალდებულებს (შდრ. ზ. ნარმანიას ზემორე სიტყვები: ”ამგვარად ნათელღებულს ეკლესია შეიწყნარებს, როგორც წარმართს და ხელახალი ნათლისღებით მისცემს მრევლთან შეერთების უფლებას”).

საბედნიეროდ, ბ-ნი ზ. ნარმანია თავისი სიტყვების კონკრეტულ წყაროსაც უთითებს. მოგვაქვს სრულად, რაც მითითებულ წყაროში გამონაკლისზე სწერია: ”ნათლისღების შესრულების უფლება აქვთ მარტო მღვდელმთავრებს და მღვდლებს, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, მაგ. თუ ბავშვი ძალიან ავადაა, შეიძლება ეს საიდუმლო შეასრულოს ერის კაცმაც და ქლმაც. ამასთან ერის კაცმა უნდა მხოლოდ შთაფლას ბავშვი წყალში ან ასხუროს წყლით და სთქვას: ”ნათელს იღებს მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისაჲთა… და სხვა. შემდეგ თუ ბავშვი ცოცხალი დარჩა, მღვდელმა უნდა აღასრულოს მთელი წესი ნათლისღებისა, გარდა იმისა, რომ უკვე აღასრულა ერის კაცმა ან ქალმა” (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1989, გვ: 159).

როგორც ვხედავთ, მოტანილ წყაროში ”შთაფლვა” და ”სხურება” გათანაბრებულია (”ერის კაცმა უნდა მხოლოდ შთაფლას ბავშვი წყალში ან ასხუროს წყლით”). გამონაკლისობას ქმნის არა ”სხურება” (მაშინ ”შთაფლვაც” გამონაკლისი გამოდის), არამედ ის, რომ წესს აღასრულებს ერისკაცი, რის გამოც ნათლისღების ტექსტობრივი მხარე (და არა წყალთან დაკავშირებული პროცედურა) იკვეცება, რადგანაც ერის კაცი ვერ წარმოთქვამს ზოგ ისეთ ფორმულას, რაც მარტოდენ სამღვდელო პირის უფლებაა.

სწორედ ამიტომ, რადგანაც ნათელმცემელი ერისკაცია (ქალი ან კაცი), ამ სახით მონათლული საჭიროებს ხელახალ ნათლობას, თუკი იგი ცოცხალი გადარჩა.

არსად, არცერთხელ, არცერთი ძველბერძნული კატეხიზმო თუ ნებისმიერი სხვა ძველბერძნული მართლმადიდებლური ტექსტი არ აღნიშნავს, რომ თავზე სამგზის დასხმით მონათვლა ხელახლა საჭიროებს სრულ (კერძოდ, შთაფლვით) ნათლობას. თუმცა ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი.

ამჯერად, კვლავ დავუბრუნდეთ ”დიდაქეს”. მიიჩნევს, თუ არა ეს ძეგლი სამგზის დასხმით ნათლობას იმგვარ გამონაკლისად, რომელსაც ხელახალი ნათლობა (კერძოდ, შთაფლვით) ესაჭიროება? მოგვაქვს ნათლობის შესახებ ”დიდაქეში” დაცული უწყების ტექსტი:

1. ”ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერ ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმიდისა, მდინარი წყლით (e)n u(/dati zw=nti) ნათელი ეცით.

2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით (ei)j a)/llo u(/dwr baptison). თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში (e)n qerm%=) მონათლე.

3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი თავზე წყალი (e)/kxeon ei)j th\n kefalh\n tr\ij u(/dwr) სახელითა მამისა, ძისა და სულიწმიდისა” (დიდაქე, VII, 1-3).

როგორც ვხედავთ, მოტანილი ტექსტი ნათლისღების წესის ოთხ სახეს გვაწვდის: (1) მდინარე წყლით ნათლობა, (2) დამდგარი ცივი წყლით ნათლობა, (3) დამდგარი თბილი წყლით ნათლობა, (4) თავზე წყლის სამგზის დასხმით ნათლობა.

ყველა აღნიშნული სახე არის არსობრივად ერთი ნათლობის ოთხი რამდენადმე განსხვავებული წესი, ვიმეორებთ, წესი და არა გამონაკლისი. აქ რომ გამონაკლისებზე იყოს მსჯელობა, მაშინ აუცილებლად აღნიშნული იქნებოდა სხვა გამონაკლისებიც, კერძოდ ერისკაცის მიერ მონათვლა, ქალის მიერ მონათვლა, სისხლით ნათლობა და სხვა.

ზ. ნარმანიას აზრით, როგორც ეს მისი ზემოდამოწმებული სიტყვებიდან ჩანს, სამგზის წყლის თავზე დასხმით ნათლობა გამონაკლისია იმიტომ, რომ ”დიდაქეს” ტექსტში ამგვარ ნათლობას წინ უძღვის სიტყვები: ”თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე”.

”დიდაქეს” სიტყვები ”თუ არც ერთი გაქვს არც მეორე” (e)a\n de\ a)mfo/tera mh\ e)/x$j) ნიშნავს არა გამონაკლისს, რასაც ხელმეორე ნათლობა სჭირდება, არამედ პრაქტიკულ საჭიროებას, ნათლობის წესის პრაქტიკასთან შეთანხმებას.

აქ არის ერთი გადამწვეტი მნიშვნელობის მომენტი. მკითხველს ვთხოვთ გულისყურით მოგვისმინოს: ”დიდაქეს” სიტყვები ”თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე” იმიტომ არ ნიშნავს გამონაკლისს, რომ ანალოგიური სიტყვები გვხვდება არა მარტო თავზე წყლის სამგზისი დასხმით ნათლობის წინ, არამედ, აგრეთვე, დამდგარ წყალში შთაფვლით მონათვლის წინ. კვლავ მოვიტანთ ციტატას: ”…მდინარი წყლით ნათელი ეცით, თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით, თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე”.

როგორც ვხედავთ თვით დამდგარ წყალში შთაფვლით ნათლობასაც უძღვის წინ სიტყვები ”თუ არა გაქვს” (e)a\n de\ mh\ e)/x$j).

დაგვეთანხმება ნებისმიერი მკითხველი, რომ ”დიდაქეს” მიხედვით ”ნათლობის” წესის დასაბამიერი სახეა გამდინარ წყალში შთაფვლა, მაგრამ თუ მღვდელს ”არა აქვს” გამდინარი წყალი, იგი დამდგარ ცივ წყალში შთაფლავს მოსანათლს, თუ ცივი შეუძლებელია (”არა ძალგიძს” – ou) du/nasai), თბილში შთაფლავს, ხოლო თუ ”არა აქვს” ამათგან არცერთი, სამგზის დაასხამს მოსანათლს წყალს თავზე.

დამოწმებულ ტექსტებში სიტყვები ”თუ არა გაქვს” (e)a\n\ mh\ e)/x$j) არც მეტი, არც ნაკლები, შემდეგს ნიშნავს: ”თუკი არ არის მოსახერხებელი”. ბერძნული ზმნა e)/xw პირდაპირი აზრით ”ქონებას” ნიშნავს, მაგრამ მისი ჩვეულებრივი ყოფითი მნიშვნელობაა სწორედ ”შეძლება, მოხერხება, შესაძლებლობა”. ვიმეორებთ, ზემორე სიტყვები რომ გამონაკლისს ნიშნავდეს, მაშინ გამონაკლისი გამოდის არა მარტო წყლის დასხმით ნათლობა, არამედ დამდგარ წყალში შთაფვლით ნათლობაც.

ზ. ნარმანიას აზრით, ”დიდაქეს” სიტყვები ”თუ არა გაქვს” თავზე დასხმითი ნათლობის გამონაკლისობას ასაჩინოებს და ხელახალი სრული ნათლობის აუცილებლობას გულისხმობს, მაგრამ ეგევე სიტყვები წინ უძღვის დამდგარ წყალში შთაფვლით ნათლობასაც და თუ ზ. ნარმანიას აზრს ვერწმუნებით, ვინც კი დამდგარ წყალში შთაფვლითი ნათლობა მიიღო, ცოცხლად დარჩენის შემდეგ ხელახლა უნდა მონათლულიყო მდინარეში. მაგრამ, ცხადია, ეს ასე არ არის. ამიტომ, ისევე, როგორც დამდგარ წყალში შთაფვლა არ არის გამონაკლისი, ასევე, არ არის გამონაკლისი თავზე სამგზისი დასხმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ”დიდაქე”, როგორც ზოგადი კატეხიზმო, არსად არცერთხელ არ საუბრობს რაიმე გამონაკლისზე. იგი მხოლოდ დამკვიდრებულ საეკლესიო წეს-ჩვეულებებს აღწერს.

კვლავ აღვნიშნავთ: ზემოდამოწმებულ ტექსტში რომ გამონაკლისებზე იყოს მსჯელობა, ერთი მხრივ, უთუოდ აღნიშნული იქნებოდა ნამდვილი გამონაკლისები (მაგ. ერისკაცის მიერ ქმნილი ნათლობა და სხვა), მეორე მხრივ კი, ამგვარი გააზრებით, მივიღებდით სამ გამონაკლისს, კერძოდ: პირველი გამონაკლისი იქნებოდა გამდინარი წყლის ნაცვლად თბილში შთაფლვა, ხოლო მესამე – თავზე სამგზის დასხმა წყლისა. რამდენადაც და რა უფლებითაც არ არის გამონაკლისი პირველი ორი, ამდენადვე და ამავე უფლებით, ”დიდაქეს” ტექსტიდან გამომდინარე, არ არის გამონაკლისი მესამე მათგანი. სამივე ეს წესი წარმოადგენს ნათლისღების დასაბამიერი სახის (გამდინარე წყალში ნათლობის) გარეგნულ (და არა არსობრივ) სახესხვაობას. დავძენთ აგრეთვე, შემდეგს: ”დიდაქეს” დამწერ წმიდა მამებს თავზე სამგზისი დასხმით ნათლობა დამდგარ წყალში შთაფლვით ნათლობისაგან განსხვავებულ გამონაკლისად რომ მიეჩნიათ, კერძოდ, ისეთ გამონაკლისად, რაც მონათლულს ცოცხლად დარჩენის შემთხვევაში ხელახალი შთაფლვით ნათლისღების აუცილებლობას ავალდებულებდა, ეს მამები უთუოდ პირდაპირ აღნიშნავდნენ კიდეც ამას, რადგანაც ადრექრისტიანულ ხანაში სწორედ ”დიდაქეს” მიხედვით მიმდიანრეობდა მღვდლების მიერ ახალმოქცეულთა კატეხიზაცია და ამგვარი უმნიშვნელოვანესი მომენტის გამოტოვება დიდ საცთურს შეუქმნიდა მათ, იმიტომ, რომ მხოლოდ ზემორე ტექსტის საფუძველზე, სათანადო განმარტების გარეშე, დასხმითი წესით მონათლულს არცერთი მღვდელი ხელმეორედ არ მონათლავდა.

ამგვარად, ვფიქრობთ, სრულიად ცხადია, რომ ”დიდაქე” დასხმითი წესით ნათლობას თვლის არა გამონაკლისად, არამედ პრაქტიკაში მიღებულ წესად. ახლა კვლავ გავიხსენოთ, რომ ”დიდაქე” შეწყნარებული ძეგლი იყო I-IX სს-ის ძველბერძნულ მართლმადიდბელობაში. მას იყენებდა მრავალი წმიდა მამა. მასვე ”წერილს” უწოდებდა კლიმენტი ალექსანდრიელი, ხოლო მართებულ კატეხიზმოდ განაჩინებდა წმ. ათანასე ალექსანდრიელი და ”დიდი სჯულისკანონი”.

ხშირად გავიგონებთ: უნდა ვინათლებოდეთ ისე, როგორც მოინათლა მაცხოვარი. აღვნიშნავთ, რომ არსობრივად ეს ასეც ხდება, მაგრამ სრული ფორმობრივი თანხვედრა აუცილებელი არ არის, რადგანაც მაშინ ნათლისღების ერთადერთ ჭეშმარიტ სახედ წარმოჩნდებოდა მხოლოდ მდინარეში მონათვლა (მაცხოვარი მდინარეში მოინათლა). შეიძლება დაიბადოს ასეთი სავარაუდო კონტრარგუმენტი: უნდა ვინათლებოდეთ ისე, როგორც მოინათლნენ მოციქულები. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ამ გზით ჩამოვაყალიბებთ ნათლობის ერთსახოვან გარეგნულ წესს. ამ საკითხზე მეტად საყურადღებო მსჯელობას ვხვდებით წმ. იოანე ოქროპირთან. ხსენებული წმიდა მამა განიხილავს უფლის სიტყვებს: ”იოვანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა” (საქმე მოციქულთა 1,5). ასე მსჯელობს იგი: ”რატომ ამბობს უფალი ”ნათელ-იღოთ”, ზედა სართულზე ხომ წყალი არ ჰქონდათ? ეს იმიტომ, რომ უჭეშმარიტესია სულიწმიდა და წყალიც მისგან მოქმედებს. ასევე, ითქმის, რომ ”იცხო უფალმა”, თუმცა ზეთი კი არ უცხია მას, არამედ სულიწმიდა მიიღო. სხვაგან ვნახავთ, რომ წყლითაც მოინათლნენ მოციქულები სხვადასხვა დროს. ორივე ეს ერთად აღსრულდა ჩვენზე, მაშინ კი ცალ-ცალკე იყო” (შდრ. ძველბერძნული ტექსტი: nw=j de\ baptisqh/sesqe, le/gei, u(/datoj ou)k o)/ntoj e)n t%= u(per%/%; (/Oti to\ kuriw/teron to\ Pneu=ma e)sti, di ) ou(= kai\ to\ u(/dwr e/nergei! w(/sper ou)=n kai\ au)to\j kexri/sqai le/getai, ou)damou= xrisamenoj e)lai/%, a)lla\ Pneu=ma deca/menoj! a)/llwj de\ kai\ u(/dati baptizome/nouj au)tou\j e)stin eu(rei=n, kai\ e)n diafo/roij kairoi=j. )Ef h(mw=n me\n ga\r amfo/tera gi/netai u(f ) e(/n, to/te de\ diespasme/nwj. იხ. წმ. იოანე ოქროპირი, ”საქმე მოციქულთას” განმარტება, 1 ჰომილია, 6; იხ. პგ. 60, სვ. 21).

ამჯერად დეტალურად უნდა შევეხოთ ერთ უმნიშვნელოვანბეს საკითხს: არის თუ არა ”დიდაქეში” აღწერილი წესი წყლის თავზე დასხმით ნათლისღებისა სამოციქულო 50-ე კანონის უარყოფა? უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს აზრი ყველაზე ხშირად და ყველაზე მრისხანედ არის გამოთქმული ძველმართლმადიდებელთა მიერ. აი, რამდენიმე ნიმუში: ”სჯულისკანონს ვქადაგებთ ძვირადღირებულ წიგნებში, ხოლო მასში მოცემულ კანონებს უგულებელვყოფთ. გვიწერია: სანათლავი უნდა მოინათლოს წყალში სამგზის შთაფლვით, საანათემონი კი წყალპკურებით ნათლობას გვთავაზობენ და მით ერს ცეცხლისათვის განამზადებენ, რადგან წყალპკურებითი ნათლობა ნათლობა კი არა შებილწვაა” (მ. ჩახავა, დასახ. წიგნი, გვ. 86). ”ვინც არ დაიბადება წყლიდან და სულიდან, ვერ შევა ცათა სასუფეველში”, – ბრძანებს ქრისტე. ამგვარი დაბადება შესაძლებელია მხოლოდ ორმოცდამეათე კანონის აღსრულებით, რომელიც რჯულიერი მღვდლის მიერ სანათლავის წყალში სამგზის შთაფლვას გულისხობს, განსხვავებულად მონათლული კი, რჯულისკანონის სიტყვებით რომ ვთქვათ, ”არა სათანადოდ ნათელღებულია” და წარმართად რჩება, წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია მის ხელახლა მონათვლას ბრძანებს” (ღვთიური გზა, 1, გვ. 2). ”ნათლისღების აღნიშნული კანონის გაყალბებამ მოკლა ქართული სამღვდელოება, რადგან საუკუნეზე მეტია, რაც თვით სამღვდელოება არარსებული კანონით ინათლება. ეს კი ნიშნავს, რომ არ ხდება მათი ქრისტეში განბანვა და ქრისტიანად დაბადება, ისინი კვლავ წარმართებად რჩებიან, წარმართი კი ბუნებრივია, ვერ გახდება მღვდლობის მადლის მატარებელი, იმ უბრალო მიზეზით, რომ ქრისტეს რჯულის თანახმად ნათლისღების საიდუმლო წინ უსწრებს მღვდლობის საიდუმლოს, უკანონოდ ნათელღებულის ხელდასხმა კი ფიქციაა” (ღვთიური გზა, 2, გვ. 8).

ბ-ნ მ. ჩახავასა და ზ. ნარმანიას ზემორე სიტყვებიდან მკითხველს გამოაქვს დასკვნა, რომ არსებობს სამოციქულო კანონი, რომელიც ნათლისღების ერთადერთ უცვლელ წესად აკანონებს სამგზის შთაფლვას, ხოლო თავზე დასხმით ნათლობას იგივე კანონი მიიჩნევს არა ნათლობად, არამედ შებილწვად. მოგვაქვს აღნიშნული 50-ე კანონი სრულად არსენ იყალთოელის თარგმანით:

”უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან არა სამნი ნათლისღებანი ერთისამე საიდუმლოობისანი სრულ-ყვნეს, არამედ ერთი ნათლისღებაჲ სიკუდილისა მიმართ უფლისა აღსრულებული, განიკუეთენ, რამეთუ არა ესრეთ თქუა უფალმან, ვითარმედ: ”სიკუდილისა მიმართ ჩემისა ნათელ-სცემდით”, არამედ: ”წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა” (”დიდი სჯულისკანონი”, გვ. 221).

ეს სიტყვები ახალი ქართულით ასეთია: ”თუკი ვინმე ეპისკოპოსი ან ხუცესი არ სრულყოფს ერთი საიდუმლოს სამ ნათლისღებას, არამედ ერთ ნათლისღებას, აღსრულებულს უფლის სიკვდილის მიმართ, განიკვეთოს, რადგანაც ასე არ უთქვამს უფალს, რომ ”ჩემი სიკვდილის მიმართ მოინათლეთ”, არამედ ”წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმიდისა”.

როგორც ვხედავთ, მოტანილ ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები არც ”შთაფლვა” და არც თავზე დასხმა. მაშ, რას ეფუძნება მ. ჩახავა და ზ. ნარმანია? სლავურ და შემდეგ რუსულ თარგმანებში გვაქვს არა ”სამი ნათლისღება”, არამედ ”სამი ჩაძირვა” (три погружения).

სწორედ სლავურ-რუსული თარგმანის მიხედვით რჯულმდებლობს მ. ჩახავა, როდესაც სამგზის თავზე დასხმით ნათლობას შებილწვად აცხადებს, თუმცა საკუთრივ თავზე დასხმითი ნათლობა, ცხადია, არც სლავურ თარგმანში იხსენიება. ძველმართლმადიდებლები ასე მსჯელობენ: 50-ე სამოციქულო კანონი ახსენებს სამგზის შთაფლვას, როგორც ჭეშმარიტ ნათლობას, ეს კი თავისთავად გულისხმობს დასხმითი წესით მონათვლის სრულ უარყოფას.

უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ თვით ძველმართლმადიდებელთა აზრით სჯულისკანონი არის ზედმიწევნით ზუსტად ფორუმულირებულ კანონთა კრებული. ამიტომ, მოტანილ კანონს რომ დასხმითი წესით მონათვლის უარყოფა ჰქონდეს განზრახული, ეს პირდაპირ იქნებოდა მასში თქმული, კერძოდ ასე: ”ვინც სამგზის დასხმით მონათლოს და არა სამგზისი შთაფლვით, განიკვეთოს”. ამგვარი განჩინება არ გვხვდება არა მხოლოდ აღნიშნულ კანონში, არამედ საერთოდ არსად. ”სჯულისკანონი” არცერთხელ არ უარყოფს დასხმითი წესით ნათლობას.

ამ საკითხზე უფრო მოგვიანებით ვიმსჯელებთ, ამჯერად კი კვლავ გავიხსენოთ, რომ ძველმართლმადიდებელთა მიერ უკიდურესი უარყოფა სამგზის დასხმითი ნათლობისა ეფუძნება ზემოციტირებულ კანონს. ფიქრობენ, რომ ზემორე კანონი უფლებას აძლევს მათ, უწოდონ დასხმითი წესით ნათლობას ”შებილწვა”, ”საანათემოთა მიერ შემოთავაზებული”, ”სატანური პრაქტიკა” (ზ. ნარმანია: ”ოპონენტი ცდილობს თავზე წყლის დასხმით მონათვლის სატანურ პრაქტიკას თუნდაც რაიმე გამართლება მისცეს”, ღვთიური გზა, 2, გვ. 7).

მ. ჩახავა და ზ. ნარმანია, როგორც აღვნიშნეთ, ხსენებულ კანონს სლავურ თარგმანში გაეცნენ, მასთან, ცხადია, მათთვის ცნობილი იქნებოდა რომ იგივე კანონი ძველქართულადაც იყო თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ, ანუ პირის მიერ, რომელიც მათ, სრულიად სამართლიანად, უდიდეს მამად ირწმუნეს. ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ, რაოდენ დიდი იქნებოდა მათი გაოცება, როდესაც არსენ იყალთოელისეულ თარგმანში ვერ იპოვეს მათთვის სასურველი სიტყვები ”სამგზის შთაფლვა” (ამის ნაცვლად, როგორც ვნახეთ, არის ”სამი ნათლისღება”). ამ გარემოებამ, როგორც ჩანს, უდიდესი მრისხანებით აღავსო ისინი ძველი ქართული თარგმანის მიმართ და რაკი არსენ იყალთოელს ერეტიკოსად შერაცხვა პირდაპირ ვერ შეჰბედეს, მტკიცედ განაჩინეს (ვიმეორებთ, კი არ ივარაუდეს, არამე მტკიცედ განაჩინეს), არსენ იყალთოელის მართებული თარგმანი ვიღაც ერეტიკოსს გაურყვნია და ჩვენამდეც თითქოს სწორედ ეს შერყვნილი თარგმანია მოღწეული. ზ. ნარმანიას აზრით, შერყვნა კონკრეტულად იმაში გამოიხატა, რომ ვიღაც მწვალებელმა 50-ე კანონის ქართული ტექსტიდან ამოიღო სიტყვები ”სამი ჩაყოფა” და ნაცვლად ჩაწერა ერეტიკული ”სამი ნათლისღება”. მკითხველს გაუჩნდება კითხვა: რატომ მაინცდამაინც ”სამი ჩაყოფა” და არა ”სამი შთაფლვა”? საქმე ისაა, რომ არსენ იყალთოელის ზემოდამოწმებული თარგმანის სიტყვებს ”სამნი ნათლისღებანი” ხელნაწერთა აშიაზე ახლავს არსენისეული კომენტარი: ”შეისწავე სამნი ნათლისღებანი ნაცვლად სამთა შთაყოფათა” (იხ. ”დიდი სჯულისკანონი”, გვ. 221).

ამგვარად, ზ. ნარმანია ფიქრობს, რომ სჯულისკანონის თავდაპირველ ქართულ თარგმანში იყო სიტყვები ”სამი ჩაყოფა”, რომლებიც ვიღაც ერეტიკოსს შეუცვლია როგორც ”სამი ნათლისღება”. ვახდენთ ზ. ნარმანიას მსჯელობის ციტირებას.

”რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას სამოციქულო 50-ე კანონიდან ამოუღია სიტყვა ”სამი ჩაყოფა” და მის ნაცვლად ჩაუწერია ”სამი ნათლისღება”. ჯერ ერთი, ასეთი ცვლილებით დარღვეულია თვით დოგმა – მრწამსის მეათე წევრი, სადაც ნათქვამია: ”ვაღიარებ ერთსა ნათლის-ღებასა”, 50-ე კანონში კი გაჩნდა ყოვლად დაუშვებელი, უკანონო და მრწამსთან წინააღმდეგობაში მყოფი სიტყვიერი ხატი: ”სამი ნათლისღება”. ვინც იცის სიტყვის მნიშვნელობა და ფასი: ”დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა” (იოანე 1,1), ისიც იცის, რომ მრწამსის მეათე წევრში მოცემული შინაარსის ამგვარი შეცვლა აშკარა მწვალებლობაა… სქოლიოში ჩამოტანილი სიტყვა ”სამ-გზის შთაფლვა” უნდა დავაბრუნოთ თავის კანონიერ ადგილზე და ერეტიკული, რჯულისათვის უცხო სიტყვიერი ხატი: ”სამი ნათლისღება” ამოვიღოთ. ისე კი, საინტერესოა, ვინ არის ის ვინც ასეთი მკრეხელობა გაბედა? ამაზე პასუხს არავინ გაგვცემს, ფაქტი კი სახეზეა, – დაუმახინჯებიათ ნათლისღების სამოციქულო კანონი, თანაც ისე, რომ დოგმატს – მრწამსის მეათე წევრსაც შეხებიან” (”ღვთიური გზა”, 2, გვ. 7-8). ბ-ნო ზურაბ! ჩემი თქვენდამი ნამდვილი პატივისცემა მავალდებულებს უპირფეროდ გითხრათ: მთელი ზემორე მსჯელობა უმძიმესი და სრული ცთომილებაა. ნება მიბოძეთ აგიხსნათ, რატომ!

თქვენ სვამთ შეკითხვას: ”ისე კი, საინტერესოა, ვინ არის ის, ვინც ასეთი მკრეხელობა გაბედა? ამაზე პასუხს არავინ გაგვცემს”.

მე ”გაგცემთ პასუხს” თქვენს კითხვაზე და იმასაც გეტყვით, რომ პასუხს გაგცემთ ყველა, ვისაც კი თუნდაც ერთხელ ძველქართულ ხელნაწერზე უმუშავია. ის პირი, ”ვინც ასეთი მკრეხელობა გაბედა” (როგორც თქვენ ამბობთ), არის მხოლოდდამხოლოდ არსენ იყალთოელი. სწორედ მას ეკუთვნის თარგმანი ”სამნი ნათლისღებანი” და მასვე ეკუთვნის ამ სიტყვათა ზემოთ დამოწმებული კომენტარი.

დაგისაბუთებთ ჩემს პასუხს ორი მხრივ: (1) ფაქტობრივად და (2) შინაარსობრივად:

(1) ”დიდი სჯულისკანონის” არსენ იყალთოელისეული თარგმანი მრავალი ხელნაწერითაა მოღწეული, საკმაოა თვით უძველესი დროის ხელნაწერები, მათ შორის სწორედ XII ს-ისა. მაგალითად XII ს-ის ხელნაწრებია: A-76, ქუთ. 25. A-17; XIII ს-ისაა: ქუთ. 17, A-1102, H-1670 (იხ. ”დიდი სჯულისკანონი”, გვ. 33-91). მეტად საგულისხმოა, რომ ერთ-ერთი ხელნაწერი, კერძოდ A-124 მიეკუთვნება XI ს-ის მიწურულს (იხ. ”ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ყოფილი საეკლესიო მუზეუმის კოლექციისა, ტომი I2, თბ., 1976, გვ. 103), ე.ი. ეს ხელნაწერი შესრულებულია თვით არსენ იყალთოელის სიცოცხლეში. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული ხელნაწერები გადაწერილი და შენახული იყო უწმიდეს მონასტრებში (ამას ცხადყოფს ანდერძები).

რას გვიჩვენებს აღნიშნული ხელნაწერები? უკლებლივ ყველა მათგანში და, ცხადია, თვით იმ ხელნაწერშიც, რომელიც არსენ იყალთოელის სიცოცხლეშია გადაწერილი, 50-ე სამოციქულო კანონში უცვლელად და სრულიად გარკვევით იკითხება: ”სამნი ნათლისღებანი”, ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ არ ვლინდება ამოფხეკა-შესწორებათა რაიმე ნიშნაწყალიც კი. ეს ურყევი ფაქტია. აღნიშნული ხელნაწერები ყოველდღიური სამსახურებელი იყო XII ს-ის უწმიდესი მონასტრებისა, ყოველდღიურად ამოიკითხებოდა ამ ხელნაწერთაგან სიტყვები ”სამნი ნათლისღებანი” და 50-ე კანონის მთელ კონტექსტში არავინ რაცხდა მათ ერეტიკულად.

ყოველივე ზემოთქმული ფაქტოლოგიურად ასაბუთებს, რომ სიტყვები ”სამნი ნათლისღებანი XII ს-ისეულია და ეკუთვნის მთარგმნელს არსენ იყალთოელს.

(2) ახლა განვიხილავთ შინაარსობრივ მხარეს.

თავიდანვე უნდა ვთქვათ შემდეგი: კიდეც რომ არ გვქონოდა უძველესი, თვით არსენის დროინდელი ხელნაწერები და ”დიდი სჯულისკანონი” მხოლოდ გვიანდელი, თუნდაც XIX ს-ის ხელნაწერებით ყოფილიყო მოღწეული, მაინც სრულიად მტკიცედ ვიტყოდით: სიტყვები ”სამნი ნათლისღებანი” ეკუთვნის არსენ იყალთოელს და არა ვინმე სხვას.

გვკითხავენ, თუ რა გვაძლევს საფუძველს ამგვარი პირდაპირი განცხადების. ვუპასხუებთ: საფუძველს გვაძლევს ის, რომ ”სამი ნათლისღება” წარმოადგენს ზედმიწევნით თარგმანს ბერძნული ტექსტისა და რომ საკუთრივ ძველბერძნულ ტექსტშიც ასევე ”სამი ნათლისღება” გვაქვს. ამ საკითხზე საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ.

უპირველესად, მკითხველს შევახსენებთ, რომ არსენ იყალთოელის მეთოდი იყო ბერძნული ტექსტის ზედმიწევნითი სიზუსტით თარგმნა. ეს ზედმიწევნითობა გულისხმობდა არა მხოლოდ სათარგმნელი ტექსტის პირდაპირ გადმოტანას, ყოველგვარი სიტყვიერი შემატება-კლების გარეშე, არამედ, აგრეთვე, სრულ ტერმინულ შესატყვისობას. ეს ნიშნავს: არსენ იყალთოელს ესა თუ ის ბერძნული საღვთისმეტყველო სიტყვა ყოველთვის ერთი და იგივე შესატყვისით გადმოჰქონდა. მაგალითად, თუ ერთ შემთხვევაში ბერძნულ ”ou)si/a”-ს თარგმნიდა იგი სიტყვით ”არსება”, ასევე ”არსებად” თარგმნიდა იმავე ბერძნულ ტერმინს სხვა შემთხვევაშიც. სხვათაშორის, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ არსენმა ხელმეორედ თარგმნა ქართულად იონე დამასკელის შრომა ”წყარო ცოდნისა” (წინარე თარგმანი ყოველთვის არ იცავდა სრულ ტერმინულ შესატყვისობას).

ისევე, როგორც სხვა შრომები, ასევე ”სჯულისკანონიც” არსენს თარგმნილი აქვს ზედმიწევნითი სიზუსტით. ეს ითქმის კონკრეტულად 50-ე სამოციქულო კანონთან დაკავშირებით. აი, ამ კანონის ბერძნული ტექსტი:

ei) tij e)piskopoj h)\ presbu/teroj mh\ tri/a bapti/smata mia=j muh/sewj e)pitele/s$, a)lla\ e(/n ba/ptisma to\ ei)j to\n qa/laton tou= kuri/ou dido/menon, kaqairei/sqw! ou( ga\r ei)=pen o( kurioj! )Eij to\n qa/nato/n mou bapti/sate, a)lla\! Poreuqe/ntej maqhteu/sate pa/nta ta e)/qnh, bapti/zontej au)tou\j ei)j to\ o)/noma tou= Patr\j kai\ tou= ui(ou= kai\ tou= a(gi/ou Pneu/matoj (სამოციქულო კანონთა ბერძნული ტექსტი მოღწეულია უძველესი ხელნაწერებით. დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ხელნაწერი Palat. 376, Vallic. 7.10, Vallic. 47, Bar Ber III, 42, Laurent. Plut. IX,8 და სხვა. ტექსტი გამოცემულია მრავალგზის. ერთერთი საუკეთესოა შემდეგი გამოცემა Didascalia et Constitutiones Apostolorum, ed. 7. 1970, pp. 564-595).

როგორც დამოწმებული ტექსტიდან ჩანს, ქართული თარგმანის “სამ ნათლისღებას” ბერძნულში შეესაბამება tri/a bapti/smata (”ტრია ბაფტიზმატა”). სხვათაშორის, მ. ჩახავა და ზ. ნარმანია თვლიან, რომ განსხვავებით ქართული თარგმანისაგან, სლავური თარგმანი თანხმობაშია ბერძნულ ორიგინალთან, ე.ი. მიიჩნევენ, რომ ბერძნულ ”ბაფტიზმას” მართებულად გადმოსცემს სლავური погружуние, ხოლო სრულიად მცდარია (უფრო მეტიც, ერეტიკული) ქართული სიტყვა ”ნათლისღებაჲ”. მაგალითად, ზ. ნარმანია აღნიშნავს: ”თუ როგორ არის ეს კანონი ფორმულირებული სინამდვილეში, ჩანს… ბერძნულ, სლავურ, რუსულ რჯულისკანონში” (ღვთიური გზა, 2, გვ. 8). ასევე, მ. ჩახავა გვაუწყებს: ”რას უნდა ნიშნავდეს ”არა სამი ნათლისღება” გაურკვეველია. ცნობილია, რომ არსენ იყალთოელმა მეთორმეტე საუკუნეში ბერძნულიდან თარგმნა დიდი რჯულისკანონი. ბერძნულში და სლავურში გარკვევით სწერია: ”წყალში სამჯერ ჩაძირვა” (ღვთიური გზა, 3, გვ. 6).

მკითხველისათვის ცნობილია, რომ ”დიდი სჯულისკანონის” არსენის მიერ თარგმნილი ძველი ქართული ტექსტი რამდენიმე წლის წინათ ითარგმნა ახალ ქართულად და დაიბეჭდა 1987 წლის საეკლესიო კალენდარში. ძველის ახალზე მთარგმნელებმა ზუსტად გადმოიტანეს სიტყვები ”სამი ნათლისღება” და დაურთეს ასეთი კომენტარი:

”ხელნაწერთა სქოლიოში არის შენიშვნა: ”შეისწავლე: სამი ნათლისღება, სამი ჩაყოფის ნაცვლად”. ბერძნ.: ”tri/a bapti/smata”, რუსულში: ”три погружение” (1987 წლის საეკლესიო კალენდარი, გვ. 168).

როგორც ვხედავთ, ძველიდან ახალზე მთარგმნელებმა ჯერ ის აღნიშნეს, რომ არსენისეული თარგმნის სიტყვებს ”სამნი ნათლისღებანი” ხელნაწერებში ახლავს შენიშვნა. მოიტანეს ამ შენიშვნის ტექსტი, შემდეგ კი დაიმოწმეს ”სამი ნათლისღების” შესატყვისი ბერძნული და რუსული პარალელები.

ზ. ნარმანია აცნობს მკითხველს მთარგმნელთა ამ კომენტარს და დასძენს იმასაც, რომ მთარგმნელები იქვე უთითებენ ბერძნულ-რუსულ პარალელს, სადაც თითქოს ”სამგზის შთაფლვა” გვაქვს. აი, ზ. ნარმანიას სიტყვები: ”აქვე ბერძნულად და რუსულად მითითებულია ”სამგზის შთაფლვა” (ღვთიური გზა, 2,7).

ამ სიტყვებიდან მკითხველს გამოაქვს დასკვნა, თითქოს მთარგმნელთა მიერ ისაა მითითებული, რომ ბერძნულში ”სამი ნათლისღების” ნაცვლად ”სამი შთაფლვა” გვაქვს. ცხადია, არაფერი ამის მსგავსი მთარგმნელებს არ აღუნიშნავთ. მათ უთარგმნელად, ბერძნულად მოიტანეს ტექსტი (tri/a bapti/smata) ყოველგვარი კომენტარის გარეშე (იხ. ზემოთ). ბერძნული ტექსტის ”სამ შთაფლვად” თარგმნა ზ. ნარმანიას ეკუთვნის. ეს გარემოებაც ცხადყოფს, რომ ზ. ნარმანიას აზრით ბერძნული ”ბაპტიზმა” (bapti/sma) უნდა ითარგმნოს ”შთაფლვად” და რომ ამ სიტყვის ”ნათლისღებად” თარგმნა ერესია.

რა შეიძლება ამის შესახებ ითქვას?

ბერძნული სიტყვა ”ბატიზმა”, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საღვთისმეტყველო სიტყვა ორგვარი ხმარებისაა: (1) ყოფითი, ცხოვრებისეული შინაარსით და (2) საეკლესიო შინაარსით. ხსენებული სიტყვა ”ბატიზმა” ”შთაფლვას” ნიშნავს ოდენ ყოფითი აზრით, თანაც ”შთაფლვა” არის მისი ერთ-ერთი ყოფითი მნიშვნელობა (”ბაპტიზმას” ყოფით შინაარსზე ქვემოთ ვისაუბრებთ დაწვრილებით). რაც შეეხება ამავე სიტყვის საეკლესიო შინაარსს, ამ მხრივ ხსენებული სიტყვა ნიშნავს არა ”შთაფლვას” არამედ შვიდ საეკლესიო საიდუმლოთაგან პირველს, ნათლისღებას. შეიძლება გვითხრან, რომ ეს სიტყვა საეკლესიო გააზრებაშიც ინარჩუნებს ყოფით შინაარსს. ამგვარი აზრი მართებული არ არის. ტერმინი ”ბაპტიზმა” საეკლესიო შინაარსით აღარ ნიშნავს კონკრეტულად ”შთაფლვას”. იგი გულისხმობს მთლიანად ნათლობის საიდუმლოს მისი ყველა შემადგენელი რიტუალური ნაწილით, იქნება ეს წყალთან დაკავშირებული პროცედურა, ფორმულირების წარმოთქმა, შებერვა თუ სხვა. ”ბაპტიზმა” რომ საეკლესიო აზრითაც კონკრეტულად ”შთაფლვას” ნიშნავდეს, მაშინ პირველი საეკლესიო საიდუმლოს სახელწოდება რუსულად იქნებოდა არა крещение, არამედ погружение, ხოლო ქართულად ამავე საეკლესიო საიდუმლოს დაუმკვიდრდებოდა სახელი ”შთაფლვა” და არა ”ნათლისღება”.

ქართული სიტყვა ”ნათლისღება” არის ”ბაპტიზმას”, როგორც საეკლესიო ტერმინის უცვლელი შესატყვისი. მ. ჩახავა და ზ. ნარმანია გვარწმუნებენ, რომ 50-ე კანონის ბერძნულ ტექსტში ხმარებული bapti/sma ნიშნავს ”შთაფლვას” და რომ ამ ტერმინის ”ნათლისღებად” თარგმნა ერესია. თუკი ”ბაპტიზმას” ”ნათლისღებად” (და არა ”შთაფლვად”) თარგმნა ერესია, ერეტიკული ყოფილა მთელი ქართული ქრისტიანული ლიტერატურა, რადგანაც უკლებლივ ყველგან ბერძნული ”ბაპტიზმა”, როგორც ლიტურგიკული ტერმინი ქართულად თარგმნილია სწორედ ”ნათლისღებად” და ”ნათლისცემად”. ერეტიკული ყოფილა იოანეს ნათლისმცემლად წოდება და ამის სანაცვლოდ მას, ალბათ, იოანე შთამფლველი უნდა ეწოდოს (ბერძნულშია ”იოანნეს ბაპტისტეს”).

ძველ ქართულ ტექსტებში საეკლესიო ტერმინი ”ბატიზმა” და ზმნები ”ბაპტიძო” და ”ბაპტო” თარგმნილია როგორც ”ნათლისცემა” ან ”ნათლისღება”. ვგრძნობთ, რომ სრულიად ზედმეტია ნიმუშების დამოწმება, მაგრამ მაინც მოვიტანთ რამდენიმე მაგალითს სახარების ტექსტიდან (ქართული ტექსტი ეკუთვნის წმ. გიორგი მთაწმინდელს):

ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ (მარკ. 10,39) τὸ βάπτισμα ὃ ἐγὼ βαπτίζομαι βαπτισθήσεσθε
ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა (ლუკა 3,3) κηρύσσων βάπτισμα μετανοίας εἰς ἄφεσιν ἁμαρτιῶν
და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან (ლუკა 3, 7) ἔλεγεν οὖν τοῖς ἐκπορευομένοις ὄχλοις βαπτισθῆναι ὑπ’ αὐτοῦ
მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად (ლუკა 3,12) ἦλθον δὲ καὶ τελῶναι βαπτισθῆναι
მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა… მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა (ლუკა 3,16) ἐγὼ μὲν ὕδατι βαπτίζω ὑμᾶς… αὐτὸς ὑμᾶς βαπτίσει ἐν πνεύματι ἁγίῳ καὶ πυρί
მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს (იოანე 3,23) παρεγίνοντο καὶ ἐβαπτίζοντο

და მრავალი სხვა.

ზემოთქმული ცხადყოფს, რომ ”ბაპტიზმა”, როგორც საეკლესიო ტერმინი ქართულად ყოველთვის ითარგმნებოდა, როგორც ”ნათლისცემა” (ან ”ნათლისღება”).

გვეტყვიან: მართალია ”ნათლისღება” ბერძნული ”ბაპტიზმას” შესატყვისია, მაგრამ 50-ე კანონში ”ბაპტიზმას” ”ნათლისღებად” თარგმნა აშკარა ერესს ქმნის, რადგანაც ამგვარი თარგმანით ვიღებთ ”სამ ნათლისღებას”; სწორედ ამიტომ, არსენს უარი უნდა ეთქვა ”ბაპტიზმას” ტრადიციულ ქართულ შესატყვისზე, ”ნათლისღებაზე” და იგი უნდა ეთარგმნა ”ჩაყოფად” (ძველი ქართული ”შთაყოფა”), რაც თავიდან აგვაცილებდა ერეტიკულ ფრაზას ”სამი ნათლისღება”.

რა შეიძლება ვუპასუხოთ ამაზე? ვიდრე ”სამი ნათლისღების” ერეტიკულობას შევეხებოდეთ, ე.ი. ვიდრე შინაარსობრივად განვიხილავდეთ ამ ფრაზას, ჯერ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ არსენის მიერ ”ბაპტიზმას” ”ნათლისღებად” თარგმნა არის ზედმიწევნითი თარგმანის ნიმუში, რადგანაც ბერძნული ”ბაპტიზმას”, როგორც საეკლესიო ტერმინი, ეწოდება მონათვლის საიდუმლოს და მის შესატყვისად ქართულ მწერლობაში დამკვიდრებული იყო ტერმინი ”ნათლისღებაჲ”

რატომ არ შეეძლო არსენს, რომ ხსენებული 50-ე კანონის ქართულ ტექსტში ”ბაპტიზმა” გადმოეტანა ”შთაყოფად” ან ”შთაფლვად”? იმიტომ, რომ კვლავ გავიმეორებთ, არსენის მეთოდი იყო ერთი ბერძნული ტერმინის ერთი ქართული შესატყვისით თარგმნა ყველა შემთხვევაში. მას რომ ხსენებულ სამოციქულო კანონში ბერძნული ”ბაპტიზმა” ეთარგმნა ”შთაყოფად” (და არა ”ნათლისღებად”), მაშინ ასევე ”შთაყოფად” უნდა ეთარგმნა იგივე ბერძნული ”ბაპტიზმა” სხვა შემთხვევაში. ”სჯულისკანონი” წარმოადგენს მკაცრად დადგენილი ტერმინებით დაწერილ წიგნს და (დაგვეთანხმებიან მ. ჩახავა და ზ. ნარმანია) არსენს რომ ერთიდაიგივე ბერძნული ტერმინი ერთ შემთხვევაში ერთი რომელიმე ქართული სიტყვით ეთარგმნა, სხვა შემთხვევაში კი სხვით, ეს დაარღვევდა კანონიკურ ტერმინთა მკაცრ განსაზღვრულობას. ამგვარად, ვფიქრობთ, სრულიად აშკარაა ყველასათვის, რომ თუკი არსენი სამოციქულო კანონში ბერძნულ ”ბაპტიზმას” თარგმნიდა ”შთაყოფად”, იგი იძულებული იქნებოდა, რომ ასევე ”შთაყოფად” ეთარგმნა იგივე ბერძნული ”ბაპტიზმა” სხვა შემთხვევაშიც. შეიძლებოდა კი ეს? ცხადია არა და აი, რატომ. თავი რომ დავანებოთ ბერძნული ”ბაპტიზმას” ხმარების მრავალ შემთხვევას, ცნობილია, რომ ეს ტერმინი გვხვდება მრწამსში. ზ. ნარმანია ფიქრობს, რომ სამოციქულო კანონის არსენისეული თარგმანის ფრაზა ”სამნი ნათლისღებანი” ერეტიკულია, რადგანაც ეწინააღმდეგება მრწამსის სიტყვებს ”ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა” (იხ. ღვთიური გზა, 2, გვ. 7). უნდა აღვნიშნოთ, რომ, პირიქით, ერესს მაშინ მივიღებდით, თუკი არსენი სამოციქულო კანონში ბერძნულ ”ბაპტიზმას” თარგმნიდა ”შთაყოფად”, რადგანაც იგი იძულებული იქნებოდა, რომ იგივე ”ბაპტიზმა” ასევე ”შთაყოფად” ეთარგმნა მრწამსშიც, რის საფუძველზეც მრწამსის ქართულ ტექსტში მივიღებდით ასეთ ყოვლად ერეტიკულ ფრაზას: ”ვაღიარებ ერთსა შთაყოფასა”.

ვინ არ იცის, რაოდენ ერეტიკულია ”ერთი შთაყოფის” აღიარება? ამ წესს მისდევდნენ ევნომიანელები: მათ შესახებ ასე გვაუწყებს სჯულისკანონი: ”ხოლო ევნომიანოზთა, ერთითა შთაყოფითა ნათელღებულთა… ვითარცა ელენთაგან (ე.ი. წარმართთაგან, ე.ჭ.) მოსრულთა შევიწყნარებთ” (”დიდი სჯულისკანონი, გვ. 263-264).

ამგვარად, სხვა მრავალ შემთხვევათა შორის, ბერძნული ტერმინი ”ბაპტიზმა” გვხვდება ერთი მხრივ 50-ე სამოციქულო კანონში, მეორე მხრივ კი – მრწამსში (აი მრწამსის ეს ადგილი: ”o(mologou=men e(/n ba/ptisma – ჰომოლოგუმენ ჰენ ბაპტისმა”). ორივე შემთხვევაში, სიტყვა ”ბაპტიზმა” მიემართება საეკლესიო საიდუმლოს, ე.ი. იხმარება ლიტურგიკული აზრით. ამიტომ, თუკი ერთ შემთხვევაში (კერძოდ, მრწამსში) ”ნათლისღებად” ითარგმნა ის, ასევე ”ნათლისღებად” უნდა თარგმნილიყო მეორე შემთხვევაშიც (სამოციქულო კანონში), რადგანაც პირუკუ შემთხვევაში, ე.ი. თუკი არსენი ”ბაპტიზმას” ”შთაყოფად” (ან ”შთაფლვად”) თარგმნიდა სამოციქულო კანონში, ასევე ”შთაყოფად” (ან ”შთაფლვად”) უნდა ეთარგმნა მას იგივე ”ბაპტიზმა” მრწამსშიც (ამას აუცილებლად მოითხოვდა საეკლესიო-ლიტურგიკულ ტერმინთა მკაცრი თეოლოგიური ერთცნებითობა), რაც ყოვლად დაუშვებელი იყო.

ზემოთქმულის შემდეგ ვფიქრობთ, სრულიად ცხადია, რომ არსენისეული თარგმანი ზედმიწევნით ერთგულია ბერძნულისა; მაგრამ თუ ეს ასეა, რატომ გვაქვს სლავურში არა крещение, არამედ погружение? ეს გვაქვს იმიტომ, რომ ბერძნული ტერმინის ”ბაპტიზმას” (ba/ptisma) თარგმნისას სლავური ეყრდნობოდა არა საკუთრივ ბერძნულს, არამედ მის ლათინურ თარგმანს.

მეტი თვალსაჩინოებისათვის, მოციქულთა კანონების ბერძნული ტექსტიდან ამოვწერთ ტერმინ ”ბაპტიზმა”-ს ხმარების ყველა შემთხვევას და პარალელურად დავურთავთ შესაბამის ძველქართულ (არსენისეულ), ლათინურ და სლავურ თარგმანებს:

(სამწუხაროდ ციტატები ძნელად იკითხება)

რას გვიჩვენებს ზემოდამოწმებული ნიმუშები? პარალელური ტექსტები აშკარად ცხადყოფს, რომ ბერძნული ”ბაპტიზმას” (ba/ptisma) ლათინურად შეესაბამება baptisma, რუსულად крещение, ქართულად ”ნათლისღებაჲ”. ვიმეორებთ, ასეა უკლებლივ ყველა შემთხვევაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ 50-ე კანონი, სადაც იგივე ”ბაპტიზმა” ლათინურად გადავიდა არა baptisma-დ, როგორც ეს გვაქვს ყველა სხვა ადგილას, არამედ ითარგმნა, როგორც mersio (ჩაძირვა), ხოლო ლათინურის ეს თარგმანი გაიზიარა სლავურმაც, სადაც ყველა ადგილას ბერძნულ ”ბაპტიზმას” შეესატყვისება крещение, მაგრამ 50-ე კანონში იგივე ”ბაპტიზმა”, ლათინურის კვალობაზე, გადმოტანილია არა ტრადიციული крещение-თი, არამედ სიტყვით погружение. რაც შეეხება ქართულს, იგი ბოლომდე ერთგულია ბერძნული ტექსტისა და თვით 50-ე კანონშიც, ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ორიგინალის ”ბაპტიზმას” თარგმნის სიტყვით ”ნათლისღებაჲ”.

ზემოთქმული ცხადყოფს, რომ ბერძნულიდან გადაუხვია არა ძველქართულმა, არამედ ლათინურმა და მის კვალობაზე სლავურმა. რამ განაპირობა ლათინურ-სლავური თარგმანების გადახვევა ბერძნული ტექსტიდან? მიზეზი მხოლოდ ერთია: ლათინურად და სლავურად მთარგმნელთ სურდათ თავიდან აეცილებინათ ყოველგვარი გაუგებრობა, რაც ლიტონ მორწმუნეებში შეიძლებოდა გამოეწვია ბერძნული ტექსტის ზუსტ თარგმანს. მართებული თარგმანის შემთხვევაში ლათინურად გვექნებოდა tria baptismata, ხოლო სლავურ-რუსულში три крещения. ეს შესიტყვება ვინმეს შეიძლება პირდაპირი აზრით, კონტექსტიდან მოწყვეტით გაეგო (როგორც პირდაპირ, კონტექსტის გარეშე გაიგეს მ. ჩახავამ და ზ. ნარმანიამ არსენის ზედმიწევნითი თარგმანი ”სამი ნათლისღება”) და ეჭვი შეეტანა სამოცქიულო კანონის ჭეშმარიტებაში. სწორედ ამ მიზნით (ე.ი. ლიტონ მორწმუნეებში ყოველგვარი გაუგებრობის გასაფანტავად), ლათინურისა და მის კვალობაზე, სლავურის მთარგმნელებმა ამჯობინეს დაერღვიათ დაკანონებული ტრადიცია ტერმინული შესატყვისობისა და ბერძნული ”ბაპტიზმა” ეთარგმნათ არა baptisma-დ და крещение-დ (როგორც ეს გვაქვს ყველა სხვა შემთხვევაში), არამედ mersio-დ და погружение-დ.

ლათინურ-სლავური გადახვევა ბერძნული ტექსტისა, ცხადია, გამართლებულია იმ მხრივ, რომ ამგვარი გადახვევა მიზნად ისახავდა ყოველგვარი შესაძლო გაუგებრობის თავიდან აცილებას ლიტონ მორწმუნეებში, ე.ი. ეს გადახვევა გამართლებულია ლიტონ მორწმუნეთა პოზიციიდან, მაგრამ არ არის გამართლებული ობიექტურად, თავისთავად.

მართლმადიდებლურ სამყაროში დამკვიდრებული იყო ასეთი მთარგმნელობითი მეთოდი: ძველბერძნული ტექსტი უნდა თარგმნილიყო სიტყვასიტყვით, უცვლელად, ხოლო თუ ამგვარი თარგმნის შედეგად რაიმე ფრაზა ან სიტყვა გაუგებრობას გამოიწვევდა ანდა განმარტების საჭიროებას შექმნიდა, მთარგმნელს აშიაზე უნდა მოეცა სათანადო შენიშვნა. იყო შემთხვევა, რომ ძველბერძნული ტექსტი გაუგებარი იყო თვით მთარგმნელისათვის. იგი მაინც მოვალე იყო არ შეეცვალა ორიგინალი და სიტყვა-სიტყვით ეთარგმნა ტექსტი, რადგანაც ამა თუ იმ მთარგმნელის პიროვნული უმეცრება არ ნიშნავდა იმას, რომ თავად სათარგმნი ძეგლი იყო აზრს მოკლებული. ამგვარ მთარგმნელობით მეთოდს, როგორც აღვნიშნეთ, უცვლელად იცავდა არსენ იყალთოელი[3], ხოლო მისმა მოძღვარმა ეფრემ მცირემ თეორიულადაც გამოთქვა და ჩამოაყალიბა იგი. აი, ეფრემ მცირის სიტყვები:

”წმიდისა სიტყუაჲ მარტივად და შეუზავებელად და შეუხებელად ვთარგმნო და უკუეთუ რაჲმე ძალისა განმაცხადებელი უჴმდეს ჩუენსა ენასა, იგი კიდესა ზედა ადგილ-ადგილ და შესავალსა შინა თავსა წიგნისასა დავსწერო” (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, თბ., 1976, გვ. 67).

ეს სიტყვები ახალ ქართულად ასე იქნება:

”წმინდანის (ე.ი. წმიდა მამის, ე.ჭ.) სიტყვას წრფელად, შეურევლად და შეუცვლელად ვთარგმნი, ხოლო თუკი ჩვენს ენაზე (გადმოტანისას) საჭირო გახდება რაიმე აზრში სიცხადის შეტანა, კიდეზე მივაწერ ადგილ-ადგილ ანდა წიგნის თავში, შესავალში დავწერ”.

ასეთ ქებას უძღვნის ეფრემ მცირე საწინასწარმეტყველო წიგნთა ქართველ მთარგმნელს (უნდა იგულისხმებოდეს წმ. გიორგი მთაწმიდელი, რომელმაც ”ფსალმუნნი” თარგმნა): ”ვაქებ წესსა საწინაჲსწარმეტყუელოთა წიგნთა მთარგმნელისასა, რომელთაგანი მცირედი რაჲ გაიგონების უსწავლელთა, გინათუ ზოგს-რე სწავლულთა მიერ, გარნა სიტყუაჲ სიტყჳსა ნაცვალი შედარებულია ბერძულისა” (იქვე, გვ. 66).

ახალ ქართულად: ”ვაქებ საწინასწარმეტყველო წიგნთა მთარგმნელის მეთოდს, რადგან ამათგან (ე.ი. საწინასწარმეტყველო წიგნთაგან, ე.ჭ.) ცოტას თუ გაიგებს უსწავლელი, ანდა ზოგი სწავლულიც კი, მაგრამ ისინი (ეს წიგნები, ე.ჭ.) სიტყვა-სიტყვით არის შედარებული ბერძნულთან”.

საგულისხმოა ეფრემ მცირის ცნობა იმის შესახებ, რომ თვით ბერძნულ სამყაროში ყველა იმ სიტყვას, რომელსაც განმარტება ესაჭიროებოდა, აშიაზე ურთავდნენ სათანადო შენიშვნებს (შენიშვნას ძველქართულად ერქვა ”შეისწავე”) და კიდეებში მიწერილ ამგვარ შენიშვნებს არავინ შერევდა ძირითად ტექსტში. კიდეზე წარწერილი შენიშვნის ტექსტში შეტანა აკრძალული იყო. აი, ეფრემის სიტყვები:

”ყოვლად უჯერო არს ვისგანმე კიდესა წარწერილისა მის თარგმანისაჲ შიგან გარევით დაწერაჲ, არამედ კიდესა წარწერაჲ, ვითარცა ვისწავეთ ჩუენ ესე ოთხასოცთა მათგან წიგნთა თეოდორე პატრიაქისა მიერ სჳმონწმიდას შეწირულთა… და საჭიროჲსა სიტყჳსა თარგმანი პატივითა ზედა წიგნისათა უწერია, ხოლო ”შეისწავენი” და ”განსაზღვრებაჲ” ”განჩჳნებითურთ” და ”სამეცნიეროჲ” ესე არა ოდენ ამას წიგნსა (იგულისხმება წმ. იოანე დამასკელის ”წყარო ცოდნისა”, ე.ჭ.), არამედ ყოველთავე წიგნთა ბერძულთა უწერიან კიდესა” (იქვე, გვ. 68).

მოგვაქვს იგივე სიტყვები ახალქართულად”

”სრულიად მიუღებელია ვინმეს მიერ კიდეზე მიწერილი განმარტების შიგნით შეტანა და დაწერა, არამედ, როგორც ეს ვისწავლეთ ჩვენ სვიმეონწმიდის მონასტრისადმი თეოდორე პატრიარქის მიერ შეწირული ოთხასოცი წიგნიდან, კიდეზე წარწერა და საჭირო სიტყვის განმარტება წიგნის ”პატივებზე” სწერია, ხოლო შენიშვნები და განსაზღვრებანი, განწესებანი და სამეცნიერო (კომენტარები) კიდეზე უწერია არა მხოლოდ ამ წიგნს (იოანე დამასკელის ”ცოდნის წყარო”, ე.ჭ.), არამედ, აგრეთვე, ყველა ბერძნულ წიგნს.

ზემოდამოწმებული სიტყვები ცხადყოფს, რომ თეოლოგიური ტექსტების თარგმნის დროს უნდა ვიცავდეთ სათარგმნი ძეგლის ტექსტობრივი უცვლელობის პრინციპს, ხოლო თუ რაიმე სიტყვის თარგმანი კომენტარის საჭიროებას შექმნის, ეს კომენტარი აშიაზე უნდა იქნეს დართული (და არა ტექსტში).

სწორედ ასე მოიქცა არსენ იყალთოელიც, როდესაც მან უცვლელად, ზუსტად თარგმნა ბერძნული ”tri/a baptismata” (”ტრია ბაპტისმატა”), ხოლო აშიაზე სათანადო კომენტარი ანუ ”შეისწავე” დაურთო მას (ეს ”შეისწავე” ზემოთ გვქონდა ციტირებული).

ამგვარად, არსენ იყალთოელისეული თარგმანი ”სამნი ნათლისღებანი” წარმოადგენს tri/a baptismata-ს ზედმიწევნით ზუსტ თარგმანს.

ისმის კითხვა: როგორ შეიძლება, რომ სიტყვები ”სამნი ნათლისღებანი” იყოს ბერძნულის ზედმიწევნითი თარგმანი? განა ფრაზა ”სამნი ნათლისღებანი” ერეტიკული არ არის?

რადგანაც ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია, მკითხველს ვთხოვთ განსაკუთრებული გულისყურით მოგვისმინოს:

ფრაზა ”სამნი ნათლისღებანი” თავისთავად, კონტექსტისგან მოწყვეტით, ცხადია, ერეტიკულია, რადგანაც მართლმადიდებლობა კრძალავს არათუ მესამე, არამედ მეორე ”ნათლისღებასაც” (გასაგებია, რომ ვგულისხმობთ იმ შემთხვევას, როცა პირველი ნათლისღება ჭეშმარიტია), მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონტექსტისაგან მოწყვეტით ასევე ერეტიკულია თვით ბერძნული ფრაზა ”ტრია ბაპტისმატა” (”tri/a baptismata”), რომლის ზედმიწევნითი თარგმანია ქართული ”სამნი ნათლისღებანი”.

ამგვარად, ისევე, როგორც ერეტიკულია (კონტექსტისგან მოწყვეტით) ქართულ ენაზე გამოთქმული ფრაზა ”სამნი ნათლისღებანი”, ზუსტად ასევე ერეტიკულია საკუთრივ ბერძნული ”ტრია ბაპტისმატა”. როგორც ქართულენოვანი მართლმადიდებლობა უარყოფდა მეორე ”ნათლისღებას”, ასევე უარყოფდა საკუთრივ ბერძნულენოვანი მართლმადიდებლობა მეორე ”ბაპტისმას” (to\ deu/teron ba/ptisma).

ეს აზრი, გარდა მოციქულთა 47-ე კანონისა, გამოთქმულია მრავალი წმიდა მამის მიერ. მაგალითად, წმ. იპოლიტე რომაელი ერთ-ერთი ერეტიკოსის შესახებ აღნიშნავს: ”იკადრა მან სხვათა მეორედ ნათლობა” (teto/lmhtai deu/teron au)toi=j baptisma, პგ. 16, 3387 ა). ასევე, წმ. ათანასე ალექსანდრიელი განაჩინებს: ”ერთი არის კათოლიკე ეკლესიის ნათლისღება (”ბაპტისმა”) და არა მეორე” (e(/n ei)=nai to\ th=j kaqolikh=j )Ekklhsi/aj ba/ptisma kai\ mh deu/teron, პგ. 26, სვ. 656 ა).

ყველა ძველბერძნული მართლმადიდებლური ტექსტი ისევე უარყოფს მეოე ”ბაპტიზმას”, როგორც ძველქართული მართლმადიებლობა – მეორე ”ნათლობას”. ეს გარემოება აშარად ცხადყოფს, რომ ცალკე აღებული ქართულენოვანი ფრაზა ”სამი ნათლისღება” ზუსტად ისევე ერეტიკულია, რამდენადაც ბერძნულენოვანი ”სამი ბაპტისმა” (tri/a baptismata).

ზემოთქმული ამტკიცებს, რომ არსენისეული ტექსტის ”სამნი ნათლისღებანი” ზედმიწევნით იგივეობრივია ბერძნული ტექსტის ფრაზისა ”სამი ბაპტისმა” (tri/a baptismata). ეს უეჭველად ცხადყოფს, რომ თუკი ერეტიკულია 50-ე სამოციქულო კანონში არსებული შესიტყვება ”სამნი ნათლისღებანი”, ზუსტად იმავე უფლებით ერეტიკული გამოდის ხსენებული კანონის ძველბერძნული ტექსტის tri/a baptismata. სწორედ ამიტომ აღვნიშნავდით, რომ როდესაც გამოვთქვამთ რაიმე მეტად თამამ აზრს, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილნი, კატეგორიულობას მოკლებულნი, რადგანაც ვინც 50-ე სამოცქიულო კანონის ძველი ქართული თარგმანის ფრაზას (”სამნი ნათლისღებანი”) ერეტიკულად აცხადებს, ასეთი პირი ერეტიკოსად აცხადებს არსენ იყალთოელს (რადგანაც ხსენებული ფრაზა უთუოდ არსენისეულია) და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ერეტიკოსად აცხადებს მოციქულთა ბერძნული ტექსტის ავტორს წმ. კლიმენტი რომაელს, რადგანაც ბერძნულ ტექსტში ქართული ”სამი ნათლისღების” ზუსტი შესატყვისი ”სამი ბაპტიზმა” (tri/a baptismata) გვხვდება, ხოლო კონტექსტისგან მოწყვეტით, ცალკე აღებული ”სამი ბაპტისმა” ისევე ერეტიკულია, როგორც ქართულენოვანი ”სამი ნათლისღება”.

აქ აუცილებლად წამოიჭრება კითხვა: კი, მაგრამ, ”სამი ნათლისღება” ხომ მართლაც ერეტიკული ფრაზაა?

დიახ, ფრაზა ”სამი ნათლისღება” ისევე, როგორც ბერნძული ”სამი ბაპტისმა” ცალკე, კონტექსტისაგან მოწყვეტით, ნამდვილად ერეტიკული ფრაზაა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ საწინასწარმეტყველო და სამოციქულო სიტყვები ჭეშმარიტ აზრს ავლენენ მხოლოდდამხოლოდ მთლიან შესიტყვებაში, მთლიან სიტყვათშეხამებაში და არა კონტექსტისაგან მოწყვეტილად, განცალკევებით. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მოციქულთა და წინასწარმეტყველთა სიტყვების მთლიანი ფრაზისაგან, მთლიანი კონტექსტისაგან ამოგლეჯა ახასიათებდათ სწორედ ჭეშმარიტების მოწინააღმდეგე ცრუ ღვთისმეტყველთ, რადგანაც სწორედ ამ გზით ცდილობდნენ ისინი მათი უმართებულო მოძღვრების სამოციქულო ავტორიტეტზე დაყრდნობით დასაბუთებას. მრავალთაგან მოვიტანთ ორ თვალსაჩინო ნიმუშს იმისას, თუ როგორ იძენს სრულიად სხვა აზრს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ბიბლიური სიტყვები:

1. რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული მაცხოვრის ხორცშესხმის შესახებ გვაუწყებს: ”ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა” (რომ. 8,3).

ეს მუხლი, ცხადია, ყოვლითურთ მართლმადიდებლურია. მასში უწყებულია იმის შესახებ, რომ ძე ღმერთმა ჭეშმარიტად შეიმოსა ადამიანური ხორცი, მაგრამ მისი ხორცი ჩვენი ხორცისაგან განსხვავდებოდა მხოლოდ ერთი ნიშნით – უცოდველობით. ეს ცხადყოფს, რომ ძე ღმერთი ჭეშმარიტად განხორციელდა, ჭეშმარიტად შეიმოსა ხორცი (საუბარია მაცხოვრის აღდგომამდელ სხეულზე), რომელიც მთლიანად ჩვენეული ხორცია, მაგრამ ჩვენეული ხორცისაგან განსხვავებით, იგი უცოდველია, ე.ი. მაცხოვრის ხორცი, როგორც უცოდველი, ყოვლითურთ იგივეობრივი არ არის ჩვენი ცოდვილი ხორცისა. ამიტომ ამბობს მოციქული, რომ ძე ღმერთი მოივლინა ”მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა”, ე.ი. მისი ხორცი მსგავსია (და არა მთლიანად იგივეობრივია) ჩვენი ცოდვილი ხორცისა. ამ მსგავსებას, როგორც აღვნიშნეთ, ქმნის ერთადერთი თვისება, მაცხოვრის ხორცის უცოდველობა.

ცნობილია, რომ ქრისტიანულ სამყაროში მართლმადიდებლური მოძღვრების გარდა, რომლის მიხედვითაც მაცხოვარი ჭეშმარიტად განსხეულდა, პირველი საუკუნიდანვე აღმოცენდა მწვალებლური მოძღვრება ძე ღმერთის მოჩვენებითი ხორცშესხმის შესახებ. ეს არაჭეშმარიტი მოძღვრება, რომელიც ცნობილია ”დოკეტიზმის” სახელით (ბერძნ. do/khsij – მოჩვენებითობა), ქადაგებდა, რომ მაცხოვარმა მხოლოდ მოჩვენებით შეისხა ხორცი, მოჩვენებით იშვა იგი და ივნო ჯვარზე, ე.ი. მისი სხეული იყო მხოლოდ ზმანება, მოლანდება და არა სინამდვილე, რეალობა. დასკვნა დოკეტური სწავლებისა ასეთი იყო: ღმერთი მხოლოდ გარეგნულად ემსგავსა ადამიანის სხეულს. იგი მოივლინა არა ჭეშმარიტად ხორცშესხმული, არამედ ადამიანური ხორცის მარტოდენ მოჩვენებითი მიღებით ანუ ადამიანურ ხორცთან მიმსგავსებით.

ისევე, როგორც ყველა უმართებულო მოძღვრება, დოკეტიზმიც თავისი სწავლების დასაბუთებას საღვთო წერილით ცდილობდა. დოკეტისტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს სწორედ პავლე მოციქულის ზემოციტირებულ ფრაზას, ამოგლიჯეს მისგან სიტყვები ”მსგავსად ჴორცთა”, ე.ი. ჩამოაცილეს წინადადებას ბოლო სიტყვა ”ცოდვისათა” (”მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა”) და ამ გზით სრულიად შეუცვალეს აზრი დამოწმებულ მუხლს, რადგანაც ხსენებულმა მუხლმა სიტყვის ჩამოცილების შემდეგ ასეთი აზრი შეიძინა: ”ღმერთმა მოიავლინა თავისი ძე ხორცთა მსგავსად”, ანუ ხორცის მსგავსებით, ე.ი. არა ნამდვილი ხორცით, არამედ ხორცის მოჩვენებითი შემოსვით.

ამგვარად, თუმცა პავლე მოციქული ამბობდა, რომ მაცხოვარი ემსგავსება მხოლოდ და მხოლოდ ”ცოდვილ ხორცს” და არა ზოგადად ”ხორცს”, დოკეტისტებმა ზემორე სიტყვათა (”მსგავსად ხორცთა”) კონტექსტისაგან ამოგლეჯით სწორედ ეს უკნასკნელი შინაარსი მიანიჭეს მოციქულის სწავლებას.

დოკეტიზმის უარყოფა ჰქონდა განზრახული ბასილი დიდს, როდესაც იგი პავლე მოციქულის ზემორე სიტყვებს ასეთ კომენტარს ურთავდა: ”ითქვა, რომ განკაცება აღსრულდა ”მსგავსად ხორცთა ცოდვისათა”, ხოლო არა ”მსგავსად ხორცთა”, როგორც მათ (დოკეტისტებს, ე.ჭ.) ჰგონიათ, არამედ ”მსგავსად ხორცთა ცოდვისათა” (პგ. 32, სვ. 972, ბ. შდრ. ორიგინალი: ei)/rhtai e)n o(moiw/mati gegenh=sqai sarko\j a(marti/aj. Ou) ga\r e)n o(moiw/mati sarko\j, w(j tou/toij dokei=, a)ll ) en o(moiw/mati sarko\j a(marti/aj). ასევე, პავლე მოციქულის ერთ-ერთი კომენტატორი თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს: ”იტყვის (პავლე): ”მსგავსად ხორცთა ცოდვისათა”. ამით იმას კი არ გვაუწყებს, რომ უფალს ხორცი არ მიუღია, არამედ იმას, რომ ხორცი უფლისა არ არის ჩვენეული (ე.ი. ცოდვილი, ე.ჭ.), არამედ ბუნებით მსგავსი ცოდვილისა” (პგ. ტ. 124, სვ. 116).

2. მეორე ნიმუში საღვთო სიტყვების კონტექსტისაგან მოწყვეტისა უკავშირდება სატორნილოსის გნოსტიკურ სექტას. ამ სექტის მიმდევრები ასწავლიდნენ, რომ ადამიანი შექმნა არა ღმერთმა, არა ერთარსება სამებამ, არამედ ანგელოზებმა. ხსენებული სექტის მოძღვრება ასეთი იყო: არსებობდა ერთი შეუცნობელი მამა, რომელმაც შექმნა ანგელოზები, მაგრამ ეს ანგელოზები განუდგნენ ზენა ძალას. ანგელოზთაგან შვიდმა შექმნა სამყარო. შესაქმის ჟამს უზენაესი მამისაგან წამიერად გამოკრთება მშვენიერება. ანგელოზები აღივსებიან მისდამი ტრფობით და მოისურვებენ ამ წამიერი გამოკრთომის დასაკუთრებას, რის გამოც გადაწყვეტენ, რომ შექმნან ადამიანი სწორედ უზენაესი მშვენიერების მიბაძვით.

სატორნილის მიდევრები თავიანთ მოძღვრებას ასაბუთებდნენ ბიბლიის პირველი წიგნის, ”შესაქმის” პირველი თავის 23-ე მუხლით, სადაც წერია: ”ვქმნეთ კაცი სახედ და მსგავსად ჩუენდა”. სატორნილელები ფიქრობდნენ, რომ ამ მუხლის პირველი სიტყვა ”ვქმნეთ” (ახალქართულად: ”შევქმნათ”) ანგელოზთა სიმრავლეს ცხადყოფს (სინამდვილეში, მართლმადიდებლური მოძღვრებით, ეს სიტყვა ასაჩინოებს ერთარსება ღვთის სამპიროვნებას). მაგრამ როგორ დაესაბუთებინათ მათ, რომ ანგელოზებმა ადამიანი შექმნეს უზენაესი მშვენიერების მიბაძვით? მიბაძვისა და მიმსგავსების აღმნიშვნელად ხსენებულ ბიბლიურ ფრაზაში ხმარებული იყო სიტყვები ”სახედ და მსგავსად”, მაგრამ სირთულეს იწვევდა ბოლო სიტყვა ”ჩვენდა”, რადგანაც ეს სიტყვა აშკარად ცხადყოფს, რომ ადამიანი შეიქმნა თვით მისი შემქმნელის ”სახედ და ხატად”. ამიტომ, სატორნილელებს რომ მთელი ბიბლიური ციტატა მოეტანათ (”შევქმნათ კაცი ჩვენს სახედ და მსგავსად”), ის აზრი მიიღებოდა, რომ ანგელოზებმა ადამიანი შექმნეს თვით მათივე ბუნების (და არა უზენაესი ძალის) მსგავსად. ამიტომ, მათ წინადადებას ჩამოაცილეს ბოლო სიტყვა ”ჩვენდა” და ამით მათთვის სასურველი ფრაზა შექმნეს. წმ. ეპიფანე კვიპრელი ასე ამხილებდა სატორნილს: ”მან ჩამოკვეთა ”შესაქმის” წიგნში ღვთის მიერ თქმული სიტყვა ”ჩვენდა” და გამოტოვა იგი, რომ მის ცთომილებას დამაჯერებლობა ჰქონოდა” (წმ. ეპიფანე კვიპრელი, ოთხმოცი წვალების წინააღმდეგ. შდრ, ორიგინალი: parako/yaj to\ ei)rhme/non e)n t$= Gene/sei apo\ tou= qeou=, to! Kaq h(mete/ran! e)asaj to\ h(mete/ran, i(/na de\ e)/x$ h( pla/nh du)tou= th\n piqano/that; Pg. 41, 300 A).

დამოწმებული ორი ნიმუში (ამგვარი შემთხვევები ბევრია) აშკარად ცხადყოფს, რომ ბიბლიის ნებისმიერი სიტყვა კონტექსტისაგან, მთლიანი სიტყვათშეხამებისაგან მოწყვეტით სრულიად სხვა აზრს იძენს. ჭეშმარიტება საღვთო აზრისა მხოლოდ მთლიან ფრაზაში ვლინდება.

დავუბრუნდეთ 50-ე კანონს. ამ კანონში გვხვდება არა ცალკე აღებული ”სამნი ნათლისღებანი”, არამედ მთლიანი ფრაზა: ”სამნი ნათლისღებანი ერთისამე საიდუმლოობისანი” (tri/a ba/ptismata mia=j muh/sewj). მთლიანი ფრაზა აშკარად ცხადყოფს, რომ საქმე ეხება ”ერთ საიდუმლოს”, ერთ ნათლობას. სიტყვები ”ერთისა საიდუმლოობისანი” სრულიად გამორიცხავს წინარე სიტყვების (”სამნი ნათლისღებანი”) ერეტიკულ გააზრებას, რადგანაც ”ერთი საიდუმლო” ნიშნავს ერთგზის აღსრულებულ საეკლესიო საიდუმლოს, ანუ ერთ ნათლობას, რომელიც თავის შიგნით შეიცავს ”სამ ნათლისღებას”.

რას ნიშნავს მოტანილ კონტექსტში სიტყვები ”სამნი ნათლისღებანი”? ეს სიტყვები ნიშნავს ერთი საეკლესიო საიდუმლოს, ერთი ნათლისღების აღსრულების ჟამს სამი ერთარსი ნათლის (მამის, ძისა და სულის) მიღებას. მამის და ძის, როგორც ორი თანაარსი ნათლის შესახებ გვაუწყებს მრწამსი: ”ნათელი ნათლისაგან”. წმ. ბასილი დიდი გვაუწყებს: ”მამა არის ნათელი დაუსაბამო, ძე – ნათელი შობილი, ხოლო ”ნათელი” და ”ნათელი” სამართლიანად თქვეს ”ერთარსებად”, რომ ამით წარმოეჩინათ ბუნების ერთპატივობა” (წმ. ბასილი დიდი, 52-ე ეპისტოლე კანონიკოსთა მიმართ, პგ. 393 ც. შდრ. ორიგინალი: e)pei\ oun e)stin a)/narxon fw=j o( Path\r, gennhto\n de\ fw=j o( ni(o/j, fw=j de kai\ fw=j e(ka/terj, o(mou/sion ei)pan dikai/wj, i(/na to\ tj=j fusewj o(mo/timon…). სული წმინდაც, ცხადია, არის ნათელი, ერთარსი მამისა და ძის ნათლისა: ათენაგორა გვაუწყებს: ”სული არის გამოღვრა, როგორც ნათლისა ცეცხლისაგან” (ათენაგორა, შუამდგომლობა ქრისტიანთა გამო, პგ. VI, სვ. 945 ბ, შდრ. ორიგინალი: a)po/rroia, w(j fw=j a)po\ puro\j, to\ pneu=ma). წმ. სოფრონ იერუსალიმელი თავის ”სინოდიკურ ეპისტოლეში” წარმოთქვამს აღსარებას: ”მრწამს… ერთი უფალი იესუ ქრისტე… თანაარსი ნათელი ნათლისაგან (fw=j e)k fwto\j o(moou/sian)… და ერთი სულიწმიდა, მამაღმერთისაგან გამომავალი, ნათელი და ღმერთი” (”სინოდიკური ეპისტოლე სერგი პატრიარქისადმი”, პგ. 87, 3152 ც). წმ. იპოლიტე რომაელი განმარტავს: ”ნათელი ნათლისაგან, როგორც წყალი წყაროსაგან, როგორც სხივი მზისაგან” (fw=j e)k fwto\j h)/ u(/dwr e)k phgh=j h)/ w(j a)kti=na a)po\ h(li/ou; წმ. იპოლიტე რომაელი, ვიღაც ნოეტის წვალების წინააღმდეგ, პგ. X. 817 ც),

სამი განუყოფელი და ერთარსი ნათლის მიღება ცხადად არის უწყებული სახელგანთქმულ ძეგლში ”ბარლაამისა და იოდასაფის ცხოვრება”. ამ ”ცხოვრების” მნიშვნელოვანი ნაწილი აღწერს ბარლაამის მიერ იოდასაფის მოქცევის მცდელობას. ვრცელი კატეხიზაციის შემდეგ ბარლაამი იხსენებს თავის გაქრისტიანებას და ასე მიმართავს იოდასაფს: ”ამგვარად გაგვაბრწყინა ჩვენ ძემ-ნათელმა, მამისაგან-ნათლისაგან, სუწლიწმიდაში-ნათელში (ou(/tw ga\r h(mei=j, e)k fwto\j tou= patro\j fw=j perlamfqe/ntej to\n Ni(on en fwti\ t%= a(gi% Pneu/mati). ამასვე ურჩევს იგი იოდასაფს: ”თუკი ირწმუნებ და მოინათლები, ცხონდები” (იხ. პგ. 96, სვ. 945: ei) ou)=n pisteu/seij kai\ baptisq$=j, swqh/s$).

ფრაზა ”სამნი ნათლისღებანი ერთისა საიდუმლოობისანი”, არც მეტი არც ნაკლები, ცხადყოფს ერთარსება სამებისადმი ნათლობას. სამოციქულო კანონის მიხედვით ნათლობა არის ”ერთი” (ერთი საიდუმლო), ისევე, როგორც ერთია ღმერთი, მაგრამ ეს ერთი საიდუმლო გვანიჭებს სამ თანაარს ნათელს, რადგანაც სწორედ სამი თანაარსი ანუ სამბრწყინვალე ნათელია მამა, ძე და სული.

ზემოთქმული ცხადყოფს, რომ შესიტყვება ”სამნი ნათლისღებანი” ანუ ”სამი ბაპტიზმა” ნიშნავს არა სამ ნათლობას, არამედ ერთი ნათლობის, ერთი საიდუმლოს (”ერთისა საიუდმლოჲსა”) სამნაწილედობას, ნათლობის საიდუმლოს შინაგან სამჯერადობას (მამის, ძისა და სულის მიმართ).

ცნობილია, რომ როდესაც მღვდელი ემბაზში სამგზის შთაფლავს, ანდა როდესაც იგი სამგზის დაასხამს მოსანათლს წყალს, თითო შთაფლვის ან თითო დასხმის დროს წარმოთქვამს ერთარსება ღვთის თითო ჰიპოსტასის (მამის, ძის, სულის) სახელს. სწორედ ამ სამგზის წარმოთქმას, სამი ჰიპოსტასის სამგზის ხმობას ჰქვია ”სამი ნათლისღება”, ე.ი. მორწმუნე ნათელ-იღებს სამი განუყოფელი და ერთარსი ნათლის (ამამის, ძისა და სულის) მიმართ.

კონტექსტიდან მოწყვეტით ასევე უარყოფით შინაარსს იძენს 50-ე კანონის ფრაზა ”ერთი ნათლისღება”, რადგანაც ეს კანონი ერთი შეხედვით თითქოს გმობს ერთგზის ნათლობას. მასში უწყებულია: ”თუკი ვინმე ეპისკოპოსი ან ხუცესი… სრულყოფს… ერთ ნათლისღებას (”ჰენ ბაპტისმა”), აღსრულებულს უფლის სიკვდილის მიმართ, განიკვეთოს”.

სინამდვილეში ეს კანონი გმობს არა ზოგადად ”ერთ ნათლისღებას”, არამედ სახელდობრ ”ერთ ნათლისღებას, აღსრულებულს უფლის სიკვდილის მიმართ”.

ისევე, როგორც ”სამი ნათლისღების” შემთხვევაში, აქაც სიტყვა ”ნათლისღება” ნიშნავს კონკრეტულად ნაწილედობას, ჯერადობას, კერძოდ ”სამი ნათლისღება” ასაჩინოებს ერთი ნათლობის საიდუმლოს სამჯერადობას (მამის, ძისა და სულის მიმართ), ხოლო ”ერთი ნათლისღება” – ერთჯერადობას. უფრო ცხადად რომ ვთქვათ, ”ერთი საიდუმლოს სამი ნათლისღება” წარმოადგენს ნათლობის მართლმადიდებლურ წესს, ამ წესის მიხედვით ნათლობა სრულდება ერთგზის სამნაწილედად და ამით ეს წესი თავის თავში განასახიერებს ერთარსება სამებას, მაშინ როცა კონკრეტულად ”ერთი ნათლისღება, უფლის სიკვდილის მიმართ აღსრულებული” (და არა ზოგადად ”ერთი ნათლისღება”), უმართებულო ნათლობაა, რომელიც, მართალია, ერთგზის სრულდება, მაგრამ ამავე დროს სრულდება ერთნაწილედად, ე.ი. იგი სრულდება არა სამნაწილედად, სამი პირის, სამი ერთარსი ნათლის (მამის, ძისა და სულის) მიმართ, არამედ ერთნაწილედად, მარტოდენ ერთი პირის, ძე ღმერთის მიმართ.

50-ე კანონი გმობს არა თავზე სამგზის დასხმითი წესით ნათლობას, უფრო ზუსტად, ეს კანონი ეხება არა შთაფლვისა და დასმის ჭეშმარიტება-არაჭეშმარიტების საკითხს, არამედ ეხება და გმობს ერთნაწილედ, ერთჯერად ნათლობას, ე.ი. გმობს ნათლობას, რომელიც სრულდება მარტოდენ ერთი ჰიპოსტასისადმი და არა ერთარსება ღვთის სამი პირისადმი, სამი ერთარსი ნათლისადმი. 50-ე კანონი ერთნაწილედ ნათლობას უარყოფს, იმიტომ, რომ ერთნაწილედი ნათლობა არ არის ნათლობა სამების მიმართ, ხოლო ქრისტიანული ჭეშმარიტება სწორედ ერთი ღვთის სამპიროვნების აღიარებაში გამოიხატება. ამგვარად, სამოციქულო კანონის მიერ დაგმობილია და უარყოფილია ნათლობის საიდუმლოს ერთნაწილედობა, ე.ი. ნათლობა, რომელიც ერთგზის (და არა სამგზის) შთაფლვით თუ დასხმით აღსრულდა. ეგევე კანონი მართლმადიდბელურ წესად განაჩინებს ერთი ნათლობის სამნაწილედობას, ერთი ნათლობის აღსრულებას სამნაწილედად, სამი ერთარსი ნათლის (მამის, ძისა და სულის) მიმართ, მოსანათლის მიერ სამი ერთარსი ნათლის მიღებას ანუ ერთი საიდუმლოს სამ ბაპტიზმას, სამ ნათლისღებას.

ამგვარად, 50-ე სამოციქულო კანონის ფრაზებში ”სამნი ნათლისღებანი ერთისა საიდუმლოობისანი” და ”ერთი ნათლისღებაჲ, სიკუდილისა მიმართ უფლისა აღსრულებული”, ტერმინი ”ნათლისღება” აღნიშნავს არა ზოგადად ნათლობის საიდუმლოს, არამედ კერძოობითად, ნათლობის საიდუმლოს შინაგან ნაწილედობას, შინაგან ჯერადობას, ე.ი. მოტანილ კონტექსტებში ”ნათლისღება” მოციქულთა მიერ მოხმობილია კერძო მნიშვნელობით. საეკლესიო ტერმინებში ხშირად დასტურდება ზოგადი და კერძო მნიშვნელობების თანაარსებობა. მაგალითად, ტერმინი ”ანგელოზი” (a)/ggeloj) წმ. დიონისე არეოპაგელის სწავლებით, ზოგადი მნიშვნელობით არის სახელწოდება ზეციურ ძალთა ცხრა დასის ყველა წევრისა, კონკრეტული მნიშვნელობით კი – მარტოდენ ზემოდან მეცხრე ანუ ზეციურ ძალთა შორის ყველაზე ქვემო მწკრივისა (იხ. ”ზეციური მღვდელმთავრობისათჳს”, თავი 5. ასევე ”ძალნი” (duna/meij) ზოგადად ეწოდება ყველა ზეციურ არსებას, კონკრეტული, კერძო მნიშვნელობით კი -ანგელოზურ დასთა შორის ზემოდან მეხუთეს.

რამ გამოიწვია 50-ე სამოციქულო კანონის შექმნა? ნუთუ ამ კანონის გამოცემით მოციქულები შთაფლვის მართებულობისა და დასხმითი წესით ნათლობის უმართებულობის დადგენას განიზრახავდნენ? რა თქმა უნდა, არა. ამ კანონს რომ დასხმითი წესით ნათლობის უარყოფა და შთაფლვის, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ნათლობის დაწესება ჰქონოდა მიზნად, ეს პირდაპირ, არაორაზროვნად იქნებოდა მასში თქმული (ხსენებულ კანონში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც ”შთაფლვა” იხსენიება, არც ”დასხმა”). მაშ რას უარყოფს და რას აწესებს იგი?

ამ კითხვის პასუხი სრულიად ცხადადაა გამოთქმული ხსენებული კანონის ტექსტში: იგი უარყოფს ნათლობის საიდუმლოს ერთნაწილედობას, ანუ ნათლობის აღსრულებას მარტოდენ ღვთის ერთი პირის, ძე ღმერთის სიკვდილის მიმართ, რადგანაც ამგვარი ნათლობა არ გულისხმობს ქრისტიანული ჭეშმარიტების საფუძველს, ღვთის სამპიროვნებას; მეორე მხრივ, იგივე კანონი ადგენს და აწესებს ერთი ნათლობის, ერთი საიდუმლოს სამნაწილედობას ანუ ერთგზისი ნათლობის სამნაწილედობას, შინაგანი სამჯერადობით აღსრულებას სამი თანაარსი ანუ სამბრწყინვალე ნათლის (მამის, ძისა და სულის) მიმართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს კანონი რჯულმდებლობს ნათლობის სწორედ იმ წესს, რაც მაცხოვარმა დაუტოვა მოციქულებს: ”წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და სათელსცემდით (”ბაპტისატე”) მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა”.

როგორც თვით უფლის სიტყვები გვამცნობს, ნათლისცემა სრულდება სამნაწილედად, მამის, ძისა და სულის სახელით, მაგრამ ეს სამნაწილედობა, სამჯერადობა, ცხადია, ნიშნავს არა ზოგადად სამგზის ნათლობას, არამედ ერთგზისი ნათლობის სამ განუყოფელ რიტუალურ და მისტიკურ ნაწილს.

იგივე ”სამგზისი ნათლისღება” ერთი ნათლობის სამნაწილედობის შინაარსით, გვხვდება წმ. დიონისე არეოპაგელთან, რომელიც აღნიშნავს: ”სამგზის ნათელსცემს მას (მოსანათლს, ე.ჭ.) მღვდელი (tri\j me\n du)to\n o( i(era/rxhj bapti/zei; წმ. დიონისე არეოპაგელი, საეკლესიო იერარქიის შესახებ, თავი II, 7, პგ. III, სვ. 396 დ). აქაც სიტყვები ”სამგზის ნათელ-სცემს” (”ტრიას ბაპტიძეი”), ნიშნავს არა სამჯერ მონათვლას, არამედ ერთი მონათვლის სამბრწყინვალეობას, სამგზისობას, სამნაწილედობას, სამჯერადობას (მამის, ძისა და სულის მიმართ).

ამგვარად, ”ერთი საიდუმლოს სამი ნათლისღება” ნიშნავს ერთი ნათლობის საიდუმლოს აღსრულებას სამი ჰიპოსტასის, სამბრწყინვალე[4] ნათლის, სამ-ერთი ბრწყინვალების მიმართ, ანუ პირიქით რომ ვთქვათ, ნათლობის საიდუმლოს მხოლოდდამხოლოდ ერთგზისი აღსრულების ჟამს მოსანათლი ერთდროულად და განუყოფლად ნათელს-იღებს მამისაგან, ნათელს-იღებს ძისაგან და ნათელს-იღებს სულიწმიდისაგან, აი, ეს არის “სამნი ნათლისღებანი ერთისა საიუდმლოისანი”. გარდა ზემორე ტექსტებისა, ამის შესახებ პირდაპირ გვამცნობს წმ. ათანასე ალექსანდრიელი:

“როდესაც ნათლობა (“ბაპტისმა”) ხდება, ვისაც ნათელსცემს (“ბაპტიძეი”) მამა, მასვე ნათელ-სცემს (“ბაპტიძეი”) ძე და ვისაც ნათელ-სცემს (“ბაპტიძეი”) ძე, ის სრულ-იქმნება სულიწმიდის მიერ” (tou= bapti/smatoj didome/nou o(/n bapti/zei o( Path/r, tou=ton o ( Ni(o\j bapti/zei, kai\ o(/n o( Ni(o\j bapti/zei, ou(=toj e)n Pneu/mati a(gi% teleiou=tai; წმ. ათანასე ალექსანდრიელი, არიანოსთა წინააღმდეგ, II, თავი 41, პგ. 26, სვ. 236 ა)).[5]

ამგვარად, 50-ე სამოციქულო კანონი ადგენს და აწესებს ერთი ნათლობის სამნაწილედობას, რაც ნიშნავს ნათლობას სამების მიმართ, სამი თანაარსი ნათლის მიმართ და უარყოფას ნათლობის ერთნაწილედობას, რადგანაც ერთნაწილედობაში არ განიჭვრიტება სამება და ამიტომ იგი არ შეიძლება სამებისადმი ნათლობად შეირაცხოს.

ისევე, როგორც სხვა კანონები, ეს კანონიც ისტორიული ვითარების მიზეზით აღმოცენდა. საქმე ისაა, რომ “ახალი აღთქმის” არამართებული გააზრების საფუძველზე უძველეს დროშივე აღმოცენდა და გავრცელდა ერთნაწილედი ნათლობის წესი, ე.ი. წესი, რომელიც რიტუალურად სრულდება მარტოდენ ერთი პირისადმი, იესო ქრისტესადმი და არა სამებისადმი.

სამებისადმი ნათლობა განაჩინა მაცხოვარმა მათეს სახარებაში (იხ. ზემოდამოწმებული ტექსტი), მაგრამ ეს ფორმულა (“ნათელ-სცემდით სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა”) “ახალ აღთქმაში” სხვაგან არსად გვხვდება; სამაგიეროდ, “საქმე მოციქულთა”-ს წიგნში ყველგან თავს იჩენს ნათლობა არა სამების, არამედ იესუ ქრისტეს სახელით. აი შესაბამისი ნიმუშები:

პეტრე მოციქული ასე მიმართავს ხალხს: ”შეინანეთ და ნათელ-იღეთ (”ბაპტისთეტო” – baptisqh/tw) კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა” (საქმე 2,38).

იგივე პეტრე მოციქული კესარიაში ასე განაწესებს: ”და უბრძანა მათ ნათლისღებად (”ბაპტისთენაი” – baptisqj=san) სახელითა იესუ ქრისტესითა” (საქმე 10,48).

”საქმე მოციქულთაში” სხვაგან ვკითხულობ: ”ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს (”ებაპტისთესან” – e)bapti/sqjsan) სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა” (საქმე 19,5).

დამოწმებული ნიმუშები ერთი შეხედვით თითქოს უარყოფს სამების სახელით ნათლობას და აკანონებს ნათლობას ”სახელითა იესუ ქრისტესითა”. ეს, რა თქმა უნდა, ასე არაა. სამებისადმი ნათლისღება დაკანონებულია მაცხოვრის მიერ და იგი თავისთავად იგულისხმება ”საქმე მოციქულთას” ზემოდამოწმებულ ნიმუშებში. რაც შეეხება ამ ნიმუშებში დამოწმებულ კონკრეტულ მითითებას ”სახელითა იესუ ქრისტესითა”, ეს მითითება ნიშნავს არა იმას, რომ ნათლობა რიტუალურად ხდებოდა ერთნაწილედად, მარტოდენ იესუ ქრისტესადმი, არამედ იგი გულისხმობს, იგი ხაზს უსვამს მხოლოდ იმას, რომ მოციქულთაგან ქმნილი ნათლობა იყო ქრისტესმიერი, ქრისტესგან დაფუძნებული, ქრისტიანული (რაც თავისთავად გულისხმობს სამნაწილედობას), განსხვავებით იოანეს ნათლობისაგან. სწორედ ამას მიანიშნებს წმ. კვიპრიანე, როდესაც განმარტავს ”საქმე მოციქულთას” II თავის ზემოდამოწმებულ 38-ე მუხლს: ”პეტრე ახსენებს იესუ ქრისტეს, მაგრამ არათუ გამოტოვებულია მამა, არამედ მამას შეერთვის ძე” (besu Christi mensionem bacit Petrus, non quasi Pater omittererur, sed ut Patri Filius quoque adiungeretur, ეპისტოლე LXXIII, 17). წმ. ამბროსი მედიოლანელის განმარტებიდან ცხადი ხდება, რომ ”საქმე მოციქულთას” სიტყვები ”სახელითა იესუ ქრისტესითა” ნიშნავს არა რიტუალურ ფორმულას, რაც ნათლობის ერთნაწილედობაში ვლინდება, არამედ ეს სიტყვები ასაჩინოებს მოციქულთა ნათლობის ქრისტესგან მომდინარეობას, მის ქრისტიანულობას და ამ გზით განასხვავებს მას იოანესეული ნათლობისაგან. ქრისტეს სახელის ხსენება ”საქმე მოციქულთას” ზემოდამოწმებულ ნიმუშებში თავისთავად გულისხმობს სამებას, რადგანაც ქრისტიანული ჭეშმარიტება სწორედ სამების აღიარებაა. აი, წმ. ამბროსის სიტყვები: ”ვინც ერთი თქვა, სამება იგულისხმა, რადგანაც თუკი ამბობ ქრისტეს, ამით აღნიშნავს მამაღმერთსაც, ვისთანაც შეერთებულია ძე (აღნიშნავ) ძესაც, ვინც შეერთებულია (მამასთან) და სულიწმიდასაც, ვისთანაც შეერთებულია (ძე და მამა) (Qui unum diocerit, Trinitatem signauit. Si Christum dicas, et Deum Patrem a quo unctus est Filius, et ipsum qui unctus est Filium, et Spiritum, quo unctas est designasti, წმ. ამბროსი მედიოლანელი, სულიწმიდის შესახებ, პლ. XVI 714, 715, იხ. იქვე, შენ. a).

მიუხედავად იმისა, რომ ”საქმე მცოიქულთა” ქრისტეს სახელით ნათლობაში გულისხმობდა ქრისტიანულ ანუ იმავე სამნაწილედ, სამი თანაარსი ნათლის მიმართ ნათლობას, ცალკეულმა პირებმა უძველეს დროშივე პირდაპირ გაიგეს ხსენებული სიტყვები და დაამკვიდრეს ერთნაწილედი ნათლობა ანუ ნათლობა, რომელიც რიტუალურად სრულდებოდა მარტოდენ იესუ ქრისტეს სახელის წარმოთქმით, რაც, ცხადია, არ შეიძლებოდა შერაცხილიყო სამებისადმი აღსრულებულ ნათლისღებად.[6]

სწორედ ამგვარი ერთნაწილედი ნათლობის უარსაყოფად და მის ნაცვლად ჭეშმარიტი სამნაწილედი ანუ სამბრწყინვალე, სამი თანაარსი ნათლისადმი აღსრულებული ნათლობის საბოლოოდ დასაფუძნებლად გამოიცა მოციუქლთა 50- კანონი.

რატომ უარყოფს სამოციუქლი კანონი ასე მკვეთრად ერთნაწილედ ნათლობას და რატომ განაჩინებს მარტოდენ სამნაწილედი ნათლობის მართებულობას?

ამ კითხვაზე ნაწილობრივ ზემოთაც ვუპასუხეთ. ამჯერად უცრო ცხადად ვიტყვით: იმიტომ, რომ ნათლობის საიდუმლო არის იგივე სამების საიდუმლო. საქმე ისაა, რომ ღვთის არსებობა კაცთათვის გაცხადებული იყო უძველესი დროიდანვე, ამასთან, ღვთისგან რჩეულ ერში, იუდეველებში თავის დროზე თვით ჭეშმარიტი სარწმუნოებაც სუფევდა, მაგრამ მთელი კაცობრიობისათვის და ზეციურ ძალთათვისაც კი იორდანეში ქრისტეს ნათლისღებამდე დაფარული იყო უდიდესი და უზენაესი საიდუმლო, ღვთის სამპიროვნება ანუ სამება ერთარსებისა. სწორედ სამების განცხადება აღსრულდა ქრისტეს ნათლისღების ჟამს, 6 იანვარს; სწორედ ამიტომ ეწოდებოდა ძველქართულად მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაულს ”განცხადებაჲ” (ბერძნ. h(( e)pifa/neia – ”ეპიფანია”). მოგვაქვს სათანადო ნიმუშები:

”დღეს განცხადნა სამებაჲ წმიდაჲ წყალთა მათ ზედა იორდანისათა” (უძველესი იადგარი, თბ. 1980, გვ. 48).

”დღეს საცნაურ იქმნების სამებაჲ ერთარსებაჲ, ძჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ” (იქვე, გვ. 50).

”რომელი მამით და სულით წმიდითურთ განცხადენ, ქრისტე!” (იქვე, გვ. 52).

”დღეს ქუეყანასა ზედა განცხადებულად სამებაჲ წმიდაჲ ეცნობა ყოველსა ერსა იორდანესა ზედა, ოდეს ძჱ ღმრთისაჲ ნათელს-იღებდა და მამაჲ ზეგარდამო წამებდა და სული წმიდაჲ გარდამომავალი იხილეს, ვითარცა ტრედი, მის ზედა” (იქვე, გვ. 53).

”იორდანესა მდინარესა განსცხადენ სამებაჲ წმიდაჲ” (იქვე, გვ. 60).

”სამებაჲ გამოცხადნა იორდანესა ზედა ნათლისღებასა შენსა, ქრისტე, რაჟამს მამისა მიერ იწამე და სული წმიდაჲ სახედ ტრედისა მოვიდა შენ ზედა” (იქვე, გვ. 65).

”წყალთა ბუნებაი განწმდეს დღეს იორდანეს, რამეთუ მათ ზედა განცხადნა სამებაჲ წმიდაჲ” (იქვე, გვ. 67).

”იხილეთ, იხილეთ უფალი ღმერთი ჩუენი, რომელი სამებით განცხადნა იორდანესა ზედა, მამაჲ ზეგარდამო წამებით ნათლისცემასა ძისასა და სული წმიდაჲ, მსგავსად ტრედისა გარდამოსრული” (იქვე, გვ. 68).

”განცხადნეს წმიდაჲ სამებაჲ, რაჟამს-იგი ნათელს-იღებდა წყალთა შინა” (იოანე დამასკელი; იხ. მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, II, თბ., 1978, გვ. 177).

”ღმერთმან საუკუნეთამან, სამებით დიდებულმან, ინება დღეს განცხადებაჲ საიუდმლოჲ დაფარული უხილავთაგან ზეცისა ძალთა, სამგუამოვნებაჲ ღმრთეებისა თჳსისაჲ, იორდანესა ზედა, დღეს (იოანე მტბევარი, იხ. იქვე, გვ. 137).

”სამებისა ერთარსებაჲ, საიდუმლოჲ დაფარული, დღეს გამოცხადნა იორდანესა” (იქვე, გვ. 191).

”განცხადნა ერთარსებაჲ სამებისაჲ ნათლისღებასა შინა” (იქვე, გვ. 144).

რადგანაც მაცხოვრისეული ნათლისღება არის ”განცხადება სამებისა”, ამიტომ ქრისტიანული ნათლობაც სწორედ სამებას ”განუცხადებს” მოსანათლს. ნათლისღების საიდუმლოს რიტუალურ ქმედებაში თუ სამება არ ცხადდება, ის ნათლისღება ქრისტიანული არ შეიძლება იყოს. ერთნაწილედი ნათლისღებაც სწორედ იმიტომ იყო უარყოფილი, რომ მასში არ განიჭვრიტებოდა სამება და ეს გარემოება სრულიად აუქმებდა მას. ამიტომ განაწესა სჯულისკანონმა ერთნაწილედ ნათლობის მიმღებელთა ხელახალი ნათლობა.

ყოველივე ზემოთქმული შემდეგ, ვფიქრობთ, აღარ არის საეჭვო, რომ 50-ე კანონი სრულიად არ ეხება შთაფლვისა და თავზე დასხმის მართებულობა-არამართებულობის საკითხს. ეს აპრიორულადაც ასე უნდა ყოფილიყო, რადგანაც ”სჯულის კანონი” არ არის შინაგანად წინააღმდეგობრივი ძეგლი და თუკი შეიწყნარა ”დიდაქე”, ხოლო ამ გზით შეწყნარებულ წესად განაჩინა დასხმითი წესით ნათლობა, შეუძლებელია, რომ მასვე სამოციუქლო კანონით უარეყო იგი.

”სჯულისკანონს” რომ დასხმითი წესით ნათლობის უარყოფა არა აქვს განზრახული, ეს იქიდან ჩანს, რომ მასში მინიშნებაც კი არ არის დასხმითი წესით ნათლობის უმართებულობაზე. ეს მომენტი მეტად მნიშვნელოვანია და ქვემოთ კონკრეტულად შევეხებით მას.

უპირველესად, კვლავ გავიხსენოთ, რომ თავზე სამგზისი დასხმით ანუ თავზე წყლის სამგზისი პკურებით ნათლობა ცნობილია პირველი საუკუნიდანვე, რადგანაც იგი პირდაპირაა უწყებული სწორედ პირველი საუკუნის ძეგლში ”დიდაქეში”.

გარდა იმ ფაქტისა, რომ ”დიდაქე” შეწყნარებულია სჯულისკანონის მიერ, დასხმითი წესის მართებულობა, იმავე სჯულისკანონიდან გამომდინარე, სხვა მხრივაც მტკიცდება.

ვინც სჯულისკანონს იცნობს, მისთვის ცნობილი იქნება, რომ ეს ძეგლი რამდენჯერმე ეხება საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიიღონ ეკლესიაში არამართებულად მონათლულები. ამის შესახებ უპირველესად გვაუწყებს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 19-ე კანონი, რომელიც ეხება კონკრეტულად ”პავლიანიტთა ერესს”. კანონი გვამცნობს:

”პავლიანიტთათჳს, რომელნი მოუჴდებოდიან წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა, საზღვარი დადებულ არს მათთჳს, ესევითარი, რაჲთა კუალად ნათელ-სცემდნენ მათ სრულებით” (დიდი სჯულისკანონი, გვ. 236).

ლაოდიკიის კრების VII და VIII კანონი განაწესებს, რომ ის მწვალებლები, რომლებიც ეკუთვნიან ნავატიანთა და ფოტიანთა ანუ ”მეათოთხმეტეთა” ერესს, სამოციუქლო ეკლესიისკენ მოქცევის დროს მხოლოდ უარყოფენ მათ წვალებას, წარმოთქვამენ მრწამსს და იცხებენ მირონს, ხოლო ”ფრიგუელთა” წვალების მიმდევრებს სრული ნათლობა ესაჭიროებათ.

უფრო ვრცლად წარმოაჩენს აღნიშნულ საკითხს კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრების VII კანონი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ერესის უარყოფა და მირონცხება სჭირდებათ ”არიანოზთა და მაკედონიანოზთა და სავატიანოზთა და ნავატიანოზთა… და მარცხენეთა და მეათოთხმეტეთა, რომელ არიან მემეოთხენი და აპოლინარელთა”; ხოლო მეორე მხრივ ”ევნომიანოზთა, ერთითა შთაყოფითა ნათელღებულთა და მუნტანელთა, რომელნიც აქა ფრიგუელად სახელ-იდებიან და საბელიანოზთა, რომელნი ძე-მამობასა ასწავებენ… და სხვათა ყოველთა წვალებათა, ვინაჲთგან მრავალნი არიან აქა, უფრჲსღა გალატელთა სოფლით მომავალნი”, – ყველა მათ სრული ნათლისღება მართებთ.

ყოველივე ეს გამეორებულია და დამტკიცებულია, აგრეთვე, VI მსოფლიო კრების 95-ე კანონის მიერ, რომელიც თავის მხრივ დასძენს:

”ხოლო მანიქეველთა და ვალენტიანელთა და მარკიონიტთა და მსგავსთა ამათთა წვალებათაგან მოქცეულთა უჴმს შექმნაჲ ჴელითწერილისაჲ და შეჩუენებაჲ ყოვლისა წვალებისაჲ და ნესტორისი და ევტჳქისი და დიოსკორესი და სევეროზისი და სხუათა წინამძუართა ესევითართა წვალებათაჲსა და რომელნი აღიარებენ სარწმუნოებასა მათსა და ყოველთავე პირველმოჴსენებულთა წვალებათაჲ და ესრეთ მიღებაჲ წმიდისა ზიარებისაჲ” (დიდი სჯულის კანონი, გვ. 403).

ნიკეის VIII საეკლესიო კრებამ თავის მერვე კანონში განაჩინა, აგრეთვე, ებრაელთა სრული ნათლისცემა.

ყოველივე ზემოთქმულს ემატება ბასილი დიდის 47-ე კანონი, სადაც ნამცნებია სრული ხელმეორე ნათლისცემა ე.წ. ”მმარხველთა, ძაძით მოსილთა და განყენებულთა”. აღვნიშნავთ იმასაც, რომ კონსტანტინოპოლის II მსოფლიო საეკლესიო კრების VII კანონი გამეორებულია მარტვირი ანტიოქიელის ეპისტოლეში (იხ. დიდი სჯულისკანონი, გვ. 539-540).

საბოლოოდ, დავძენთ, რომ მეორე ნათლისღების საკითხს ეხება რუის-ურბნისის ძეგლისწერის 15- კანონი, რომელიც სომეხთა სრულ ნათლისცემას განაჩინებს (იხ. დიდი სჯულისკანონი, გვ. 553).

როგორც ვხედავთ, ”დიდი სჯულისკანონი” არაერთგზის სპეციალურად ეხება მეორედ ნათლობის საკითხს და ერეტიკოსთა სამ ჯგუფს გამოყოფს: (1) ვისაც მართებს მარტოდენ შეჩვენება ყველა წვალებისა და მირონცხება, (2) ვინც საჭიროებს სრულ ნათლისღებას, (3) ვისაც ევალება მარტოდენ ხელწერილის დადება და ყველა წვალების შეჩვენება.

არსად არცერთხელ ”სჯულისკანონი” მინიშნებითაც კი არ გვაუწყებს, რომ სამგზის სხურებით მონათლულს არათუ ხელმეორე ნათლობა, არამედ თუნდაც მარტოდენ ხელმეორე მირონცხება ანდა მარტოდენ ხელწერილის დადება ესაჭიროებოდეს.

უფრო მეტიც, არა მხოლოდ სჯულისკანონი, არამედ, საზოგადოდ, არც მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლობა არსად არცერთხელ მინიშნებითაც კი არ უარყოფს სამგზისი დასხმით ნათლობას.

განა ვინმე იფიქრებს, რომ ძველბერძნულ მართლმადიდებლობას, სჯულისკანონის ”სატანურ პრაქტიკად” მიაჩნდა სამგზის დასხმითი წესით ნათლობა და მიუხედავად ამისა, არათუ ოდნავადაც არ უარყო იგი არსად, არამედ, პირიქით, აშკარად შეიწყნარა კიდეც ის ძეგლი, სადაც ეს წესი მართებულ ნათლობადაა განჩინებული?

მთელი ზემორე მსჯელობიდან გამომდიანრეობს ორი დასკვნა: (1) სჯულისკანონი და ზოგადად მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლობა არსად არცერთხელ მინიშნებითაც კი არ უარყოფს სამგზისი დასხმით ნათლობას, (2) სჯულისკანონი და საერთოდ მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლობა იწყნარებს მოციქულთაგან მომდინარე კატეხიზმოს ”დიდაქეს” და, შესაბამისად, იწყნარებს სამგზის დასხმითი წესით ნათლობასაც, რაც ამ ძეგლში პირდაპირაა გაცხადებული.

ხშირად გვსმენია, რომ მხოლოდ შთაფლვითი წესით ნათლობის ჭეშმარიტებას ცხადყოფს ნათლისღების ბერძნული სახელწოდება ”ბაპტისმა” (baptisma), რაც ეტიმოლოგიურად, ყოფითი აზრით, თითქოს მარტოდენ ”ჩაძირვას” ნიშნავს. ვფიქრობთ, საჭიროა ამ საკითხის გარკვევაც.

უპირველესად გავიხსენოთ, რომ ზემორე აღნიშვნით: ”ბაპტისმა” საეკლესიო შინაარსით ნიშნავს არა ”შთაფლვას”, არამედ მთლიანად ნათლობის საიდუმლოს მისი შემადგენელი ნაწილებით. ”ბაპტისმა” რომ ეკლესიურადაც კონკრეტულად ”შთაფლვას” ნიშნავდეს, მაშინ ბერძნულენოვან მრწამსში არ გვექნებოდა: ”ვაღიარებ ერთ ”ბაპტიზმას”, რადგანაც ”ბაპტიზმას” ”შთაფლვად” გააზრება მრწამსის ამ მუხლს ერეტიკულად წარმოაჩენდა (მივიღებდით ასეთ ფორუმულას: ”ვაღიარებ ერთ შთაფლვას”).

ამჯერად თავი დავანებოთ ”ბაპტისმას” საეკლესიო შინაარსის შესწავლას და გავარკვიოთ, მართლა მარტოდენ ”შთაფლვას” ნიშნავს ყოფითი აზრით ბერძნული ”ბაპტისმა”, თუ არა:

ვინც ბერძნული ენის პირველსაფუძველბი მაინც იცის, მისთვის, რა თქმა უნდა, ისედაც ცნობილი იქნება, რომ სიტყვა ”ბაპტისმა” და ზმნები ”ბაპტიძო” და ”ბაპტო”, რომლებიც საეკლესიო აზრით ”ნათლისღებას” ნიშნავენ, ყოფითი შინაარსით შეიცავენ როგორც ”შთაფლვას”, ასევე ”დასხმის” მნიშვნელობასაც. საგულისხმოა, რომ ყოფითი აზრით ბერძნული ზმნა ”ბაპტიძო” (ან ”ბაპტო”) ნიშნავს კონკრეტულად წყლის ამოღებას და დასხმას. ეს შინაარსი ხსენებულ სიტყვას ჰქონდა როგორც ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე, ასევე გვიანანტიკური ხანის ბერძნულ მწერლობაში. მოგვაქვს სათანადო ნიმუში:

ალექსანდრე იმპერატორის ბიოგრაფიაში პლუტარქე ერთგან აღწერს ჯარისკაცულ ცხოვრებას და გვაუწყებს: ”მთელ გზაზე მხედრები ფიალებით, ყანწებითა და თერიკლეს სასმისებით ერთმანეთს უსხამდნენ (papti/zontej – ”ბაპტიძონტეს”) ვეებერთელა კასრებიდან და კრატერებიდან” (შდრ. ბერძნ. ტექსტი: fia/laij kai\ r(utoi=j kai\ qhriklei/oij para th\n o(do\n a(/pasan oi( otratiw=tai bapti/zontej e)k pi/qwn mega/lwn kai\ kruth/rwn a)llh/loij; იხ. )Alecandroj, 67,4). მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთ ხელნაწერში bapti/zontej-ს სინონიმურად ენაცვლება kuaqi/zontej, რაც ასევე ”დასხმას” ნიშნავს.

დავუმატებთ, რომ პლუტარქეს ხსენებული შრომა მკითხველისათვის ხელმისაწვდომია ქართულადაც აკაკი ურუშაძის თარგმანით. აი, შესაბამისი ადგილი ა. ურუშაძის თარგმანიდან: ”…ისინი ვეებერთელა კასრებიდან და კრატერებიდან განუწყვეტილივ ისხამდნენ (”ბაპტიძონტეს”) ღვინოს” (იხ. პლუტარქე, რჩეული ბიოგრაფიები, ძველბერძნულიდან თარგმნა ა. ურუშაძემ. თბ., 1975, გვ. 459).

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ ყოფითი შინაარსით ხმარებული ”ბაპტისმოს” და ”ბაპტო” ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებში არც ერთხელ არ არის ძველ ქართულად თარგმნილი ”შთაყოფად”, ”შთაფლვად”. აი, შესაბამისი ნიმუშები:

გარნა საჭმელთა ხოლო ზედა და სასუმელთა და პირად-პირადთა ბანათა… (ებრ. 9,10) μόνον ἐπὶ βρώμασιν καὶ πόμασιν καὶ διαφόροις βαπτισμοῖς
განრცხაჲ სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ (მარკოზ. 7,4) βαπτισμοὺς ποτηρίων καὶ ξεστῶν
დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა (ლუკა 16,24) βάψῃ τὸ ἄκρον τοῦ δακτύλου αὐτοῦ ὕδατος
მოიღეთ თქუენ უსუპი კონაჲ ერთი საპკურებელი და დააწეთ სისხლსა მას კრავისასა (გამოსვლ. 12,22) λήμψεσθε δὲ δέσμην ὑσσώπου καὶ βάψαντες ἀπὸ τοῦ αἵματος τοῦ παρὰ τὴν θύραν
დააწოს თითი მღდელმან მან სისხლსა მას და აპკუროს (ლევ. 4,6) βάψει ὁ ἱερεὺς τὸν δάκτυλον εἰς τὸ αἷμα καὶ προσρανεῖ
დააწოს მღდელმან მან თითი სისხლსა მას ჴბოჲსასა და აპკუროს შჳდგზის (ლევ. 4,17) βάψει ὁ ἱερεὺς τὸν δάκτυλον ἀπὸ τοῦ αἵματος τοῦ μόσχου καὶ ῥανεῖ ἑπτάκις
დააწო თითი მისი სისხლსა მას (ლევ. 9,9) ἔβαψεν τὸν δάκτυλον εἰς τὸ αἷμα
ყოველივე ჭურჭელი, რომლითა იქმნების საქმე, წყლითა განირცხეს (ლევ. 11, 33) πᾶν σκεῦος ὃ ἐὰν ποιηθῇ ἔργον ἐν αὐτῷ εἰς ὕδωρ βαφήσεται
დააწოს იგი… და აპკუროს (ლევ. 14, 5-7) βάψει αὐτὰ… καὶ περιρρανεῖ
დააწოს თითი… და დააპკუროს თითითა შჳდგზის (ლევ. 14, 15-16) βάψει τὸν δάκτυλον… καὶ ῥανεῖ ἑπτάκις τῷ δακτύλῳ
დააწოს სისხლსა მას ქათმისა მის დაკლულისასა წყალსა ზედა ცხოველსა და აპკუროს (ლევ. 14, 51). βάψει αὐτὸ εἰς τὸ αἷμα τοῦ ὀρνιθίου τοῦ ἐσφαγμένου ἐφ’ ὕδατι ζῶντι καὶ περιρρανεῖ ἐν αὐτοῖς
დააწოს წყალსა მას კაცმან წმიდამან და აპკუროს სახლსა მას (რიცხვ. 19, 18) βάψει εἰς τὸ ὕδωρ ἀνὴρ καθαρὸς καὶ περιρρανεῖ ἐπὶ τὸν οἶκον
დააწოს ზეთსა ფერჴი მისი (II რჯული, 33, 24) βάψει ἐν ἐλαίῳ τὸν πόδα αὐτοῦ
მოიღო მაქმანი და შეასოვლა წყლითა (IV მეფეთა, 8,15) Kai\ e)/laben to\ maxma kai\ e)/bayen e)n t%= u(/dati
იბანა იორდანესა შჳდგზის (IV მეფეთა, 5,14) e)bapti/sato e)n t%= )Iorda/n$ e(pta/ki
ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღება (დან. 5,21) a)po\ th=j dro/sou tou= ou)ranou= to\ sw=ma au)tou= e)ba/fh
და ცუარისაგან ცისა სხეული მისი შეიღებვოდა (დან. 4,30) kai\ a)po th=j dro/sou tou= ou)ranou= to\ sw=ma au)tou= e) ba/fh
რათა შეისოვლნენ[7] ფერჴი შენი სისხლითა (ფს. 67, 24) o(/pwj a)n\ baf$= o( pou/j sou e)n ai(/mati
და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა (გამოცხ. 19, 13) περιβεβλημένος ἱμάτιον βεβαμμένον αἵματι

როგორც ვხედავთ, ყოფითი შინაარსით ხმარებული ”ბაპტო” ქართულად ითარგმნება ”დაწებად”, ”შესოვლებად”, ”შეღებვად”, ხოლო ”ბაფტიძო” და ”ბაფტისმოს” – ”ბანად”, ”განრცხად” (ანუ გარეცხვად). სიტყვა ”დაწება”, რომელიც ყველაზე ხშირად გადმოსცემს ბერძნულ ”ბაპტო”-ს, ახალ ქართულად სხვას არაფერის ნიშნავს, თუ არა ”დასველებას” (იხ. ი. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი), ამიტომაა, რომ ”ბაპტო” ზოგჯერ ”შესოვლებად” ითარგმნება, რაც, აგრეთვე, ”დასველებას” ნიშნავს. საგულისხმოა ისიც, რომ ბერძნული ”ბაპტო” ჩვეულებრივ ისეთ კონტექსტებში გვხვდება, სადაც ”პკურებაზეა” საუბარი. ბევრ ზემოდამოწმებულ ნიმუშში ”დაწებას” სწორედ ”პკურება” მოსდევს. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ ორ შემთხვევაში ”ბაპტო” ზემოდან ცვარის პკურებას აღნიშნავს.

დამოწმებული ნიმუშები ეჭვს არ ტოვებს, რომ სიტყვები ”პაბტო”, ”ბაპტიძო” და ”ბაპტისმოს” ყოფითი აზრით მეტად ხშირად გულისხმობს არა მხოლოდ ჩაძირვას, შთაფლვას, არამედ – დასხმას, დასველებას, დაცვარვას, დაპკურებას, ”შესოვლებას”.

გარდა აღნიშნულისა, ახალი აღთმის ტექსტებში ხშირად გვხვდება ”ბაპტიძო” და ”ბაპტისმა” კონკრეტულად საეკლესიო აზრით, ნათლობის საიდუმლოს აღმნიშვნელად. ყველა ასეთ შემთხვევაში, როგორც ადრე აღვნიშნეთ, მათ შესატყვისად ქართულ თარგმანებში გვაქვს ”ნათლისცემა” ან ”ნათლისღება”.

შეიძლება გაჩნდეს კითხვ: ”თუ ”ბაპტისმა” ყოფითი აზრითაც არ ითარგმნება ”შთაფლვად”, მაშინ რა შეესატყვისებოდა ქართულ ”შთაფლვას” და რუსულ погружение-ს ბერძნულში?

მოკლედ აღვნიშნავთ, რომ წყლის პროცედურასთან დაკავშირებით ძველ ქართულში, ჩვეულებრივ, არ გვხვდება სიტყვა ”შთაფლვა”. მის ნაცვლად გვაქვს ”შთაყოფა”, რაც უიგივდება რუსულ погружение-ს და ორივე მათგანის ბერძნული შესატყვისი საეკლესიო ტექსტებში თითქმის ყველა შემთხვევაში არის ტერმინი kata/dusij (”კატადიუსის”). ძველ ქართულში წყალთან დაკავშირებით ზოგჯერ გვხვდება ”დაფლვა”, რასაც ბერძნულში შეესაბამება ”ka/luyij” (”კალიუფსის”), რომელიც ”დაფარვას” ნიშნავს. ცოტა ქვემოთ ჩვენ კვლავ გვექნება საშუალება, რამდენიმე სიტყვით შევეხოთ ტერმინ ”შთაყოფას”.

ამრიგად, სრულიად ცხადია, რომ ნათლობის ბერძნული სახელწოდება ”პაბტისმა” თვით ყოფითი აზრითაც გულისხმობს გარდა ”ჩაძირვისა”, ასევე ”დასხმასაც”. ეს გარემოებაც დამატებით ცხადყოფს, რომ, თუ სიტყვის ყოფითი შინაარსიდან ამოვალთ, ნათლობის წესი შეიძლება იყოს შთაფლვითაც და თავზე დასხმითაც.

რატომ შევეხეთ ნათლისღების საკითხს ასე ვრცლად? საქმე ისაა, რომ თავზე დასხმით ნათლობის ერეტიკულად შერაცხვა ქმნის ხელმეორე ნათლობის აუცილებლობას. როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, არასწორად მონათლულთ ხელმეორე ნათლობა სჭირდებათ. ერთი შეხედვით საკითხი მეტად იოლია: გადავინათლოთ შთაფლვითი წესით და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ”ღვთიური გზის” მესამე ნომრიდან ირკვევა, რომ სწორედ ასე მოქცეულა მ. ჩახავა. აი, მისი სიტყვები: ”თქვენნაირი ნათლობის მქონე რომ ვიყავი, მაშინ მოძღვარმა ანტონი მიწოდა – ენის წვერზე მომდგარი სახელი თქვენნაირმა მოძღვარმა, ხოლო როცა ჩამოვიშორე იმ ძველი ნათლობის ზადი და მწიკვლოვანება, სამოციუქლო კანონის მიხედვით, რჯულიერმა მღვდელმა უწინარეს დაბადების თვე და რიცხვი იკითხა ჩემი, რის შემდეგ გაშალა წიგნი წმინდანებისა და მაუწყა 17 დეკემბერს (ძვე. სტ. 4 დეკემბერი) დაბადებულისათვის ღმერთს იოანე უწოდებია” (გვ. 5).

მოტანილი სიტყვები გასაგებს ხდის იმ საოცარ მძულვარებას, რითაც გამსჭვალულია მ. ჩახავა სამგზის დასხმით ნათლობის მიმართ. საქმე ისაა, რომ ვინც მეორედ მოინათლა, მან უეჭველად უნდა დაამტკიცოს მისი პირველი ნათლობის ერეტიკულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. თუკი პირველი ნათლობა ერეტიკული არ არის, მეორედ ნათლობა, წმიდა მამათა მიხედვით, უმძიმეს ცოდვად შეირაცხება. გარდა 47-ე სამოციუქლო კანონისა ამის შესახებ გვამცნობს წმ. იოანე ოქროპირი. აი, მისი სიტყვები:

”ვინც მეორედ მოინათლავს თავს (”დეუტერონ ბაპტიძონ”) კვლავ ჯვარს აცმევს მას (ქრისტეს, ე.ჭ.)” (o( to/inun deu/teron e(auto\n bapti/cwn, pa/lin au)to\n stauroi=, იოანე ოქროპირი, 9-ე ქადაგება ებრაელთა მიმართ ეპისტოლის შესახებ, თავის 3, იხ. პგ. 63, სვ. 79).

ამასვე გვაუწყებს წმ. ნილოს სინელი:

”კვლავ ჯვარს აცმევენ მას მწვალებლები, რომლებიც… ბოროტად ესწრაფვიან კვლავ ნათლისღებას (”ანაბაპტიძეინ”) (წმ. ნილოსი, ეპისტოლეები, წიგნი 1, თავი 204, შდრ.: a)nastaurou=si d ) au)to\n ai(retikoi/… kakw=j a)nabapti/zein e)pixeirou=ntej, პგ. 79, სვ. 160 ა).

წმ. იოანე დამასკელი გვმოძღვრავს:

”თუკი ისეთი ვინმე, ვინც მოინათლა მამის, ძისა და სულიწმიდის მიმართ და ვისაც ეუწყა ერთი ბუნება სამპიროვანი ღმრთეებისა, კვლავ მოინათლა (”ავთის ანაბაბტიმონტაი”) იგი ხელახლა აცმევს ჯვარზე ქრისტეს” (ზედმიწევნითი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, წიგნი IV, თავი 9, შდრ.: o(/soi to/inon ei)j Pate/ra kai\ Ni(o\n kai\ a(/gion Pneu=ma baptisqe/ntej, mi/an fu/sin th=j qeo/thtoj e)n trisi\n u(posta/sesin didaxqe/ntej, au)=qij a)nabaptizontai, ou(/toi a)nastaurou=si to\n Xristo/n; Pg. 94, col. 1120).

როგორც ვხედავთ, მეტად მკაცრი ხვედრია განჩინებული მეორედ ნათლობისათვის, თუკი აღმოჩნდება, რომ პირველი ნათლობა არ იყო ერეტიკული. აქედან, ყველა მკითხველისათვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვინც მეორედ ნათლობა მიიღო, მან სრული უეჭველობით უნდა დაამტკიცოს პირველის ერეტიკულობა. რით შეიძლება ამის დამტკიცება? არსებობს ერთადერთი გზა: კონკრეტული მითითება სჯულისკანონისა, კონკრეტული განჩინება ძველბერძნული მართლმადიდებლობისა.

ეჭვი არ არის, ყველა წრფელ მორწმუნეს სულის სიღრმემდე აღელვებს საკუთარი ნათლობის მართებულობა-არამართებულობის საკითხი, რადგანაც თუკი მისეული ნათლობა არაჭეშმარიტია, თავიდან უნდა მოინათლოს, ხოლო თუკი ჭეშმარიტია და მაინც მოინათლება, უმძიმესი ხვედრისათვის გაწირავს თავს. ამიტომ, პირველი ნათლობის შეფასების ჟამს მორწმუნეს მართებს უდიდესი სიფრთხილე და გარკვეულობა.

ყოველი მორწმუნე ვალდებულია, რომ როდესაც მის პირველ, სამგზის დასხმით ნათლობას ვინმე ერეტიკულად დასახავს და მეორედ ნათლობისაკენ წააქეზებს მას, აუცილებლად, მტკიცე ნებით მოსთხოვოს წამქეზებელს ცხადი, პირდაპირი არგუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ძველბერძნული მართლმადიდებლობიდან, ე.ი. მოთხოვოს კონკრეტულად ძველბერძნული ტექსტი დ ასევე კონკრეტული მითითება ძველბერძნულ წყაროზე (ან უშუალოდ ხელნაწერზე, ან გამოცემაზე). ასეთ პრინციპულ და უაღრესად მნიშვნელოვან საკითხში არგუმენტის ძალა აქვს მარტოდენ ძველბერძნულ ტექსტს; ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ ძველბერძნული მართლმადიდებლური მოწმობის ასევე ძველბერძნულადვე მოტანას და მითითებას კონკრეტულ წყაროზე, ძველბერძნული ტექსტის შემცველ ხელნაწერზე ან გამოცემაზე, თანაც მხოლოდ მითითება არ კმარა: მკითხველი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდოს სხვის მითითებას და სხვის თარგმანს. მან თვითვე დედანშივე უნდა ნახოს დამოწმებული არგუმენტი, რადგან ესათუის პირი ხშირად იშველიებს გარკვეულ წყაროს, სხვამს მას ბრჭყალებში და ამ გზით მოტანილ ტექსტს ანიჭებს ზუსტი ციტატის სახეს, სინამდვილეში კი თავად ურთავს ნამდვილ ტექსტში თავისსავე სიტყვებს და აზრს უცვლის წმიდა მამათა ნათქვამს.

ზემოთ ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორ მიაწერა მ. ჩახავამ სიტყვები ”დავითის წინა პერიოდის ერეტიკულობა” კ. კეკელიძეს. ეს მოვლენა ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რადგანაც მ. ჩახავა არ ერიდება თვით სჯულისკანონის სიტყვიერ შეცვლასაც. მაგალითად, ერთგან იგი 50-ე სამოციუქლო კანონის შესახებ აღნიშნავს: ”ბერძნულში და სლავურში გარკვევით წერია:

”წყალში სამჯერ ჩაძირვა” (ღვთიური გზა, 3, გვ. 6).

გვაჩვენოს მ. ჩახავამ სად წერია ბერძნულში და სლავურში სიტყვა ”წყალში”. ჩვენ, ცხადია, გვესმის, თუ რაოდენ დიდია მ. ჩახავას სურვილი სამოციქულო კანონის ტექსტით დაამტკიცოს ნათლობის ჟამს მხოლოდდამხოლოდ წყალში ჩაძირვის აუცილებლობა, მაგრამ რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს სურვილი, არავის აქვს უფლება სიტყვა ჩაუმატოს სამოციქულო კანონში. როდესაც მ. ჩახავა უმატებს სიტყვას ”წყალში”, ამით იგი ქართველ მკითხველს განუმტკიცებს აზრს, რომ ბერძნულშიც ასე წერია და რომ ქართული ”სამნი ნათლისღებანი” არასწორი და ერეტიკული თარგმანია. ”სამი ნათლისღების” შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ამჯერად მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ სიტყვა ”წყალში” არ წერია სჯულისკანონის არც ბერძნულ, არც სლავურ და არც ძველქართულ ტექსტში. შეიძლება მ. ჩახავამ მოგვიგოს, რომ სლავური погружение გულისხმობს ”წყალსაც”, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მას ბერძნულზე არ უნდა მიეთითებინა, ამასთან უნდა დაეწერა, რომ სლავური თარგმანი გულისხმობს წყალს, ის კი სრული კატეგორიულობით აცხადებს: ”ბერძნულში და სლავურში გარკვევით წერია: წყალში სამჯერ ჩაძირვა”. მკითხველმა განსაჯოს, რამდენად ”გარკვევით წერია” სამოციქულო კანონში სიტყვა ”წყალი”.

გაცილებით მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მე-7 კანონის ციტირებისას. აი, როგორაა ეს კანონი ციტირებული მ. ჩახავას მიერ:

”გაეცანით მეორე მსოფლიო კრების მე-7 კანონს: ”…ისინი შეაჩვენებენ თავიანთ შეხედულებებს და ყოველნაირ მწვალებლობას, შემდეგ მათ სცხებენ მირონს. მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლებისაგან (ე.ი. მონათლულები არიან სამოციქულო 50-ე კანონით, მ.ჩ.). რაც შეეხება სხვა მწვალებლებს, როგორებიც არიან ევნომიანელები – წყალში ერთხელ შთაფლვით ნათელღებულნი (აქვე იგულისხმება ყველა გაუკუღმართებული ნათლობის მქონენი, რომლებსაც არ გააჩნიათ სამოციქულო ნათლობა, მ.ჩ.), თუ ისინი მოისურვებენ მართლმადიდებლობის აღსარებას, მიიღებიან როგორც წარმართნი” (ე.ი. მათ ნათლავენ კიდეც და მირონსაც სცხებენ, მ.ჩ.) (ღვთიური გზა, 3, გვ. 7).

მოტანილი ციტატის შიგნით ფრჩხილებში ჩასმული სიტყვები, რომლებსაც ახლავს საჭირო მითითება ”მ.ჩ.”, ცხადია მ. ჩახავას ეკუთვნის და ტექსტის ამგვარი განმარტების უფლებამოსილება ყველას აქვს, ე.ი. ფრჩხილებში მოწოდებული სიტყვები სრულიად არ არღვევს ციტატას, მაგრამ თვით ძირითად ტექსტში მ. ჩახავა უმატებს გრძელ წინადადებას, რაც, ცხადია, არ გვხვდება არც ბერძნულში, არც სლავურში, არც ქართულში. ეს წინადადებაა: ”მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგან ნათლისცემით ისინი არ განსხვავდებიან მართლმადიდებლობისაგან”. რადგანაც მ. ჩახავასთვის მართლმადიდებლურია მარტოდენ სამგზის შთაფლვითი ნათლობა, იგი აღნიშნული წინადადების შემატებით საეკლესიო კანონს იმ აზრს ანიჭებს, თითქოს ეკლესია მარტოდენ სამგზისი შთაფლვით მონათლულებს არ ნათლავს ხელმეორედ, სხვებს კი (მათ შორის თითქოს სამგზის დასხმით მონათლულებს) სრულ ნათლობას ავალდებულებს.

უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს, თუ რა ჩაუმატა მ. ჩახვამ, მოგვაქვს ზემორე კანონის შესაბამისი მონაკვეთის არსენისეული და ძველბერძნული ტექსტები:

1. არსენისეული თარგმანი: ”შეჩუენებად უბრძანებთ ყოველსა წვალებასა არა აღმსარებელსა ესრეთ, ვითარ აღიარებს წმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაჲ ღმრთისაჲ და ესრეთ დავბეჭდავთ, ესე იგი არს, ვსცხებთ წმიდასა მიჰრონსა შუბლსა და თუალთა და ცხჳრთა და პირსა და ყურთა და დავჰბეჭდვიდეთ რაჲ მათ ვიტყჳთ: საბეჭდავი ნიჭთა სულისა წმიდისათაჲ. ხოლო ევნომიანოზთა ერთითა შთაყოფითა ნათელღებულთა… ყოველთავე მათგანთა, რომელთა ენებოს მართლმადიდებლობისა აღსარებაჲ, ვითარცა ელენთაგან მოსრული, შევიწყნარებთ” (დიდი სჯულისკანონი, გვ. 263-264).

2. ძველბერძნული ორიგინალი: a)naqemati/zontaj pa=san ai(/resin, mh\ fronou=san w(j fronei= h( a(gi/a tou= qeou= kaqolikh\ kai\ a)postolikh\ )Ekklhsi/a! kai\ sfragizo/menouj h)/toi xriome/mouj prw=ton t%= a(gi/% to\ te me/twpon kai\ tou\j ofqalmouj kai\ ta\j r(i=naj kai\ to\ sto/ma kai\ ta\ w/=ta! kai\ sfragi/zontej au)tou\j legomen! Sfragi/j dwreaj Pneu/matoj a(gi/wn. Eu)nomianou\j me/ntoi tou\j ei)j mi/an kata/dusin baptize/menouj… pa/ntaj tou\j u(p ) au)tw=n qe/lontaj prosti/qesqai t$= o)rqodoci/# w(j (/Ellhnaj dexo/meqa (პგ. 137, სვ. 341).

ახალქართულად ზემორე ტექსტი ასეთი იქნება: ”მათ, რომლებიც შეაჩვენებენ ყველა წვალებას, – არა იმგვარად მზრახველს, როგორც ზრახავს ღვთის წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, – უპირველესად აღვბეჭდავთ ანუ ვცხებთ წმიდა მირონს შუბლზე, თვალებზე, ნესტოებზე, პირზე და ყურებზე და აღბეჭდვისას ვეტყვით მათ: ბეჭედი სულიწმიდის ნიჭისა, ხოლო ევნომიანელებს, რომლებიც ერთი შთაყოფით მოინათლნენ… მათ ყველას, ვინც კი ისურვებს შეეძინოს მართლმადიდებლობას, წარმართთაებრ (ელინთაებრ) შევიწყნარებთ”.

როგორც ცხადი გახდა, წვრილმან შეუსაბამობებს რომ თავი დავანებოთ, მ. ჩახავას მთლიანად გამოუტოვებია კრების კანონიდან სიტყვები (მოგვაქვს არსენისეული თარგმანი): ”არა აღმსარებელსა ესრეთ, ვითარ აღიარებს წმიდაჲ კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაჲ ღმრთისაჲ” (ბერძნ.mh\ fronou=san w(j fronei= h( a(gi/a tou= qeou= kaqolikh\ kai\ a)postolikh\ )Ekklhsi/a) და სანაცვლოდ ჩაუმატებია არარსებული სიტყვები: ”მათ ეკლესია არ ნათლავს ხელახლა, რადგანაც ნათლისცემით ისინი არ განსხვადებიან მართლმადიდბელობისაგან”.

ხშირად, ოდენ შთაფლვითი ნათლობის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად იშველიებენ ”ძველ აღთქმას”. როგორც ცნობილია, ”ძველი აღთქმა” წარმოადგნეს წინამოსწავებას ”ახალი აღთქმისას”, ე.ი. მასში სიმბოლურად უწყებულია ”ახალი ათქმა”. ეს ითქმის კონკრეტულად ქრისტესმიერი ნათლისღების შესახებ. ”ძველ აღთქმაში” არის ეპიზოდები, რომლებიც მოასწავებენ ქრისტიანულ ნათლობას. მოგვაქვს სათანადო ტექსტი, სადაც აღნიშნული აზრი სრულიად ცხადადაა გამოთქმული:

”ნოეს ზე პირველ მოესწავა სახეჱ ნათლისღებისაჲ, რაჟამს წყალთა მიერ წარჰრღუენ კაცთა ცოდვაჲ, მჴსნელო” (იხ. მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, II, თბ., 1978, გვ. 135, 33-34).

ამგვარად, ქრისტიანული ნათლობის პირველსახეა ნოეს დროს მომხდარი წარღვნა, როდესაც წყალმა შთაფლა ადამიანები.

აი, სხვა პირველსახენი:

”საიდუმლოჲ დიდებული და სახეჲ ნათლისღებისა შენისაჲ, ქრისტე, წინაჲსწარ გამოჰსახე მოსეს მიერ, ღმრთისა სიტყუაო, რამეთუ კუერთხითა განაპე ზღუაჲ იგი მეწამული და კუალად ელიაჲს ზე ხალენითა იორდანე განსავალად კიდობანსა მას სჯულისასა” (იქვე, გვ. 151, 11-14).

როგორც ცნობილია, ეგვიპტელთაგან დევნილი ებრაელები ჩავიდნენ მოსეს კვერთხით გაპობილ ზღვაში და მშვიდობიანად ამოვიდნენ მეორე ნაპირზე; ესეც წყალში შთაფლვითი ნათლობის წინასახეა, ისევე, როგორც სჯულის კიდობნის მდინარე იორდანეზე გადატანა (შდრ. ”საიდუმლოჲ უბიწოჲსა ნათლისღებისა შენისაჲ ქრისტე, პირველვე გამოისახა იორდანესა წყალთა, რამეთუ პირველთა მათ მღდელთა მიერ დაულტოლველად განჴდა კიდობანი იგი შჯულისაჲ” (გვ. 139, 33-37).

ზემოაღნიშნული სიმბოლოები (წარღვნა, მეწამული ზღვის გავლა, სჯულის კიდობნის მდინარეზე გადატანა) მოასწავებს შთაფლვითი წესით ნათლობას.

ჩვენთვის ამჯერად განსაკუთრებით საინტერესოა სხურებითი ანუ თავზე დასხმითი ნათლობის მომასწავებელი სიმბოლო. როგორც ცნობილია, ”დანიელის” წიგნში აღწერილია ნაბუქოდონოსორის მიერ სამი ებრაელი ”ყრმის” ცეცხლის ”საჴმილში” შეგდება. წინასწარმეტყველი გვაუწყებს, რომ ცეცხლში ჩაგდებულ ყრმებს მოევლინება ანგელოზი უფლისა, რომელიც ცვარით გააგრილებს მათ. აი შესაბამისი მუხლი:

”ხოლო ანგელოზი უფლისაჲ თანაშთავიდა მყის აზარიაეთსა საჴმილად მიმართ და განყარა ალი ცეცხლისა საჴმილისაგან და ყო შორის საჴმილისა, ვითარცა სული ცუარისა, ვითარცა-რაჲ მსტჳნავი და არა შეეხო მათ ყოვლითურთ ცეცხლი მათდა” (დანიელ. 3, 49-50).

სწორედ ეს ეპიზოდი წარმოადგენს სხურებითი ნათლობის ჭეშმარიტ სახეს. ამის შესახებ აურაცხელი უწყება გვაქვს ძველბერძნულ მართლმადიდებლურ ჰიმნებში, რომლებიც უძველეს დროშივე დამკვიდრდა ქართულ ეკლესიაში და ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე ”იადგარის” სახით. მაგალითად, ცნობილია ”უძველესი იადგარი”, რომელიც უკავშირდება წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელს[8]. ამ ”იადგარში” ნათლისღების დღესასწაულისადმი მიძღვნილ ერთ საგალობელში პარალელია გავლებული ზემორე ეპიზოდისა და ქრისტიანულ ნათლისღებას შორის:

”ყრმანი, სხურებულნი საჴუმილსა შინა ცუარითა, გიგალობდეს შენ და ჩუენ, განბანილნი წყლითა, შენდა ღმრთის-ვმეტყველებთ” (უძველესი იადგარი, თბ., 1980, გვ. 50).

სხვა ადგილას სრულიად გარკვევითაა თქმული:

”რომელმან ბაბილონს შორის საჴუმილსა გამოსახა ეკლესიაჲ, რომელსა შინა ყრმანი, ცუარითა ნათელღებულნი, დაუცხრომლად გიგალობდეს” (იქვე, გვ. 70).

მოტანილი ტექსტი ცხადყოფს, რომ ღუმელი ანუ ”საჴმილი”, სადაც სამი ებრაელი ყრმა ჩაყარეს, ”გამოსახავდა” ეკლესიას, ანგელოზისმიერი ცვარი კი – ”ნათლისღებას”.

გარდა გრიგოლ ხანძთელთან დაკავშირებული იადგარისა, როგორც ცნობილია, ჩვენამდე მოაღწია X ს-ის ცნობილი ჰიმნოგრაფის, წმ. ექვთიმე ათონელის ძმის, მიქაელ მოდრეკილის მიერ შედგენილმა და უშუალოდ მისი ხელიდან გამოსულმა იადგარმა, სადაც ასევე ნათლისღებასთან დაკავშირებით, ვკითხულობთ:

”იქცეოდეს, ვითარცა შორის სამოთხესა, საჴუმილსა მას შინა ცეცხლისასა, სამნი ყრმანი ღმერთშემოსილნი, რომელთა ასხურა სიტყუამან ღმრთისამან ცუარი მაგრილობელი, ხოლო აქა დღეს იორდანეს მისცა ბუნებასა წყალთასა ცოდვათა შემწუველობაჲ” (მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, II, თბ., 1978, გვ. 127, 5-6).

აი, სხურებით ნათლობის აღმნიშვნელი სხვა ადგილი:

”აცურიე მათ ცუარი მადლით” (იქვე, გვ. 127); ”საკჳრველი დიდებული ბაბილონს შინა საჴუმილმან აჩუენა ცუარსა ცურევითა, რომელსა მოასწავა წყალსა იორდანისათა შესლვად ცეცხლი უსხეულოჲ, ნათლისღებაჲ ქრისტესი ჴორცითა (იქვე, გვ. 135, 36-37).

ეს, რაც შეეხება სხურებით ნათლობის მომასწავებელ სიმბოლოს. ახლა მოვიტანთ ადგილებს, სადაც პირდაპირაა უწყებული მორწმუნეთა სხურების წესით მონათვლის შესახებ:

”გუასხურე ჩუენ წყალი ცხოველი[9] და განგუანათლენ დღეს ნათლისღებითა” (იქვე, გვ. 160, 36-37).

”ესხურა მაღლით მადლი უხრწნელებისა განხრწნილსა ბუნებასა კაცთასა, რამეთუ ქრისტემან ღმერთ-ყო შეზავებითა და დღეს იორდანეს განაახლა” (იქვე, გვ. 160, 38-39).

”გუასხურე წყურიელთა წყალი ცხოველი უცოდველმან ნათლისღებითა” (იქვე, გვ. 139, 33-37).

სრულიად ცხადი და არაორაზროვანი უწყება წარმართთა სხურებით მონათვლაზე გვაქვს შემდეგ ადგილას:

”ბუნებაჲ კაცობრივი განაახლე, ქრისტე ღმერთო, იორდანესა მდინარითა, მეწამულებაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათაჲ, ვითარცა რაჲ ძოწეული, უფროჲს თოვლისა განასპეტაკე მჴსნელო და ასხურე ცუარი ცხოველი წარმართთა წყლითა და სულითა წმიდითა” (იქვე, გვ. 198. 33-34).

საბედნიეროდ, მიქაელ მოდრეკილის იადგარი გამოქვეყნებულია ფოტოტიპიურად და ყველას შეუძლია თვით მიქაელისეულ ხელნაწერში შეამოწმოს ზემოდამოწმებული ნიმუშები.[10]

მეტად საგულისხმო გვეჩვენება, აგრეთვე, ჰიმნი სინის მთის მართლმადიდებელ მამათა მიმართ. ეს მამები, როგორც ცნობილია, მახვილით მოსრეს. ამ გზით მათ თავდაპირველ, ე.ი. წყლითა და სულით აღსრულებულ ნათლობასთან ერთად სისხლისმიერი ნათლობაც მიიღეს. როგორც ცნობილია, ყველა მორწმუნეს, რომელიც უკვე ნათელღებული იყო, მარტვილობა, სისხლის დათხევა მეორე ნათლობად ერაცხებოდა. მაგალითად, წმიდა მოწამე აბო თბილელის შესახებ ვკითხულობთ:

”და ორგზის ნათელ-იღე,

წყლითა და სისხლითა, მჴნეო ჰაბო”

(იხ. პ. ინგოროყვა, შრომები, III, გვ. 386)

ცნობილია ისიც, რომ ნათლისღების ამ ორი სახის (წყლითა და სისხლით) მომასწავებელი იყო ჯვარზე გაკრული მაცხოვრის გვერდიდან წყლისა და სისხლის გადმოსხმა. ამის შესახებ გვაუწყებს, მაგალითად, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: ”გვერდიდან ერთად გადმოღვრილი წყალი და სისხლი იყო ორმაგი ნათლობა: საბანელისა და ვნებისა” (pleura=j de\ r(eu=san ai=ma kai\ u(/dwr a(/ma, to\ disso\n h)=n ba/ptisma, lou/trou kai\ pa/qouj; იხ. პგ. 37, სვ. 961 ა).[11]

ამგვარი ორმაგი ნათლობა მიიღეს სინელმა მამებმა. საგალობელი ასე მიმართავს მათ:

”განბანილნი წყლითა და სულითა, ისხურენით სისხლითა თქუენითა” (მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, გვ. 202, 12).

ციტატა ცხადყოფს, რომ წყლითა და სულით განბანილმა მამებმა მეორე ნათლობა მიიღეს მათივე სისხლის ”სხურებით”. ეს აზრი სხვა ადგილასაც არის გამოთქმული:

”თანახატ ექმნნეს ნეტარნი მამანი ჴორცითა უბიწოსა წმიდასა ნათლისღებასა შენსა, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რაჟამს ისხურნეს სისხლითა, პირველგანბანილნი წყლითა და სულითა” (იქვე, გვ. 207, 26-27).

ამგვარად, სინელმა მამებმა, რომლებიც ”პირველგანბანილნი იყვნენ წყლითა და სულით”, მათი სისხლისმიერი ნათლობა ”სხურებით” მიიღეს. ეს სისხლისმიერი ”სხურება” გათანაბრებულია ”განბანვასთან”, ე.ი. ”სხურება” აღნიშნულ საგალობელში იგივეა, რაც ”განბანვა”. აი, შესაბამისი ადგილი:

”კუალად სისხლითა განბანნეს გუამნი მათნი” (იქვე, გვ. 206).

”საბანელსა ღუაწლისასა შთაჰჴედით, ვითარცა მჴსნელი ჩუენი იორდანესა და ნაცვლად წყლისა, ისხურენით სისხლითა” (იქვე, გვ. 206, 25).

როგორც ვხედავთ, სინელ მამათა სისხლისმიერი ნათლობა აღსრულდა ”სხურებით”. ამჯერად ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს, თუ რა სახისა იყო სინელ მამათა ”პირველგანბანვა”, მათი წყლითა და სულით ნათლობა.

თვით ზემოდამოწმებულ ბოლო ნიმუშში ფრაზა ”და ნაცვლად წყლისა ისხურენით სისხლითა”, გულისხმობს, რომ წყლით ნათლობაც ”სხურებით” იყო. ეს აზრი პირდაპირაა გამოთქმული შემდეგ სიტყვებში:

”ემბაზ გუექმნა წყალი საღმრთოჲ, რომელსაცა შინა განიბანა მჴსნელი, რომლითაცა ისხურნეს ღმერთშემოსილნი, ღირსნი მამანი და კუალად სისხლითა განბანნეს გუამნი მათნი” (იქვე, 206, 31-32).

ეს სიტყვები ახალქართულად ასე იქნება: ”ემბაზი გახდა ჩვენთვის საღვთო წყალი, რომელშიც განიბანა მხსნელი და რომლითაც სხურებულ იქმნენ (”ისხურნეს”) ღმერთშემოსილნი, ღირსი მამები და (მათ) კიდევ სისხლით განბანეს მათი სხეულები”.

მოტანილი ადგილი ეჭვმიუტანლად ცხადყოფს, რომ სინელ მამათა პირველი ანუ წყლისმიერი ნათლობა სხურებით აღსრულდა, რის გარდა მათ მიიღეს, აგრეთვე, სისხლისმიერი განბანვაც.

ეს, რაც შეეხება ძველბერძნული მართლმადიდებლური ჰიმნების ძველქართულ თარგმანებს.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ”ძველი აღთქმისეული” სისხლით პკურება ბასილი დიდის განმარტებით არის სახე ჭეშმარიტი პკურებისა, ქრისტიანული ნათლისღებისა, ახალშობის ემბაზისა, ისევე, როგორც, ძველი აღთქმის სისხლიანი მსხვერპლშეწირვა სახე იყო ჭეშმარიტი მსხვერპლისა, მაცხოვრისა. აი, ბასილი დიდის სიტყვები: ”ერთია მსხვერპლი, – ქრისტე და მისებრ სიკვდილი წმინდანთა, ერთია პკურება, – ახალშობის საბანელი, ერთია გამოხსნა ცოდვათაგან, – სოფლის ცხონებისათვის დათხეული სისხლი” (”განმარტება ესაია წინასწარმეტყველისა”, თავი 1,23, პგ. 30, სვ. 169 ბ. შდრ.: ორიგინალი: mi/a qusi/a, o( Xristo\j, kai\ h( kat )au)to\n ne/krwsij tw=n a(gi/wn. Ei(j r(antismo\j, to\ loutro\n th=j paliggennesi/aj. e(/n a(marti/aj luth/rion, to\ e)kxuqe\n u(pe\r th=j swthri/aj tou= ko/smou ai(=ma. შდრ. რუსული თარგმანი: “Одна жертва – Христое и мертвость Святых по Христь; одно кропление – баня покибытия; одно умилостивление за грех – изляние за спасение мира Кровь;” იხ. Творения иисе во святых отца нашего Василия Великаго, Арх. Кесарии-Каппадокийския, часть II, 1845, стр. 45.).[12]

ამჯერად მოკლედ შევეხოთ საკუთრივ ძველქართულ ორიგინალურ საეკლესიო ლიტერატურას. ყურადღებას მივაქცევთ ყველასათვის კარგად ცნობილ ძეგლზე, რომელსაც ”მოქცევაჲ ქართლისაჲ” ეწოდება. ეს ძეგლი IV ს-ის ქართული ეკლესიის ვითარებას ასახავს. მასში ერთგან დაწვრილებითაა უწყებული, თუ როგორ ირწმუნებს ქრისტეს აბიათარი და მისი ასული სიდონია ნინოს კატეხიზმური ქადაგების შედეგად, როგორ მოინათლებიან ისინი და ნათლობის შემდეგ როგორ ეზიარებიან მაცხოვრის სისხლსა და ხორცს. აღნიშნულ ადგილას სრულად არის წარმოდგენილი გაქრისტიანების პროცესი: (1) კათაკმევლობის პერიოდი, ანუ კატეხიზმური ცოდნის შეძენა, (2) წყლითა და სულით ნათლისღება ანუ ემბაზში განბანვა, (3) მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარება. მოგვაქვს სათანადო ციტატა:

”ვიწყე კითხვად დედაკაცისა მის ნინოჲსა ქრისტესთჳს თუ ვინაჲ იყო იგი, ანუ რომლისა მიზეზისათჳს იქმნა ღმერთი კაც. მაშინ ნეტარმან მან აღიღო პირი თჳსი, ვითარცა ჯურღმულმან აღმომდინარემან და ვითარცა წყარომან დაუწყუდელმან. იწყო საუკუნითგანთა, ჩემთა წიგნთა ზეპირით წარმოიტყოდა და განმიმარტებდა და ვითარცა მძინარესა, განმაღძებდა და ვითარცა დასულებულსა, განმანათლებდა და მამათა ჩემთა შემაწყალებდა და შჯულსა ცვალებასა შემაჯერებდა, ვიდრემდის მრწმენა სიტყჳთა მისითა ქრისტეს, ძჱ ღმრთისაჲ, და ვნებაჲ მისი და აღდგომაჲ დიდებით, და მეორედ მოსლვაჲ მისი საშინელებით, და ჭეშმარიტად იგი არს მოლოდებაჲ წარმართაჲ. მას ჟამსა მე და ასული ჩემი ღირს ვიქმნენით საპკურებელსა და განსაწმედელსა ცოდვათასა, ემბაზსა, წყალსა მას წმიდასა, რომელსაცა ინატრიდა დავით წინასწარმეტყველი და ვერ ეწიფა. და კუალად მესამ მე ჴმაჲ ახლისა შჯულისა მგალობელთაჲ, რომელსა ინატრიდა იგივე დავით და ვერ მიემთხჳა. და ღირს ვიქმენ ზიარებად ჭეშმარიტსა ჴორცსა და სისხლსა კრავისა მის ღმრთისასა” (იხ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, თბ., 1954, გვ. 145-146, იხ. აგრეთვე, შატბერდის კრებული, თბ., 1979, გვ. 347).

როგორც სრულიად აშარად ჩანს, აბიათარს და სიდონიას ჯერ გაუვლიათ კატეხიზმური პერიოდი, შეუძენიათ სარწმუნოება ქრისტესი, შემდეგ კი მონათლულან, ანუ ტექსტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ღირსნი გამხდარან ცოდვათა გამწმედელი და საპკურებელი ემბაზისა, წმიდა წყლისა (”ღირს-ვიქმნენით საპკურებელსა და განსაწმედელსა ცოდვათასა, ემბაზსა, წყალსა მას წმიდასა”).

ზემორე სიტყვები მოტანილია X ს-ის ცნობილია შატბერდული ხელნაწერის მიხედვით. ამ ხელნაწერში შესული ”მოქცევაჲ ქართლისაჲ გადაწერილია წმ. ექვთიმე ათონელის დისშვილის იოანე-ბერას მიერ.

”მოქცევაჲ ქართლისაჲ” მოღწეულია XIV ს-ის ჭელიშური ხელნაწერითაც, სადაც შესაბამისი ადგილი ასე იკითხება:

”მას ჟამსა მე და ასული ჩემი ღირს ვიქმნენით საპკურებელსა მას განსაწმდელსა ცოდვათასა, ემბაზისა წყალთა” (იხ. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურა, I, გვ. 146).

კარგად არის ცნობილი, რომ XI ს-ის II ნახევარში რუისის მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ შეადგინა ”ქართლის ცხოვრების” I ნაწილი, სადაც, ასევე, გვხვდება თხრობა აბიათარისა და მისი ასულის მონათვლის შესახებ. აი, შესაბამისი ადგილი:

”მე და შვილი ჩემი ღირს ვიქმნენით მოღებად საპკურებელსა მას განსაწმედელსა ცოდვათაგან, ემბაზისა წყალსა, რომელსა ინატრიდა დავით და ვერ ეწიფა” (ქართლის ცხოვრება, I, თბ., 1955, გვ. 97).

მოტანილი ადგილები აშკარად ცხადყოფენ, რომ აბიათარი და მისი ასული ეღირსნენ ცოდვათაგან განმწმენდ ”საპკურებელ ემბაზის წყალს”, რომელსაც ნატრობდა დავითი და ვერ ეღირსა, რადგანაც ქრისტიანული ნათლობა მის დროს მხოლოდ მოესწავებოდა, რეალურად კი ჯერ კიდევ არ იყო გამობრწყინებული. ციტატები იმასაც ასაჩინოებს, რომ აბიათარისა და სიდონიას ნათლობა ქრისტიანული ანუ ახალი სჯულის მგალობელთა ფონზე აღსრულდებოდა.[13]

ეს, რაც შეეხება პკურებითი ანუ თავზე დასხმითი ნათლობის დამადასტურებელ ნიმუშებს ძველბერძნულ და ძველქართულ მართლმადიდებლობაში.

ამჯერად, კვლავ გვინდა ზოგადად შევეხოთ ნათლობის საიდუმლოს რიტუალური შესრულების ცვლილებათა საკითხს. ზემოთ დამოწმებული გვქონდა ზ. ნარმანიას სიტყვები იმის შესახებ, რომ ძველბერძნულ მართლმადიდბელობას არასოდეს შეუცვლია სამოციქულო წეს-ჩვეულებები, გარდა იმისა, რომ იოანე ოქროპირმა ”ოდნავ შეამცირა” ლიტურგია (იხ. ღვთიური გზა, 2, გვ. 10). მკითხველს ზემოთ ვაჩვენეთ, თუ როგორ ”ოდნავ შეამცირა” იოანე ოქროპირმა ლიტურგია. ამჯერად, ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში საკუთრივ ნათლობის წეს-ჩვეულებათა ცვლილებებზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგანაც ზ. ნარმანიას ზემორე სიტყვები ნათლობის წესის ფორმობრივ ცვლილებას (იქნება ეს სამოციქულო წესის გართულება თუ გამარტივება) სრულიად გამორიცხავს.

ჩვენ აქ აღარ გავიმეორებთ ”დიდაქეს” უწყებას ნათლობის წესის ფორმობრივ სახესხვაობათა შესახებ. მხოლოდ მოვიტანთ ზოგად მოწმობას, რომ ნათლობაც და ყველა სხვა საეკლესიო წესი (ე.ი. არა მარტო ლიტურგია) შეიცვალა წმინდა მამების ჟამს, თუმცა ზ. ნარმანია კატეგორიულად გამორიცხავს საეკლესიო წეს-ჩვეულებათა სამოციქულო გადმოცემის ოდნავ ცვლილებასაც კი, გარდა ლიტურგიისა (კვლავ გავიხსენოთ მისი სიტყვები: ”ამ კრებების შიგნით მომხდარი ცვლილებები არასოდეს შეხებიან წეს-ჩვეულებათა შესახებ სამოციქულო გადმოცემას, გარდა ლიტურგიისა, რომელიც იოანე ოქროპირმა ოდნავ შეამცირა”, ღვთიური გზა, 2, გვ. 10).

ცნობილია, რომ საეკლესიო წეს-ჩვეულებათა სამოციქულო გადმოცემა ყველაზე უკეთ შემონახულია წმ. დიონისე არეოპაგელის თხზულებაში ”საეკლესიო მღვდელმთავრობის შესახებ”, რადგანაც წმ. დიონისე იყო მოწაფე პავლე მოციქულისა. მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლობა ურყევად აღიარებდა, რომ ხსენებულ შრომაში დაცულია ჭეშმარიტი სამოციქულო გადმოცემა საეკლესიო წეს-ჩვეულებებისა. ამავე დასკვნამდე მივიდა ბევრი თანამედროვე მკვლევარიც.

წმ. დიონისე არეოპაგელის ”საეკლესიო მღვდელმთავრობის” შესახებ მეორე თავი ეხება ნათლისღებას. ამ თავს, ისევე, როგორც წმ. დიონისეს სხვა შრომებს VII ს-ში ღრმა განმარტებები დაურთო ძველბერძნული მართლმადიდებლობის უდიდესმა მნათობმა წმ. მაქსიმე აღმსარებელმა. ჩვენთვის ამჯერად განსაკუთრებით საგულისხმოა წმ. მაქსიმეს ის კომენტარი, რომელიც ერთვის წმ. დიონისეს მიერ აღწერილი ნათლობის სახელდობრ რიტუალურ მხარეს. ეს კომენტარი სხვა კომენტარებთან ერთად ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ. მოგვაქვს ძველქართული და ძველბერძნული ტექსტები:

”არა ჯერ არს მათდა, რომელნი ”საეკლესიოჲსა მღვდელმთავრობისა” თქუმულთა მიემთხჳნენ, რაჲთამცა უცხო-უჩნდა დიდისა ამის მოძღურისა, ვითარ შეცვალებით აწ ქონებულთა ამათ წესთა სხუებრ” (იხ. XII ს-ის ხელნ. A – 110, გვ. 314).

”Ou) xrh\ to\n e)ntogxa/nonta toi=j Peri\ th=j e)kklhsiastikh=j i(erarxi/aj lo/goij tou= Patro\j ceni/zenqai, ei) para\ th\n nuni\ kratou=san e)n tai=j e/kklhsi/aij ta/cin e)n tai=j tw=n musthri/wn teletai=j parhllagme/na le/gei tina/ (პგ. IV, სვ. 126 დ).

ძველბერძნული ტექსტი ახალქართულად ასე იქნება: ”ვინც ჰპოვებს ”საეკლესიო მღვდელმთავრობის” სიტყვებს, არ უნდა იუცხოვოს მან მამისა (დიონისესი, ე.ჭ.), თუკი ამოიკითხავს, რომ ეკლესიებში ამჟამად პყრობილი წესი საიდუმლოთა აღსრულებისა რაღაცეებით შეცვლილია”.

როგორც ვხედავთ, წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამოწმებს, რომ VII ს-ისათვის საეკლესიო საიდუმლოთა აღსრულების წესები რაღაცეებით შეცვლილია. სწორედ ამიტომ აფრთხილებს იგი მის თანამედროვე (ე.ი.VII ს-ის) მკითხველს, რომ თუ ეს მკითხველი სხვაობას ნახავს წმ. დიონისეს მიერ აღწერილ წესსა და მის დროინდელ ეკლესიებში დამკვიდრებულ წესს შორის, ნუ იუცხოვებს ამას, ნუ გაუკვირდება ასეთი რამ.

სხვადასხვა შემთხვევაში წმ. მაქსიმე საგანგებოდ აღნიშნავს, თუ როგორ იყო შეცვლილი მის დროს წმ. დიონისეს მიერ აღწერილი ესათუის წესი. მეტად საგულისხმო გვეჩვენება, რომ ერთ-ერთი ამგვარი ცვლილების წარმოჩენისას, წმ. მაქსიმე აღმსარებელი პირდაპირ, არაორაზროვნად გვაუწყებს, რომ ცვლილება გამოიწვია სწორედ დროის მოთხოვნამ, ეპოქის გათვალისწინებამ. მოგვაქვს ძველქართული და ძველბერძნული ტექსტები:

”შემდგომად მიჰრონისა ცხებისა წმიდისა ზიარებისა მიცემად ბრძანებს ახალმონათლეთა… რომელი-იგი მაშინდელთა ჟამთა შეეტყუებოდა, ხოლო აწ უგანკრძალულესად იქმნების სრულებითითა ჟამისწირვითა შეწირვაჲ” (ხელნ. A – 110, გვ. 314).[14]

ბერძნული ტექსტი: ”meta\ th\n xri/sin tou= mu/rout h\n th=j a(gi/aj koinwni/aj meta/lhyin ei)sa/gei gi/nesqai. Ei)ko\j gar h)=n tau=ta, t$= tw=n xro/nwn me\n katasta/sei a(rmo/zein, nu=n de\ a)kribe/steron gi/nesqai e)n t$= tw=n qei/wn musthri/wn telei/# Leitourgi/# (Pg. IV, col. 125 D).

ბერძნული ტექსტის ახალქართული თარგმანი ასეთი იქნება: ”მირონცხების წმიდა ზიარების მისაღებად მიჰყავს (მღვდელს, ე.ჭ.) იგი (მოსანათლი, ე.ჭ.). ამგვარი რამ გამართლებული იყო დროის ვითარებასთან შესაგუებლად, აწ კი უმეტესი კრძალულებით, საღვთი საიდუმლოთა სრული ლიტურგიით აღსრულდება (ზიარება, ე.ჭ.)”.

სავსებით აშკარაა, რომ საეკლესიო წესი წმიდა მამათა მიერ გარკვეული სხვადასხვაობით აღსრულდებოდა, რაც ”გამართლებული იყო დროის ვითარებასთან შესაგუებლად (Ei)ko\j gar h)=n tau=ta, t$= tw=n xro/nwn me\n katasta/sei a(rmo/zein), ანუ ეფრემ მცირისეული თარგმანით, – როგორც ეს ”მაშინდელთა ჟამთა შეეტყუებოდა” (ძველი ქართული სიტყვა ”შეეტყუებოდა” ნიშნავს: ”შეეფრებოდა”, ”შეეხამებოდა”, ე.ჭ.).

ერთგან ბარძიმთან დაკავშირებით ასეთ რიტუალურ განსხვავებას ასაჩინოებს წმ. მაქსიმე:

”მათ ჟამთა ვიდრე ზიარებადმდე დაბურვილ ეპყრის” (ხელნ. A – 110, გვ. 327).

ბერძნული ტექსტი: shmei/wsai, o(/ti ou) mo/non o( a(/gioj a)/rtoj kekallumme/noj proeti/qeto, a)lla\ kai\ to\ qei=on poth/rion! o(/per nu=n ou) gi/netai (პგ. IV, სვ. 144 დ).

აი ძველბერძნული ტექსტის ახალქართული თარგმანი: ”იცოდე, რომ არა მხოლოდ წმიდა პური დაიგებოდა დაბურვილად, არამედ, აგრეთვე, საღვთო სასმისიც, რაც არ ხდება ამჟამად”.

ჩვენ ზემოთ ნათლისღებასთან დაკავშირებით მოვიტანეთ წმ. მაქსიმეს ზოგადი უწყება იმის შესახებ, რომ თვით VII ს-ში საეკლესიო საიდუმლოთა სამოციქულო აღსრულება რაღაცეებით შეცვლილი იყო (”ეკლესიებში ამჟამად პყრობილი წესი საიდუმლოთა აღსრულებისა რაღაცეებით შეცვლილია”). ეფრემ მცირის თარგმანში ეს ასეა გამოხატული: ”შეცვალებით აწ ქონებულთა ამათ წესთა სხუებრ”.

ამჯერად მოვიტანთ წმ. დიონისეს ხსენებულ შრომაზე დართულ ერთ მეტად მნიშვნელოვან კომენტარს, რომელიც კონკრეტულად ჟამისწირვის რიტუალურ ცვალებადობას ასაჩინოებს: ”გულისჴმა-ყავ, ვითარმედ წესი ესე ჟამისწირვისაჲ მათ ჟამთა ესრეთ იპყრობებოდა, გინათუ თჳთ ადგილთა მათ ესრეთ დაწესებულ იყო ჩუეულებისაებრ სხუადასხუაობისა ადგილ-ადგილთა მათ ეკლესიისა წესთაჲსა” (ხელნ. A – 110, გვ. 326).

ახალქართულად მოტანილი კომენტარი ასეთი სახის იქნება: ”იცოდე, რომ ჟამისწირვის ეს წესი იმ დროს (ე.ი. წმ. დიონისე არეოპაგელის ჟამს, ე.ჭ.) ამ სახით იყო დაცული, ანდა თვით იმ ადგილებში იყო ამგვარად დაწესებული, რადგანაც ადგილობრივ ეკლესიათა წესებში ჩვეულებრივია სხვადასხვაობა”.

ეს ცნობა ეჭვმიუტანლად ადასტურებს, რომ საეკლესიო საიდუმლოთა ოდენ ფორმობრივი ცვალებადობა და სხვადასხვაობა ვლინდებოდა არა მხოლოდ ერთმანეთისაგან დაშორებულ საუკუნეებში, არამედ ერთი დროის, ერთი ეპოქის, ერთი საუკუნის სხვადასხვა ეკლესიებში.

ზემოთქმულისათვის შეიძლებოდა დაგვემატებინა კიდევ მრავალი ანალოგიური ცნობა წმიდა მამათა შრომებიდან, მაგრამ, ვფიქრობთ, მოტანილი მტკიცებები საკმარისზე მეტია იმის საჩვენებლად, რომ საეკლესიო წესთა მნიშვნელოვან ფორმობრივ ცვალებადობასა და სხვადასხვაობას ადგილი ჰქონდა ძველბერძნული მართლმადიდებლობის ადრეულ ხანაში.

აი, დამატებით წმ. მაქსიმე აღმსარებლის ზოგი სხვა კომენტარი, რომლებიც სრულიად აშკარად ასაჩინოებენ სამოციქულო ეპოქის საეკლესიო წესთა მნიშვნელოვან ფორმობრივ ცვლილებას მომდევნო ხანაში

1. როგორც ცნობილია, წმ. დიონისე არეოპაგელი ჟამისწირვის წესთა განხილვის დროს დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ განიყვანებიან ეკლესიიდან მართალთა ლიტურგიის დაწყებამდე ჯერ კათაკმევლები (ბერძნ. kathxou/menoi), შემდეგ ”შფოთიანნი” ანუ ”ეშმაკეულნი” (ბერძნ. e)nergou/menoi), ბოლოს კი ”სინანულს შინა მყოფნი” (ბერძნ. oi( e)n metanoi/# o)/ntej).

წმ. მაქსიმე აღმსარებელი აღნიშნულ ადგილს ასეთ კომენტარს ურთავს: ”იცოდეთ, რომ ამგვართა გაყვანისა და განყენების სიმკაცრე ამჯამად აღარ ხდება” (i)ste/on de\ o(/ti h( a)kri/beia au(/th nu=n th=j tw=n toiou/twn diastolh=j te kai\ diasta/sewj ou) gi/netai, პგ. IV, სვ, 141 ც).

ხსენებული კომენტარი ეფრემ მცირეს ასე აქვს თარგმნილი: ”შეისწავე, ვითარმედ კრძალულებაჲ ესევითართა განყვანებისაჲ აწ არღარა იქმნების” (ხელნ. A – 110, გვ. 326).

2. ჟამისწირვის საიდუმლო ჭვრეტის მეთორმეტე ქვეთავში წმ. დიონისე აღწერს დაბურვილ საუფლო ძღვენთა გამოჩინებას:

”…სახილველად მოიყვანებს ქებულთა მათ სიწმიდით წინადადებულთა სახეთა, რამეთუ დაბურვილსა მას და განუყოფელსა პურსა გამოაჩინებს” (საეკლ. მღვდელთ. პ, III, 12).

წმ. მაქსიმეს კომენტარი გვაუწყებს: ”უფრო კი იმ დროს თვით წმიდა ზიარებამდე დაფარულად რჩებოდა საღვთო ძღვენი” (ma=llon to/te e)/menon kekalumme/na ta\ qei=a dw=ra, e(/wj kairou= th=j a(gi/aj metalh/yewj, col. 148 A).

ეფრემ მცირის თარგმანი: ”უმეტესად უკუჱ თჳთ მათ ჟამთა დიდისა ამის მოძღურისათა დაცვულ იყო წესი ესე, რომელ ვიდრე ჟამადმდე მიღებისა წმიდათა საიდუმლოთასა დაბურვილად ეპყრნიან იგინი” (ხელნ. A – 110, გვ. 342).

3. სამღვდელო სრულებათა აღწერისას წმ. დიონისე არეოპაგელი გვაუწყებს, რომ მსახურთა დასი ეკლესიის კარიბჭესთან დგას მცველად: ”მსახურთა იგი დასი… სამღვდელო ბჭეთა ზედა დაუდგინებიეს… სამღდელოსა შჯულისდებასა” (საეკლ. მღდელთ. V, I, 7).

წმ. მაქსიმეს კომენტარი: ”იმ დროს დიაკონები იპყრობდნენ კარიბჭეს, აწ კი კერძოდიაკონები” (oi( dia/konoi to/t eta\j qu/raj ei)=xon! nu=n de\ oi( u(podia/konoi, პგ. IV, სვ. 165 ა).

ეფრემ მცირის თარგმანი: ”მაშინ სადმე მთავარდიაკონნი დგიან კართა ეკლესიისათა მცველად, ხოლო აწ კერძოდიაკონთაჲ არს მსახურებაჲ ესე” (ხელნ. A – 110, გვ. 369).

4. სამღვდელო სრულებათა საიდუმლოს განმარტებისას წმ. დიონისე გვამცნობს, რომ სამღვდელთმთავროდ გამზადებული პირი ორსავე მუხლს იდრეკს საკურთხეველთან (”ორთავე ფერჴთა მოიდრეკს წინაშე საკურთხეველისა”, საეკლ. მღვდელთ. V, II,1).

კომენტარი წმ. მაქსიმესი: ”ამჟამად სხვაგვარად სრულდება” (nu=n e(te/rwj e)pitelei=tai, სვ. 165 ა).

ეფრემ მცირის თარგმანი: ”ხოლო აწ სხვებრ იქმნების” (ხელნ. A – 110, გვ. 371).

გვაქვს რამდენიმე შენიშვნა მ. ჩახავას მიერ ჩამოყალიბებული სამი ”ჩინის” ერესის თაობაზე. ბ-ნი მ. ჩახავა აღნიშნავს:

”არსებობს ერეტიკოსთა მიღების სამი ჩინი:

1. პირველი ჩინის ერეტიკოსებად ითვლებიან ისინი, რომელთაც არ გააჩნიათ წყალში სამგზის შთაფლვით სამების სახელით ნათლობა (ეს ყველაზე მძიმე ერესია).

2. მეორე ჩინის ერეტიკოსები არიან ისინი, რომელთაც გააჩნიათ სწორი, მოციქულთა კანონისმიერი ნათლობა, მაგრამ დარღვეული აქვთ სხვა წეს-ჩვეულებები (აქ მ. ჩახავას მიერ მოტანილია ციტატა II მსოფლიო კრების VII კანონიდან. ზემოთ აღნიშნული გვქონდა, რომ ციტატა არ არის სწორი, იგი შევსებულია თვით მ. ჩახავას მიერ, ე.ჭ.).

3. მესამე ჩინის ერეტიკოსები არიან ისინი, რომლებიც რაღაც მიზეზით შემოსწყრნენ თავიანთ ეპისკოპოსს და შექმნეს ცალკე საკრებულო, დოგმა და წეს-ჩვეულებები კი არ დაურღვევიათ.

როგორც ნახეთ, I ჩინის ერეტიკოსს თავიდან გადანათვლა დასჭირდება. თუ საეკლესიო პირია იგი, კარგავს ჩინს. ნათლობის შემდეგ შესაძლებელია მიეცეს ხელდასხმა და აღდგეს თავისსავე ხარისხში. მე-2 ჩინისას მხოლოდ მირონცხება, სამღვდელო პატივი შეუნარჩუნდება, მე-3 ჩინისას მირონცხებაც არ ჭირდება და სამღვდელო ხარისხსაც უდავოდ ინარჩუნებს” (ღვთიური გზა, 3, გვ. 7).

”სამი ჩინის ერესის” დადგენისას მ. ჩახავა, ცხადია, ხელმძღვანელობდა სჯულისკანონით. ზემოთ ჩვენ საკმაოდ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ VII მსოფლიო კრების 95-ე კანონის მიხედვით არსებობს მწვალებელთა ეკლესიაში მიღების სამი გზა:

(1) მწვალებელს ევალება ყველა ერესის შეჩვენება, ხელწერილის დადება და მარტოდენ მირონცხება (”არიანოზნი, მაკედონიანოზნი, ნავატიანოზნი, მარცხენენი, მეათოთხმეტენი ანუ მეოთხენი და აპოლინარელნი”).

(2) მწვალებლები თავიდან უნდა მოინთლონ ”სრულებით (ევნომიანელნი, მონტანელნი ანუ ფრიგიელნი, საბელიანოსნი და სხვა მსგავსნი, რომლებიც ნათლისღებაში არღვევენ სამების დოგმატს, ე.ი. მამის, ძისა და სულის სახელით არ ნათლავენ).

(3) მწვალებელი მხოლოდ დადებს ხელწერილს და შეაჩვენებს ყველა წვალებას (მანიქეველნი, ვალენტინიანელთა, მარკიონიტთა და მათ მსგავსთა) (იხ. დიდი სჯულისკანონი, გვ. 402-403).[15]

მ. ჩახავასეული ”პირველი ჩინის” ერეტიკოსი შეესატყვისება სჯულისკანონის მეორე ჯგუფს და პირიქით, სჯულისკანონის I ჯგუფი შეესატყვისება მ. ჩახავასეულ მეორე ”ჩინს”, თუმცა ამას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენი ყურადღება მიიქცია მ. ჩახავასეულმა ”მესამე ჩინის ერესმა”, რაც თითქოს მარტოდენ ეპისკოპოსისაგან განდგომას გულისხმობს და არა დოგმატურ-წეს-ჩვეულებით სხვაობას.

ცხადია, მ. ჩახავას ”მესამე ჩინი” შეესატყვისება სჯულისკანონის III ჯგუფს. ეს აშკარაა იმითაც, რომ როგორც სჯულისკანონის III ჯგუფის ერეტიკოსებს არ სჭირდებათ მირონცხება სამოციქულო ეკლესიის წიაღში მიბრუნების ჟამს, ასევე არ სჭირდებათ მირონცხება იმ ერეტიკოსებს, რომლებსაც მ. ჩახავა III ჩინში აერთიანებს.

მაგრამ ვინ არიან ეს ”მესამე ჩინის” ერეტიკოსები კონკრეტულად?

სჯულისკანონის უწყებით ისინი არიან ”მანიქეველნი, ვალენტინიანელნი და მარკიონიტნი”.

განა შეიძლება ისეთმა პირმა, ვინც ზედაპირულად მაინც იცის ქრისტიანული ეკლესიისა და დოგმატიკის ისტორია, იფიქროს, რომ მანიქეველები, ვალენტინიანელები და მარკიონიტები იმავე დოგმატსა და წესს იცავენ, რასაც სამოციქულო ეკლესია?

ჩვენ ამ საკითხზე მართლაც ზედმეტად მიგვაჩნია რაიმეს თქმა, რადგანაც სწორედ ხსენებული ერეტიკოსები იყვნენ, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს და უარყვეს საეკლესიო დოგმატები, საეკლესიო წეს-ჩვეულებები.

გაჩნდება კითხვა: რატომ იწყნარებდნენ ასეთ პირებს ყოველგვარი ნათლობისა და მირონცხების გარეშე?

ეს მეტად საინტერესო საკითხია. სამწუხაროდ ამ თემაზე დაწვრილებით ვერ ვისაუბრებთ, რადგანაც ამით ჩვენს მიზანს გადავუხვევთ, აღვნიშნავთ მხოლოდ მოკლედ:

ხსენებულ ჯგუფთა ნათლობის გარეგნული სახე თანხვდება ქრისტიანულს და რადგანაც სამების სახელით აღსრულებული ნათლობა არ შეიძლება განმეორდეს, ამიტომ იწყნარებდნენ ამ სახის ერეტიკოსებს გადანათვლის გარეშე და მირონსაც არ სცხებდნენ, რადგანაც ნათლობის ჟამს მათ მირონცხებაც მიიღეს. პირველი ჯგუფის ერეტიკოსებს (არიანოზებსა და სხვებს) იმიტომ სცხებდნენ მირონს, რომ თუმცა ისინიც გარეგნულად სამების სახელით მოინათლნენ, მაგრამ ნათლობის ჟამს მათ მირონცხება არ მიუღიათ. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, ამ ჯგუფში შემავალ ერეტიკოსებს არ აღუსრულებიათ ნათლობა სამების სახელით, რაც სრულიად აუქმებს მათ ნათლისღებას და ისინი ვალდებულნი არიან ახლად მოინათლონ, რადგანაც, როგორც ზემოთ ითქვა, ნათლისღება – ესაა სამების ”განცხადება” და სადაც სამება არ ”ცხადდება”, იქ არ არის ნათლობა.

აქვე გვინდა შევეხოთ ერთ უცნაურ გარემოებას:

ბ-ნი მ. ჩახავა, ცხადია, უარყოფს დასხმითი წესით ნათლობას, მაგრამ ამასთან უარყოფს ”შთაყოფასაც”, რითაც უპირისპირდება არა მხოლოდ ძველბერძნულ მართლმადიდებლობას, არამედ თვითონ ზ. ნარმანიასაც.

ზემოთ დაწვრილებით გვქონდა მსჯელობა იმის შესახებ, რომ არსენ იყალთოელმა 50-ე სამოციქულო კანონის მისეულ თარგმანს დაურთო კომენტარი, სადაც ”სამნი ნათლისღებანი” შეუწყვილა ”სამ შთაყოფას”. მ. ჩახავა, როგორც ვნახეთ, ერეტიკულად აცხადებს ქართული თარგმანის ძირითადი ტექსტის ”სამ ნათლისღებას”, მაგრამ იგი უარყოფს ტერმინ ”შთაყოფასაც” (ახალი ქართულით ”ჩაყოფა”) და აღნიშნავს: ”საიდან გაჩნდა ქართულში სიტყვა ”ჩაყოფა”? ხომ არ მიუსადაგეს ერეტიკოსებმა იგი თავიანთი ნათლობის წესს?” (ღვთიური გზა, 3, გვ. 6).

ამგვარად, მ. ჩახავა ტერმინ ”ჩაყოფას” ნათლისღებასთან დაკავშირებით ერეტიკულად რაცხს, მაგრამ ამით ხომ ერეტიკოსი გამოდის თავად ზ. ნარმანია? ეს უკანასკნელი ”ჩაყოფას” მართებულ ტერმინად თვლიდა. აი, ზ. ნარმანიას სიტყვები: ”ვიღაცას სამოციქულო 50-ე კანონიდან ამოუღია სიტყვა ”სამი ჩაყოფა” და მის ნაცვლად ჩაუწერია ”სამი ნათლისღება” (ღვთიური გზა, 2, გვ. 7).

როგორც ჩანს, ბ-ნ მ. ჩახავსთვის უცნობია ის გარემოება, რომ ”შთაყოფა” იმასვე ნიშნავს, რასაც ”ჩაძირვა”. ეს ტერმინი გვხვდება ბევრ ძეგლში, მაგალითად წმ. დიონისე არეოპაგელის შრომების ეფრემ მცირისეულ თარგმანში, სადაც ქართულ ”შთაყოფას” ბერძნულში შეეფარდება ტერმინი kata/dusij, ეს ტერმინი კი რუსულად სწორედ погружение-დ ითარგმნება. მოგვაქვს შესაბამისი ადგილი:

”სამსა მას ზედა შთაყოფისა და აღმოყოფისა სრულყოფასა ჴმობნ სამგუამოვნებასა საღმრთოჲსა ნეტარებისასა(საეკლ. მღვდელ. 2,II,7) tai=j trisi\ tou= teloume/nou katadu/sesi kai\ a)nadu/sesi thn trissh\n th=j qei/aj makario/thtoj e)piboh/saj u(po/stasin

როგორც ვხედავთ, ”შთაფლვის” ნაცვლად ”შთაყოფა” გვხვდება არა მხოლოდ არსენ იყალთოელის, არამედ ეფრემ მცირის თარგმანშიც. ცხადია, მ. ჩახავას მსჯელობით, ეს უკანასკნელიც ”ერეტიკოსია”

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ შესაძლოა ნათლისღების რიტუალთან დაკავშირებით შეგვხვდეს ტერმინი ”შთაფლვა”, მაგრამ მასში არ იგულისხმებოდეს სრული ფიზიკური ჩაძირვა.

როგორც ცნობილია, ნათლისღების ჟამს მოსანათლის წყალში სამგზისი ჩაძირვა არის სიმბოლო მაცხოვრის სამდღიანი დაფლვისა, ხოლო თითო ჩაძირვის ჟამს თითო საღვთო პირის სახელის წარმოთქმა სამების ”განცხადებას” წარმოადგენს.

ნათლისღება აღსრულდება აუცილებლად სულითა და წყლით (გარდა ცნობილი გამონაკლისებისა); როდესაც მღვდელი აკურთხებს წყალს, ეს წყალი სულიწმიდის მადლით ხდება მოსანათლის წმიდამყოფელი. ცხადია, არავინ იფიქრებს, რომ მოსანათლის განწმედის ჟამს გადამწყვეტი იყოს წყლის რაოდენობა. ისევე როგორც, ლიტურგიის მიერ ჭეშმარიტად მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაქმნილი პურისა და ღვინის მცირე ნაწილიც იმგვარადვე ცხოველმყოფელია, როგორც მათი შედარებით მოზრდილი ნაწილი, ასევე, ნათლობის დროს სულიწმიდის მადლით ცხოველქმნილი წყალი დასხმითაც და შთაფლვითაც თანაბრად განწმედს მოსანათლს.

სულიწმიდით ცხოველქმნილი წყალი რეალურად განბანს მოსანათლს, ხოლო თავად შთაფლვის პროცედურა წარმოადგენს არა რეალურ, ხორციელ დაფლვას, არამედ მაცხოვართან თანადასაფლავების მარტოდენ სიმბოლურ გამოსახვას. როდესაც მოსანათლს მთლიანად გააშიშვლებენ და მთლიანად ჩაძირავენ მას წყალში სამგზის, ამით სრული სიმკვეთრე ენიჭება ნათლობის სიმბოლურ აზრს. პროცედურის უფრო გამარტივებული სახე, თავზე სამგზისი დასხმა, სიმბოლურად, ასევე შთაფლვას ანუ დასაფლავებას ასაჩინოებს. ამიტომ ასხამს მღვდელი წყალს აუცილებლად მოსანათლის თავზე. ამ გზით იგი სიმბოლურად მოასწავებს მოსანათლის სრულ თანადასაფლავებას მაცხოვართან.

წმ. მაქსიმე გვამცნობს: ”ნათლისღებისა იგი დაფლვაჲ წყალთა შინა სიკუდილისა მიმართ ქრისტესისა მოცემულ არს, ხოლო წყალი დაფლვისა წილ, ხოლო ზეთი ნაცვლად საცხებელისა მის სულისა წმიდისა, ხოლო აღბეჭდვაჲ ჯუარისწერითა ნაცვლად ჯუარისა, ხოლო მიჰრონი დასამტკიცებელად აღსარებისა” (ხელნ. A – 110, გვ. 326; შდრ. ძველბერძნული ტექსტი: e)/sti toi/nun to\ me\n ba/ptisma ei)j to\n qa/naton tou= Kuri/ou dido/menon! to\ de\ u(/dwr a)nti\ th=j rafh=s! to\ e)/lsion a)nti\ tou= Pneu/matoj tou= a(gi/ou! h( sfragi\j a)nti\ tou= staurou=! to\ mu/ron bebai/wj th=j omologi/aj (პგ. IV, სვ. 133 დ).

ამგვარად, წყალი, ერთი მხრივ, სულიწმიდის მადლით ნადმვილად, რეალურად (და არა სიმბოლურად) განწმედს მოსანათლს, მეორე მხრივ, კი იგი სიმბოლურად (და ცხადია, არა სინამდვილეში) მოასწავებს, განასახიერებს დასაფლავებას.[16]

სამგზის დასხმა და სამგზის შთაფლვა გამწმედელობის ნიშნით თანაბრად ძლიერმოქმედია, რადგანაც სულიწმიდის მადლით ცხოველქმნილი ნივთიერების ძალა რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული (მცირე ნაწილიც კი ისევე განწმენდს, როგორც დიდი). ამგვარად, აღნიშნულ ორ წესს შორის არ არის არსობრივი სხვაობა.

რაც შეეხება სიმბოლურ მხარეს, ამ მხრივ, სრული შთაფლვა, ცხადია, მეტი სიმკვეთრით განასახიერებს, მეტად სახისმეტყველებს მოსანათლის მაცხოვართან თანადასაფლავებას. თავზე დასხმა თუმცა გარეგნულად ნაკლებ გამომსახველია, მაგრამ ისიც ინარჩუნებს წყლის, როგორც საფლავის სიმბოლურ აზრს, რადგანაც თავის, ე.ი. ადამიანის ყველაზე ზემო ნაწილის წყლით რეალურად დასველება სიმბოლურად მოასწავებს მოსანათლის ასევე სრულ შთაფლვას, მის სრულ თანაზიარებას მაცხოვრის დაფლვასთან.

დასხმითი ნათლობის მართებულობასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს იოანე მოსხის”ლიმონარში” აღწერილი ამბავი ქვიშით ნათლისცემისა. ამასთან დაკავშირებით მ. ჩახავა აღნიშნავს: ”არსად უბრძანებია ქრისტეს: ვინც არ დაიბადება ქვიშიდან და სულიდანო, არამედ ბრძანა: წყლიდან და სულიდანო”. (ღვთიური გზა, 3, გვ. 7).

ცხადია, არავითარი ხაზგასმა არ სჭირდება იმას, რომ ქვიშით ნათლობა არ შეიძლება. იოანე მოსხის დამოწმებულ ეპიზოდში ჩვენ სხვა რამ გვაინტერესებს. შეგახსენებთ იქ აღწერილ ამბავს:

უდაბნოში მყოფ ქრისტიან ერისკაცებს თან ახლავთ ერთი ებრაელი. ძლიერმა გაჭირვებამ ეს ებრაელი სიკვდილის პირამდე მიიყვანა. სულთმობრძავმა სნეულმა ”აფუცა” ქრისტიანებს, რომ მოენათლათ იგი. ქრისტიანები ძალიან შეშფოთდნენ, რადგანაც უწყიან, რომ ნათლობა მღვდელმა ან ეპისკოპოსმა უნდა აღასრულოს, თანაც არც წყალი ჰქონდათ მათ. ხანგრძლივი ვედრების შემდეგ ისინი დათანხმდნენ, ”განძარცვეს” ებრაელი, დააყენეს ფეხზე და ერთ-ერთმა მათგანმა, ფილობანისმა ორივე პეშვით სამების სახელით, ე.ი. სამგზის, ქვიშა ”გარდაასხვა თავსა მისსა”. თითო ”გარდასხმისა” და სამების თითო წევრის ხსენების ჟამს სხვები ”ამინს” ამბობდნენ. აი, ეს იყო ნათლობის მთელი რიტუალი. ნათელღებული ებრაელი მყისვე განიკურნა. როდესაც მოგზაურებმა განვლეს უდაბნო, ყოველივე ეს აუწყეს ეპისკოპოსს, რომელმაც მოუხმო მღვდლებს იმის გასარკვევად, მოენათლა თუ არა მეორედ. ნაწილმა ჭეშმარიტ ნათლობად ჩათვალა ქვიშისმიერი ნათლისცემა, რადგანაც კურნება მიანიჭა სნეულს, ნაწილმა უარყო იგი. ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ქვიშის ”დასხმით” მონათვლის უარმყოფელთა არგუმენტი. მოგვაქვს ციტატა: ”გრიგოლი ღვთისმეტყველმან აღრაცხა ყოველი ნათლისღებაჲ,[17] და რამეთუ მოსე ნათელ-სცა, არამედ წყლითა და ამისა პირველად – ღრუბლითა და ზღჳთა, და ნათელ-სცა იოვანე ჰურიასტანს წყლითა სინანულად. და ნათელ-სცა იესუ სულითა, რომელ არს სისრულეჱ; და კუალად ნათლის-ღებაჲ მეოთხე, რომელ არს სისხლითა წამებისაჲთა, და კუალად უწყი ნათლისღებაჲ მეხუთე ცრემლითა; აწ რომლითა ამათგანთა ნათელ-უღებიეს ამას, რაჲთა შეერაცხოს ნათლისღებაჲ?” (იოანე მოსხი, ლიმონარი, თბ., 1960, გვ. 70, ბერძნული ტექსტი იხ. პგ. 87, სვ. 3045 ბ).

როგორც მოტანილი ტექსტი ცხადყოფს, მღვდელთა უარყოფითი პასუხი ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ არსად, არც ”ძველ აღთქმაში”, არც ”ახალ აღთქმაში” არც სიმბოლურად, არც პირდაპირ არ არის ხსენებული ქვიშით ნათლობა. ეს მღვდლები მინიშნებითაც კი არ გახაზავენ იმას, რომ წყლის ნაცვლად ქვიშის გამოყენებასთან ერთად, ნათლობა შესრულდა ”თავზე დასხმით”. განა შეიძება ვიფიქროთ, რომ ხსენებულ მართლმადიდებელ მღვდლებს დასხმითი წესით ნათლობა ”სატანურ პრაქტიკად” მიაჩნდათ და მაინც სრული დუმილით აუარეს მათ ამგვარ პრაქტიკას გვერდი, მინიშნებითაც კი არ გაკიცხეს ”დასხმითი წესით” ნათლობა?

მოტანილი თხრობის მიხედვით ნათლობა მოხდა (1) ერისკაცთა მიერ, (2) ქვიშით, (3) სამღვდელო ლოცვათა გარეშე, (4) მირონცხების გარეშე. ჭეშმარიტ ნათლობასთან მას აკავშირებს მხოლოდ ერთი ნიშანი, სამების სახელის წარმოთქმა, მაგრამ ეს ნიშანი იმდენად ძლიერია, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს ხანგრძლივი ბჭობა დასჭირდათ, ვიდრე მეორედ ნათლობისათვის გააგზავნიდნენ ქვიშით მონათლულს. ამიტომ აღვნიშნავდით ზემოთ, რომ ყოველ მორწმუნეს მართებს უდიდესი სიფრთხილე თავისი ნათლობის მართებულობა-არამართებულობის შეფასების ჟამს.

ზემოთ ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ სამგზის დასხმით წესით ნათლობა შეწყნარებულია ძველბერძნული მართლმადიდებლობის მიერ. ამგვარი ნათლობა არც დოგმატურად, არც სიმბოლურად, არც რიტუალურად არ შეიცავს არაფერს ერეტიკულს, თუმცა პიროვნული არჩევანი ყველას აქვს მიმადლებული და თითოეული ადამიანი თვითვე წყვეტს, რა არის მისთვის ჭეშმარიტი და არ არა. ერთი რამ მაინც შეგვიძლია ვთქვათ: მეორედ მონათვლა (შთაფლვით) პიროვნულად ადვილი საქმეა, მაგრამ რამდენადაც გერეგნულად ადვილი ჩანს ეს მეორე ნათლობა, იმდენად დიდ საფრთხეს შეიცავს თავის თავში. პირადად ჩვენთვის უცნობია, თუ რა გზით უნდა გამოისყიდოს ამა თუ იმ პირმა მეორედ ნათლობის შედეგად მიღებული ცოდვა, თუკი დარწმუნდება, რომ მისი პირველი ნათლობა ერეტიკული არ იყო.

ვფიქრობთ არ არის საჭირო იმის განმარტება, რომ ზემოთქმული არ წარმოადგენს დაპირისპირებას შთაფლვითი წესით მონათვლასთან. მართალია, ამ წესით ნათლობის მასობრივად, საყოველთაოდ დამკვიდრება მეტად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და საეჭვოდ გვესახება (ეს სირთულეები ეხება როგორც სხვადასხვა გარემოებებსა და ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას, ასევე იმ სულიერ საფრთხეს, რასაც მღვდლის მიერ სხვა სქესის სრული სიშიშვლით მასობრივად მონათვლა გულისხმობს. ამგვარი ნათლობა წამოჭრის მრავალ სხვა მეტად დელიკატურ საკითხს, რაც რიტუალის სწორედ მასობრივი, საყოველთაო გავრცელების ჟამს იჩენს თავს), დიდად სასურველი იქნება თუკი გარკვეულ ეკლესიებში დაიწყება სრული შთაფლვითი ნათლობა (ისევე, როგორც სასურველი იქნება, მაგალითად, თუ ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიების პარალელურად პრაქტიკაში დამკვიდრდება წმ. იაკობის ჟამისწირვაც), თუმცა კვლავ აღვნიშნავთ, რომ ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში თავზე დასხმითი ნათლობის გარდა, თვით “შთაფლვითი” ნათლობის დროსაც არ ხდებოდა მოსანათლის პირის სრული, მთლიანი ჩაძირვა. ეს გარემოება დღეისათვის აშკარად არის ცხადყოფილი ნათლისღების უძველეს ხატწერათა და უძველეს ემბაზთა შესწავლის შედეგად.[18] აღვნიშნავთ იმასაც, რომ სამგზის დასხმითი წესით ნათლობა სრულიად არაორაზროვნად და პირდაპირ არის უწყებული (და ჭეშმარიტად სულიერ შობად შერაცხილი) იმავე ძველბერძნული მართლმადიდებლობის მიერ. მხედველობაში გვაქვს ეკლესიის მნათობის, წმ. გრიგოლ ნოსელის სახელგანთქმული შრომა “დიდი სამოძღვრო ქადაგება”, რომელიც, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ძველბერძნულ კატეხიზმოს. მასში სხვა მრავალ საეკლესიო საკითხთან ერთად ვრცლად არის განმარტებული ნათლობის საიდუმლოც. წმ. გრიგოლ ნოსელი ასაჩინოებს ნათლობის არსს, რომ იგი წარმოადგენს ადამიანის მეორე შობას, ზეგარდმო აღმოშობას, რაც აღსრულდება სული წმიდითა და წყლით. შემდეგ ნისის ეპისკოპოსი ეხება კონკრეტულად წყალთან დაკავშირებულ პროცედურას და ხაზგასმით, თანაც ორჯერ, გვაუწყებს სამგზის ზედდასხმითი წესით მონათვლაზე. მისთვის წყლის თავზე დასხმა სიმბოლურად განასახიერებს სრულ შთაფლვას (როგორც ზემოთ ამის შესახებ აღვნიშნეთ ჩვენც) ანუ მაცხოვართან სამდღიან თანადასაფლავებას. ხსენებულ შრომაში ვკითხულობთ: “ისევე, როგორც მან (მაცხოვარმა, ე.ჭ.), ზეგარდმო კაცმა (o( a)/nwqen a)/nqrwpoj) შეიწყნარა სიკვდილი მიწისქვეშ დადების შემდეგ, ხოლო მესამე დღეს კვლავ აღისწრაფა მან სიცოცხლისაკენ, ასევე ყველა ის, ვინც სხეულებრივი ბუნებით შემსჭვალულია მასთან (მაცხოვართან, ე.ჭ.) და იმავე წარმატებას ეშურება, – ვამბობ სიცოცხლის მიჯნას, – მიწის ნაცვლად წყლით ზედდასხმული (to\ u(/dwr e)pixea/menon)[19] და ამ სტიქიონში (ე.ი. წყალში, ე.ჭ.) შეღწეული, სამი ციკლით (“ტრიას პერიოდოის”) აღდგომის სამდღიან მადლს მიემსგავსა (წმ. გრიგოლ ნოსელი, დიდი სამოძღვრო ქადაგება, თავი XXXV, იხ. პგ. 45, სვ. 88 და შდრ. ძველბერძნული ტექსტი: w(j e)kei=noj o( a)/nwqen a)/nqrwpoj, a)nalabw\n th\n nekro/that meta\ th\n u(po/geion qe/sin, tritai=oj e)pi\ th\n zwh\n pa/lin a)ne/dramen! ou(/tw pa=j o(sunhmme/noj kata\ th\n tou= sw/matoj fu/sin e)kei/n%, pro\j to\ au)to\ kato/rqwma ble/pwn, to\ kata\ th\n zwh\n le/gw pe/raj, a)nti\ gh=j to\ u(/dwr e)pixea/menoj, kai\ u(podu\j to\ stoixei=on, e)n trisi\ perio/doij th\n trih/meron th=j a)nastasewj xa/rin a)pemimh/sato).

როგორც ვხედავთ, წმ. გრიგოლ ნოსელი ნათლობის ჟამს აღსრულებულ წყლით განბანვას მიიჩნევს მაცხოვართან სამდღიანი თანადაფლვის სიმბოლოდ. დიდი მამის თქმით ეს ნათლობა გარეგნულად, რიტუალურად სრულდება “ზედდასხმით” (ბერძნ. e)pixea/menoj – “ეპიხეამენოს” – “ზედდასხმული”) სამ ციკლად (trisi\ perio/doij) ანუ სამნაწილედად, რაც არის ჭეშმარიტად სამგზისი შთაფლვა წყლის სტიქიონში.

ამავე შრომის სხვა ადგილას წმ. გრიგოლ ნოსელი ასევე სრულიად გარკვევით გვაუწყებს “სამგზის ზედდასხმის” შესახებ. იგი აღნიშნავს: “როგორც ითქვა, იმდენად ვბაძავთ ზეაღმატებულ ძალს, რამდენადაც დაიტევს ამას ჩვენი ბუნების სიგლახაკე. ამიტომ, წყლით სამგიზს ზედდასხმულნი (u(/dwr tri\j e)pixeamenoi)[20] და კვლავ წყლიდან ზეასულნი სამდღიან მაცხოვნებელ დაფლვასა და აღდგომას ვემსგავსებით: (შდრ.: e)pei\ de, kaqw\j e)i/rhtai, tosoou=ton mimou/meqa th=j u(perexou/shj duna/mewj, o(/son xwrei= h(mw=n h( ptwxei/a th=j fu/sewj! to u(/dwr tri\j e)pixea/menoi, kai\ pa/lin a)naba/ntej a)po\ tou= u(/datoj, th\n swth/rion tafh\n kai\ a)na/stasin th\n e)n trihme/r% genome/nhn t%= xro/n% a)pokrino/meqa, იქვე, პგ. 45, სვ. 89 დ).

ნათლისღებასთან დაკავშირებით ხშირად გვსმენია ისიც, რომ სამღვდელო პირი, რომელიც დამძიმებულია პიროვნული ცოდვებით, ვერ მიანიჭებს ნათელს მოსანათლს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი უკავშირდება პიროვნული ცთომილებისა და საღვთო მადლის გამიჯვნის აუცილებლობას. ზემოთ უკვე ვთქვით იმის შესახებ, რომ ეკლესიის მსახურთა პიროვნული ცთომილებანი არ გულისხმობს ეკლესიის ცთომილებას. ეგევე ითქმის კონკრეტულად სამღვდელო მადლის შესახებ. მღვდელთა პიროვნული ცთომილებანი ვერ შებილწავს სამღვდელო პატივს და ცოდვილ მღვდელთაგან მონიჭებული ნათლობა (თუკი ეს ნათლობა რიტუალურად წესისამებრ სრულდება) ჭეშმარიტია. დავიმოწმებთ მართლმადიდებლობის ხმამაღალ ქადაგს, წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც გვამცნობს: “ღმერთმა ბალაამშიც იმოქმედა და ფარაონსაც და ნაბუქოდონოსორსაც გაუცხადა მან მომავალი, კაიაფამაც წარმოთქვა წინასწარმეტყველება, თუმცა არკი უწყოდა, რას ამბობდა. სხვებმა უფლის სახელით ეშმაკნიც კი განასხეს… ხშირად უღირსთა მიერ აღსრულდება ამგვარი საქმენი… ხდება ისე, რომ მთავარნი ცუდნი არიან და ბილწნი, ხოლო ქვეშევრდომნი – ღირსეულნი და ჯეროვანნი, ასევე (ზოგჯერ), ერისკაცნი მოშიშებით ცხოვრობენ, ხოლო მღვდელნი – უკეთურად; ამიტომ, ყველა საქმეში რომ ღირსება ეძებნა მადლს, აღარ იქნებოდა არც ნათლობა (“ბაპტისმა”), არც ხორცი ქრისტესი და არც შესაწირავი მათგან (მღვდელთაგან, ე.ჭ.); აწკი, სჩვევია ღმერთს, რომ იმოქმედოს მან უღირსთა მიერაც და ნათლისღების მადლს ვერაფერს ვნებს მღვდლის ცხოვრება… ამას იმიტომ გაუწყებთ, რომ არავინ აქ მდგომარეთაგანი არ ჩაუკირკიტდეს მღვდლის ცხოვრებას და საფრთხეში არ ჩაიგდოს თავი მღვდელმოქმედებებთან დაკავშირებით (…sumbai/nei ga\r a)/rxontaj me\n ei)=nai fau/louj kai\ miarou\j, tou\j de\ a)rxome/nouj e)pieikei=j kai\ metri/ouj, kai\ lai+kou\j men\ e)n eu)labei/# z$=n, i(ereaj de\ e)n ponhri/#! kai\ ou)k e)/mellen ou)de\ ba/ptisma ei)=nai, ou)te sw=ma Xristou= ou)/te prosfora\ di ) e)kei/nwn, ei) pantaxou= th\n a)ci/an h( xa/rij e)zh/tei! Nuni\ de\ kai\ d ) ana)ci/wn ei)/wqen energei=n! o( Qeo\j, kai\ ou)de\n tou= bapti/smatoj h( xa/rij para\ tou= bi/ou ton= i(ere/wj parabla/ptetai… tau=ta de\ le/gw, i(/na mh\ tij tw=n parestw/twn to\n bi/on periedgazo/menoj tou= i(ere/wj, skandali/zhtai peri\ ta\ teloumena, წმ. იოანე ოქროპირი, III ჰომილია კორინთელთა მიმართ II ეპისტოლის შესახებ, თავი I). კონსტანტინოპოლის პატრიარქი დასძენს: “წინამდებარე (საქმეებში) ადამიანს არაფერი წვლილი არ შეაქვს, არამედ ყოველივე ეს საღვთო ძალის საქმეა და სწორედ იგია (ღმერთი, ე.ჭ.) თქვენი იდუმალმძღოლი” (oude\n ga\r a)/nqrwpoj ei)j ta\ prokei/mena ei)sa/gei, a)lla\ to\ pa=n th=j tou= qeou= duna/mewj e)/rgon e)stin, ka )kei=noj e)stin u(ma=j o( mustagwgw=n).

ზემოთქმულს დავძენთ, რომ არსებობს “სხურების”, როგორც “წმიდა წყლის”, როგორც ჭეშმარიტი განბანვის, ჭეშმარიტი ნათლისღების სამოციქულო დადასტურება. წმ. პავლე მოციუქლი გვაუწყებს: “მოუჴდეთ მას ჭეშმარიტითა გულითა, გულ-სავსებითა სარწმუნოებისაჲთა, სხურებულნი გულითა იჭჳსაგან ბოროტისა და განბანილნი გუამითა წყლითა წმიდითა, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი სასოებისაჲ (ებრ. მიმართ, 10, 22-23).

ნეტარი თეოდორიტე კვირელი (V ს.), რომელიც, ცხადია, დიდი ავტორიტეტია მ. ჩახავასათვის, ასეთ კომენტარს ურთავს ციტირებულ მულხს:

“სხურებად და წმიდა წყლად საღვთო ნათლისღებას უწოდა მან (პავლემ, ე.ჭ.), ხოლო აღსარებად სასოებისა – სამომავლო სიკეთეთა რწმენას” (თეოდორიტე კვირელი, ებრაელთა მიმართ ეპისტოლის განმარტება, პგ. 82, სვ. 752 დ; შდრ ორიგინალი: r(antismo\n toi/nun kai\ u(/dwr kaqaro\n to\ qei=on e)ka/lese baptisma! o(mologi/an de\ th=j e)lpi/doj, to\ pisteu/ein ei)j ta\ me/llonta a)gaqa/).

ამგვარად, “სხურება”, ნეტარი თეოდორიტეს განმარტებით, თავად პავლე მოციუქლმა შერაცხა “წმიდა წყლად”, განბანვად და ნათლისღებად. გავიხსენოთ, რომ ამასვე განაჩინებდა წმ. ბასილი დიდი, როდესაც ამბობდა: “ერთია პკურება – ახალშობის ემბაზი” (იხ. ზემოთ).

ზემოთ აღვნიშნავდით, რომ სრული შთაფლვით ნათლობის ფორმობრივი გამარტივება განაპირობა ყოფითი სინამდვილის გათვალისწინებამ, რაც მრავალ სხვა მომენტთან ერთად გულისხმობდა ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობასაც, მის ფიზიკურ სისუსტესაც. ამიტომ, ისინიც, რომლებსაც ფიზიკურად არ ძალუძდათ შთაფლვითი ნათლობის მიღება, ცხადია, “სხურებით” ინათლებოდნენ. როგორც ჩანს, ძველთაგანვე გაჩნდა დაინტერესება, ითვლებოდა თუ არა ჭეშმარიტად ნათელღებულად ამგვარი პირი. ჯერ კიდევ III ს-ში “სხურებითი” ნათლობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულ ყველა ცრუ მართლმადიდებელს დიადი პასუხი გასცა ეკლესიის ურჩეულესმა მამამ, წმიდა მოწამე კიპრიანე კართაგენელმა (იმარტვილა 258 წ. 14 სექტემბერს). სხვათაშორის, ეს პასუხი განაპირობა იმ გარემოებამაც, რომ წმ. კიპრიანეს ეპისკოპოსობის ჟამს იფეთქა სქიზმატიკოსთა ახალმა ტალღამ, რომლებისთვისაც არსებითი იყო მოძღვრება “ხელახალი ნათლობის” ანუ რებაპტიზაციის შესახებ. სწორედ “ხელახალი” ნათლობის უარსაყოფად გამოსცა წმ. კვიპრიანემ შემდეგი რჯულდება:

“ჩაითვლებიან თუ არა რჯულიერ ქრისტიანებად (legitimi christiani) ის პირები, რომლებსაც განბანვის ნაცვლად მხოლოდ ესხურათ (perbusi) მაცხოვნებელი წყალი?… ჩვენ, რამდენადაც ამას წვდება ჩვენი სიგლახაკე, ვფიქრობთ, რომ არანაირად არ შეიძლება მცირდებოდეს ანდა სუსტდებოდეს ქველმოქმედება ღვთისა (in nullo mutilari et debilitari posse benebicia diuina); სადაც არის სავსე და სრული რწმენა როგორც მიმცემელისა (ნათლისმცემელისა, ე.ჭ.), ასევე მიმღებელისა (მოსანათლისა, ე.ჭ.), შეუძლებელია, რომ იქ რაიმეთი ნაკლები ზემოქმედება (სიტყვ. “შეხებადობა”) ჰქონდეს საღვთო ნიჭთა გადმოდინებას (nec minus aliquid illic posse contingere, ubi plena et tota bide et dantis et sumentis accipitur quod de diuinis muneribus hauritur).

“სხურება წყლისა არის იგივე, რაც მაცხოვნებელი განბანვა და როდესაც ეკლესიაში აღასრულებენ მას, სადაც ჰგიეს როგორც მიმღებელის, ასევე მიმცემელის ერთიანი სარწმუნოება, ღვთის ძალმოსილებასა და ჭეშმარიტებისადმი რწმენას ძალუძს, რომ კეთილად წარმართოს, აღასრულოს და სრულყოს ყოველივე” (იხ. წმ. კვიპრიანე კართაგენელი, 69-ე ეპისტოლე, მაგნუსისადმი, თავი XII, პლ. III, სვ. 1148, შდრ. aspersionem quoque aquae instar salutaris laoacri ortinere et quando haec in ecclesia biunt, ubi sit et accipientis et dantis bides integra, stare omnia et consummari ac perbici posse maiestate Domini et bidei ueritate; აღვნიშნავთ, რომ ტექსტი წმ. კვიპრიანეს ეპისტოლეებისა მოღწეულია მრავალი უძველესი ხელნაწერით. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია VI-VII სს-ის ხელნაწერი Codex Seguierianus, აგრეთვე, VII ს-ისა – Codex Veronensis, IX ს-ის ხელნაწერი: Codex Sangermanensis, Cod. Sangallensis, Cod. Laureshamensis 208 და სხვა. VIII-IX სს-ისა – Cod. Trecensis 581; ბევრია X ს-ის ხელნაწერებიც).

საბოლოო ყურადღება უნდა შევაჩეროთ დასხმითი წესით ნათლობის პრაქტიკულ დადასტურებაზე, ამგვარი ნათლობის ყოფით აღწერილობაზე.

უპირველესად, აღვნიშნავთ, რომ მრავალი წმინდანის “მარტვილობაში” არის უწყებული “პკურებით” და “თავზე დასხმით” მონათვლის შესახებ (წმ. აკინდინოსი და მისი მეგობრები, ჰიპატიუსი და თეოდულე, ფილიმონი, ლუპი და სხვა), მაგრამ შეიძლება მოგვიგონ, რომ ამგვარი ნათლობა უკიდურესი აუცილებლობით იყო განპირობებული. სწორედ ამ მიზეზით, ჩვენ ამჯერად გვერდს ვუვლით ზემორე ნიმუშებს და მოვუხმობთ მხოლოდ ერთ ძეგლს, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი რამდენიმე ეპისკოპოსის მიერ წარმართი მთავრის (“ეპარხოზის”) საჯაროდ, საზეიმოდ სამგზისი დასხმით ნათლობა, მაშინ როცა ყოველგვარი საშუალება და ყოველგვარი შესაძლებლობა არსებობდა ხსენებული მთავრის შთაფლვითი წესით მონათვლისა. ეგევე ძეგლი თანამიმდევრულად აგვიწერს, აგრეთვე, ახალმონათლულის სამღვდელო კურთხევასა და საეკლესიო ხარისხებში მის ამაღლებას.

ეს ძეგლი არის “მარტვილობა მენასი, ერმოგინესი და ევგრაფისა” (10 დეკ.). როგორც ცნობილია ხსენებულ მოწამეთა მარტვილობის ამსახველი თავდაპირველი ტექსტი (კიმენი) X ს-ის მიწურულს სიტყვიერად გარდაკაზმა და ეკლესიაში საკითხავად განაწესა დიდმა მნათობმა წმ. სვიმეონ ლოგოთეტმა ანუ მეტაფრასმა, რომელიც ძველბერძნული მართლმადიდებლობის მიერ შერაცხილია ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და იოანე ოქროპირის შემდეგ ეკლესიის ყველაზე რჩეულ მამად. სხვათაშორის, ამის შესახებ სწამებს საღმრთო გამოცხადება, რომლის მიხედვითაც უფალმა სამეუფო წიაღში (სიმბოლურად “პალატში) ჯერ ბასილის უხმო, შემდეგ, გრიგოლს და იოანეს, ბოლოს კი სვიმეონს. აი, სათანადო ტექსტი:

“პირველად ყოველთა დიდი ბასილი შეყვანებულ იქმნა და ეტჳრთნეს ქარტანი აღწერილთა თჳსთანი და შემდგომად მისსა გრიგოლი ღმრთისმეტყველი არწერილით წიგნებითურთ მისით და მისთანა იოანე ოქროპირი წიგნებითურთ თჳსით. და ვითარცა შეყვანებულ იქმნნეს სამნი იგი, ისმა კუალად ჴმაჲ რომელი იტყოდა: “მოუწოდეთ ჩემდა სჳმეონს”… ეგრეთ შევიდა იგი მეოთხედ, შემდგომად სამთა მათ წმიდათა მამათა” (იხ. ეფრემ მცირე, მოსაჴსენებელი მცირე სჳმეონისათჳს ლოღოთეტისა, კ. კეკელიძე, ეტიუდები, V, თბ., 1957, გვ. 224-225).

ახლა მოგვაქვს სათანადო ადგილი წმ. სვიმეონის ხსენებული შრომის ძველბერძნული ტექსტიდან, სადაც აღწერილია წარმართი მთავრის საუბარი წმ. მენასთან და შემდეგ მისი მონათვლა:

“მთავარმა მთელ სიმრავლესთან ერთად თქვა: “არაფერია ჩვენთვის საეჭვო შენი ღვთის შესახებ, უწმიდესო! ყოველივე ცხადად ვუწყით და ყოველსავე შენგან თქმულს ვერწმუნებით. მხოლოდ ერთს ვეძიებთ, რომ ნათლისღების მიერ ღმერთს მიგვაკუთვნო” (oi)keiwqh=nai qe%= dia\ tou= baptismatoj) … რადგანაც იყვნენ აქ გარემო ქალაქთა ეპისკოპოსნიც, კეთილმშოშინიც და ღვთისმოყვარენი, სულ ცამეტი… ბრძანა წმინდანმა, რომ მოტანილიყო წყალი. თვით იგი (წმ. მენა) შემაღლებულ ადგილზე ავიდა და მთავარს უწოდა, რომ მოეხარა თავი ღვთისმოყვარე ეპისკოპოსთათვის. ეპისკოპოსებმა ზედ დაასხეს მას თავზე წყალი და თქვეს: “მიიღებს ახალშობის განბანვას ერმოგენე სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა” (h)nexqe de\ kai\ u(/dwr, ou(/tw keleusqe\n u(po\ tou= a(gi/ou, au)to\j o( a(/gioj tou= u(/ywmatoj a)poba\j, kai\ to\n )/Epadxon me\n u(pokli=nai th\n kefalh\n toi=j qeofilta/toij )episko/poij pepoihkw\j, e)pixe/ein de\ au)t%= e)pi\ kefalh=j e)kei/nouj to\ u(/dwr, kai\ le/gein! De/xetai to\ Loutro\n th=j a)nagennh/sewj (Ermoge/nhj ei)j to\ o)/noma tou= Patro\j, kai\ tou= Niou=, kai\ tou= a(gi/ou Pneu/matoj, პგ. 116, სვ. 396 დ). მთელი სიმრავლის წინაშე ამგვარად ქმნა წმინდანმა მისი ნათლობა (ou(/twj e)nw/pion au)to\n panto\j tou= plhqouj baptisqh=nai pepoi/ken). ამის გამო ხალხმა ფრიად აქო იგი. რადგანაც მთავრისა ახალშობა დღესასწაულობას ავალდებულებდა წმინდანს და რადგანაც შეუძლებელი იყო ამოდენა სიმრავლის დაკმაყოფილება, წმ. მენამ დაშალა დამსწრეთა კრებული (to\ qe/atron), შემდეგ კი მიუბრუნდა ეპისკოპოსებს და ასე უთხრა მათ: “არ იქნება სამართლიანი, ეკლესიას მოვაკლოთ ამგვარი კაცი, მრავალსწავლული, გამჭრიახი და ამაღლებული გონების მქონე (… poluma/qhj, sw/frwn kai\ th\n dia/noian u(yhloj). წმინდანისადმი დიდი კრძალვის გამო ერმოგენე არ შეეწინააღმდეგა მას, ხოლო ეპისკოპოსებმა მიიღეს იგი და სამღვდელო დასში თანააღრიცხეს (t%= klh/r% sunariqmou=sin). შემდეგ წესისამებრ (pro\j ta/cin) განვლო მან ყველა საეკლესიო ხარისხი და დაადგინეს იგი ქალაქის ეპისკოპოსად (pro\j ta/cin tou\j e)kklhsiastikou\j pa/ntaj baqmou\j katelqo/nta, e)pi/skopon au)to\n th=j po/lewj kaqistw=sin/).

ხელთდასხმიდან (th\n xeirotoni/an) მეშვიდე დღეს ერმოგენმა შეკრიბა, რაც კი ჰქონდა, ოქრო და მთელი სხვა სიმდიდრე (h( periousi/a), უარი თქვა შვებაზე და ფუფუნებაზე, რაც ახარებს სოფლისმოყვარე სულებს, და ყოველივე მისცა ღარიბებს… მხნედ შეერკინა იგი საცთურს, მცირე დროში დაამხო ეშმაკთა სალოცავები და ბომონები, დასცა ყოველი კერპი, ყველგან დაამყარა ჯვარი (pantaxou= to\n stauro\n e)kh/cato), საკურთხევლები დააფუძნა და თაყვანისცემულ-ჰყო სახელი ქრისტესი. ამის შემდეგ, რადგანაც ხალხი შეუვრდებოდა მას და ითხოვდა მისგან ნათლობას, ყოველდღიურად ნათელსცემდა იმდენს, რომ ადვილი არ იყო მათი აღირცხვა, ხოლო ეშმაკეულებსა და სხვა ვნებათაგან ტანჯულთ მყისვე ათავისუფლებდა ეშმაკისა და ვნებისაგან მარტოდენ ქრისტეს ხმობით (e)piklh/sei mon$= Xristou=), თანაც ასწავლიდა მათ, რომ მარადჟამს დაშურებოდნენ ისინი სიწმიდეს, ღვთისმსახურებას, სიმდაბლეს, სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას და, მსგავსადვე, ყველა სხვა სათნოებას, თავის თავს კი ნიმუშად დაუდებდა მისგან განსწავლულთ. ასე რომ, მცირე დროში მთელი ქალაქი ერთი აზრით შეკავშირდა და იქმნა ყველა მათგანი ქრისტეს ერთ სამწყსოდ” (წმ. სვიმეონ მეტაფრასტი, წამება წმ. მენასი, ერმოგენისა და ევგრაფისა, პგ. 116, სვ. 396-397).

კარგად არის ცნობილი, რომ წმ. სვიმეონ მეტაფრასტის შრომები ქართულად თარგმნა ეფრემ მცირემ. ერთ-ერთი მათგანია სწორედ ზემოხსენებული ძეგლი. ქვემოთ მოგვაქვს შესაბამისი ადგილი ეფრემისეული თარგმანიდან:

“ხოლო ეპარხოზმან ყოვლისა თანა სიმრავლისა მიუგო და ჰრქუა: “არა რაჲ საეჭუელ არს ჩუენდა ღმრთისა შენისათჳს, ჰოჲ, წმიდაო! ყოველივე უწყით განცხადებულად და ყოველივე შენ მიერ თქუმული გურწამს, ერთსა ხოლო ვითხოვთ, რაჲთა საკუთარ-მყვნე ღმრთისა ნათლისღებისა მიერ… ხოლო ვინაჲთგან იყვნეს მუნ ეპისკოპოსნი გარემოთა ქალაქთანი, კაცნი ღმრთისმოშიშნი და ღმრთისმოყუარენი, რომელთა რიცხჳ აღვიდოდა ათცამეტად… უბრძანა წმიდამან, რაჲთა მოართუან მათ წყალი და თჳთ წმიდაჲ იგი აღვიდა სიმაღლედ, და უბრძანა ეპარხოზსა, რაჲთა მოუდრიკოს თავი ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოზთა და მათ დაასხეს წყალი იგი თავსა მისსა და თქუეს: “მიიღებს საბანელსა მეორედ შობისასა ერმოგენი სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა”. და ყოველი ერი ქალაქისაჲ მრავალ ჟამ აქებდის ქრისტესა საქმესა მას ზედა. ხოლო ვინაჲთგან აღმოშობაჲ იგი ეპარხოზისაჲ დღესასწაულად აიძულებდა და იგი უღონო იყო კმა-ყოფად ესოდენისა მის სიმრავლისა, მაშინ დაჰჴსნა წმიდამან თეატრონი იგი და ეგრეთღა მიექცა ეპისკოპოსთა და ჰრქუა: “არა სამართალ არს, რაჲთა დაშჭირდა ეკლესიასა ესევითარი კაცი, რამეთუ ფრიად სწავლულ არს და მაღალ გულისჴმისყოფითა”. ამათ სიტყუათათჳს ფრიადისა მის შიშისაგან, რომელი აქუნდა მათ წმიდისა მიმართ, არღარაჲ სიტყუაჲ უგეს მათ ერმოგენისათჳს, არამედ თანააღრაცხეს იგი მწყობრთა საეკლესიოთა და ესრეთ აღავლნეს ყოველნი ხარისხი და წესნი საეკლესიონი და ესრეთ აკურთხეს იგი ეპისკოპოსად ქალაქისა. ხოლო მაშინ შემდგომად ჴელთდასხმისა, ვითარცა მოიწია დღე მეშჳდე, შეკრიბა ყოველი, რაოდენი აქუნდა ოქროჲ და სხუაჲ სიმდიდრე და ყოველივე იგი მისცა ჴელსა გლახაკთასა და ჰრქუა გიხაროდენ ჯმნისაჲ საშუებელთა და ფუფუნებათა… და ესრეთ ძლიერად მძლე ექმნა საცთურსა და მცირედსა შინა ჟამსა ბომონნი მათნი და სამსახურებელნი დააქცინა და ყოველნი კერპნი და საკერპონი დაარღჳნა და ყოვლით-კერძო აღჰმართა ჯუარი და დადგნა საკურთხეველნი და ყოველნი განჰმზადნა თაყუანისცემად სახელსა ქრისტესსა, ხოლო ერნი, რომელნი შეურდებოდეს და ნათლისღებისა მოქენე იყვნეს, ნათელსცა მათ, ესოდენ მრავალთა, რომელ არა ადვილ არს რიცხუსა ქუეშე შეყვანებაჲ, ხოლო ეშმაკეულთა, გინა სხჳთა ვნებითა გუემულთა მხოლოდ სახელისდებითა ოდენ ქრისტესითა ეშმაკთაგან იჴსნიდა და ვინაჲთგან განჰკურნებდა და ასწავებდა მარადის ქონებად სიწმიდესა და ღმრთისმსახურებასა და სიყუარულსა, სიმშჳდესა და უპოვარებასა და სხუასა ყოველსავე სათნოებასა და ამის ყოვლისათჳს თავსა თჳსსა სახედ მისცემდა განსწავლულთა მათ მის მიერ. ხოლო ვიდრეღა იგი არამრავალნი დღენი გარდასრულ იყვნეს ჯერეთ და ყოველი იგი ქალაქი ერთნება ქმნულ იყვნეს და ერთობით სამწყსოდ ქრისტესსა გამოჩნდებოდეს” (ხელნ. A – 90, 79 r-v).

ცნობილია, რომ წმ. სვიმეონ მეტაფრასტის ხსენებული თხზულება ქართულად სხვა თარგმანითაც არის ცნობილი. საფიქრელია, მთარგმნელი იყოს ღირსი მამა თეოფილე ხუცესმონაზონი (XI ს. II ნახ.). საგულისხმოა, რომ აღნიშნული თარგმანი შემოგვინახა XI-XII სს-ის დიდად მნიშვნელოვანმა ხელნაწერმა H-1347, რომლის გადამწერადაც არსენ იყალთოელი ივარაუდება.[21]

ქვემოთ მოვიტანთ შესაბამის ადგილს “მენას, ერმოგინესა და ევგრაფის მარტვილობის” ამ მეორე თარგმანიდან:

“ჰრქუა მას (წმ. მენას, ე.ჭ.) ეპარხოზმან ყოველსავე მის თანა სიმრავლესა: “არარაჲ არს ყოვლად იჭუეულობაჲ ჩუენ თანა ღმრთისათჳს შენისა, წმიდაო! რამეთუ ყოველსავე გულსავსე-ქმნილ ვართ და ყოველისავეთჳს ცხადად გჳცნობიეს და გურწამს ყოველივე შენ მიერ თქუმული და ერთსა ოდენ ვეძიებთ, რაჲთა განვეთჳსნეთ ღმერთსა წმიდისა მიერ ნათლისღებისა…”

ხოლო ვინაჲთგან გარემოთაგან ქალაქთა იყუნეს მუნ ეპისკოპოსნი საღმრთონი, წესიერნი და განკრძალულნი, რიცხჳთ ათცამეტნი ოდენ… მოღებულ იქმნა წყალი ბრძანებითა წმიდისაჲთა და აღვიდა მოწამე ადგილსა მაღალსა და ამცნო ეპარხოზსა მოდრეკად თავისა ღმრთისმოყუარეთა მათ ეპისკოპოსთასა და მათ, რაჲთა გარდაასხან მას წყალი ნათლისღებისაჲ და ეტყოდინ: “მიიღებს საბანელსა მას მეორედ შობისასა ერმოგენი სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა”. ესრეთ წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა ყო წმიდამან ნათლისღებაჲ ეპარხოზისაჲ, რომელსა ზედა მრავალი ქებაჲ შეასხეს ძესა ღმრთისასა ყოველმან კრებულმან და ვინაჲთგან უკუჱ აიძულებდა ჟამი, დღესასწაული ახალსა მას შობასა ეპარხოზისასა წყლისაგან და სულისა და კმა-ყოფად ესოდენსა მას სიმრავლესა შეუძლებელ იყო, განყარა მაშინ თეატროჲ იგი, მერმე მიექცა ეპისკოპოსთა და ჰრქუა მათ: “არა სამართალ არს პატიოსანნო მღდელთმოძღუარნო ესევითარისა კაცისა, ბრძნისა და ღირსისა და გონებისა რჩეულისა დაკლებად ეკლესიისა”. ესმა რაჲ ესე მოწამისაგან ღირსთა მათ ეპისკოპოსთა, მოიყვანეს ერმოგინე და დააწესეს იგი ხარისხსა სამღდელოსა და რამეთუ არა იკადრა იგი რასაცა წინააღდგომად წმიდისა და ვითარცა მოავლინეს მას ყოველნივე ხარისხნი და კიბენი საეკლესიოთა პატივთანი და განწესებისათჳს საეკლესიოთა წესთაჲსა, მერმე მღდელთმოძღურად ალექსანდრია დედაქალაქისა აკურთხეს იგი და ვითარცა აღასრულეს დღე მეშჳდე შემდგომად ჴეთდასხმისა მისისა, შეკრიბა ყოველივე რაოდენი რაჲ აქუნდა ოქროჲ და ვეცხლი და სხუაჲ ყოველივე სიმდიდრე თჳსი და განუყო იგი გლახაკთა და იჯმნა ყოვლისაგანვე შუჱბისა და განსუენებისა და სხჳსა ყოვლისაგანვე, რომელი სახარულად შეურაცხია მოყუარეთა საფასისათა, მცირეთა ამათ შინა დღეთა დასცნა და დაამჴუნა სამსახურნი მათნი, დააქცივნა ბომონნი მათნი და ყოველნივე კერპნი შემუსრნა და ყოველგანვე აღჰმართა სახე პატიოსნისა ჯუარისაჲ და აღაშენნა საკურთხეველნი და თაყუანისცემულ-ჰყო ყოველსა ადგილსა სახე და სახელი ქრისტეს მეუფისაჲ. შემდგომად ამისა ზედადაესხმოდეს მას სიმრავლე იგი ერისაჲ, შეუვრდებოდეს და ჰლოცვიდეს და ევედრებოდეს, რაჲთა მიანიჭოს მათ ქრისტესმიერი იგი ბეჭედი, ვინაჲცა იწყო ნათლისცემაჲ მათდა და ნათელსცემნ თითოეულსა შინა დღესა სიმრავლესა არა ადვილად აღსარიცხავსა, ხოლო ეშმაკეულთა გინა სხჳთა რაჲთაცა სენითა შეპყრობილთა სახელისდებითა ოდენ ქრისტესითა განჰკურნებნ და ყოვლითგანვე ვნებულებათა განათავისუფლებნ და ასწავებნ ყოველთა სამარადისოდ შეტკბობად სიწმიდესა და შემდგომად ღმრთისმსახურებისა მოგებად სიმშჳდისა, უპოვარებისა და სხჳსა ყოვლისავე რაჲ სათნოებისა და თავსა თჳსსა მისცემნ ყოველსავე ზედა სახედ და მოძღურად მოუძლურებულთა მათ” (H-1347, 295v-296v).

დასასრულს, აღვნიშნავთ იმასაც, რომ ძველ ბერძნულ მართლმადიდებლობაში წმ. სვიმეონ მეტაფრასტამდე ცნობილი იყო იმავე წმ. მენას, ერმოგენესა და ევგრაფის მოკლე, ე.წ. კიმენური მარტვილობა, რომელიც ქართულად თარგმნა წმ. ექვთიმე მთაწმინდელმა. მოგვაქვს შესაბამისი ადგილი წმ. ექვთიმეს თარგმანიდან:

“მას ჟამსა წარავლინა ნეტარმან მენა თჳსი მწიგნობარი, რაჲთა მოიღოს წყალი და აღიღო წყალი იგი და მიუპყრა ღმრთისმოყუარეთა ეპისკოპოსთა, ხოლო მსაჯული იგი წარდგა წინაშე მათსა და მოუდრიკა თავი თჳსი და აკურთხეს და დაასხეს მას ზედა წყალი იგი და ნეტარმან ერმოგინე მადლითა ქრისტესმიერითა და ლოცვითა მით წმიდათაჲთა მიიღო სული ზეგარდამო შობისაჲ მისატევებელად ცოდვათა და აღდგომასა ცხორებაჲ საუკუნოჲ სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა” (იხ. XI ს-ის ხელნ. H-341, გვ. 9).

ყოველივე ზემოთქმული, ვფიქრობთ, ნებისმიერი მკითხველისათვის სრულიად უცილობელს ხდის, რომ თავზე წყლის სამგზისი დასხმით ნათლობა ძველბერძნულ-ძველქართულ მართლმადიდებლობის მიერ სავსებით შეწყნარებულ წესს წარმოადგენდა.

მოტანილი ნიმუში დიდად საყურადღებოა რამდენიმე კუთხით:

1. როგორც ვნახეთ, მსაჯული ერმოგინე ინათლება არა უშუალოდ წმინდანისგან, არამედ, წმინდანის ბრძანებით, ცამეტი ეპისკოპოსის მიერ. დასხმითი წესით ნათლობა რომ “სატანური პრაქტიკა” (ზ. ნარმანია) ყოფილიყო, ეჭვი არ არის, წმ. მენა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა ამგვარ ნათლობას და არც ეპისკოპოსნი აღასრულებდნენ მას, რადგანაც მათთვის ყველა საშუალება და ყველა შესაძლებლობა არსებობდა წარმართი ერმოგინეს შთაფლვითი წესით მონათვლისა.

2. ნათლობა ხდება საჯაროდ, საზეიმოდ, ცამეტი ეპისკოპოსის მიერ.[22] ამგვარად გამორჩეული ნათლობა, ეჭვი არ არის, აღსრულდებოდა იმ დროისთვის დამკვიდრებული წესით. ცამეტი ეპისკოპოსი, რომელთაც წმ. სვიმეონი უწოდებს “ღმრთისმოყვარე” და “კეთილმოშიშ” მღვდელმთავრებს, წარმომადგენელნი და ნიმუშნი არიან III-IV სს-ის ძველბერძნული მართლმადიდებლობისა. უეჭველია, ისინი აღასრულებენ კანონიკურ ნათლობას, რადგანაც, კვლავ გავიმეორებთ, რომ მათ არავითარი გარეშე ძალა არ ზღუდავს, არავინ არ აბრკოლებს, რომ ზედმიწევნით დაიცვან ნათლობის წესები.

3. თავზე დასხმითი ნათლობა, აღსრულებული “სახელითა მამისაჲთა, ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა”, დამოწმებული მართლმადიდებლური ტექსტების მიხედვით, არის “ზეგარდმო შობა”, “საბანელი მეორედ შობისა”, “ახალი შობა წყლისაგან და სულისა”, “აღმოშობა”. აღნიშნულ ტექსტებში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ სამგზისი დასხმით ნათლობა ან რაიმე სახის გამონაკლისი იყოს ანდა თითქოს საგანგებო შემთხვევის შედეგად აღსრულებული რამ წესი. პირიქით, დამოწმებული ტექსტები ძალდაუტანებლად, ბუნებრივად აგვიწერენ ნათლობის ჩვეულებრივ, გავრცელებულ (და არა განსაკუთრებული შემთხვევით განპირობებულ) სახეს.

4. მონათვლის შემდეგ ერმოგენი, ცხადია, ცოცხალია. უფრო მეტიც, იგი მალე ინიშნება უდიდესი საქრისტიანო ცენტრის – ალექსანდრიის მღვდელთმოძღვრად. ზემორე ტექსტებში დაწვრილებითაა აღწერილი მისი საეკლესიო მოღვაწეობა. როგორც ვხედავთ, სამგზის დასხმითი წესით მონათლული ერმოგენი შემდეგში არავის გადაუნათლავს შთაფლვითად.

5. ყოვლად სამღვდელო ერმოგენი დაუცხრომლად იღწვის წარმართთა მოსაქცევად. როგორც დამოწმებული ტექსტები გვაუწყებს, იგი ყოველ დღე, – თითოეულსა შინა დღესა”, – აურაცხელ ხალხს ნათლავდა, კერძოდ, იმდენად ბევრს, რომ ძნელი იყო მონათლულთა რაოდენობის განსაზღვრა (“არა ადვილად აღსარიცხავი”). კარგად არის ცნობილი, რომ შთაფლვითი წესით ნათლობა რიტუალურად უფრო რთულია, ვიდრე თავზე დასხმითი (სწორედ ამ სირთულემ განაპირობა შთაფლვითი ნათლობის გამარტივება). ეჭვი არ არის, რომ ამ აურაცხელ სიმრავლეს ერმოგენი, ასევე, დასხმითი წესით ნათლავდა, მაგრამ თუნდაც რომ შეუძლებელი ვიფიქროთ და ვივაარაუდოთ ერმოგენის მიერ აღსრულებული ნათლობები შთაფლვითი იყო, მაინც აშკარად ვლინდება მ. ჩახავასა და ზ. ნარმანიას მსჯელობათა უმართებულობა, რადგანაც მათი აზრით დასხმითი წესით მონათლულ მღვდელს არ ძალუძს სხვათა ნათლობა. ჩვენ ზემოთ ვნახეთ, რომ სრულიად ჩვეულებრივ ვითარებაში, ე.ი. ისეთ ვითარებაში, როდესაც სავსებით შესაძლებელი იყო შთაფლვითი ნათლობის ზედმიწევნითი აღსრულება, წარმართი ერმოგენი ცამეტი მართლმადიდებელი ეპისკოპოსი მიერ საზეიმოდ მოინათლა ოდენ თავზე სამგზისი დასხმით. ამ სახით მონათლული ერმოგენი მალე ხდება მღვდელთმოძღვარი, თვითვე ნათლავს აურაცხელ ხალხს და მისგან აღსრულებული ნათლობები, ცხადია, ჭეშმარიტი ნათლობებია. ასე რომ, თუნდაც ერმოგენს შთაფლვითი წესით მოენათლა ხალხი, ამით ოდნავადაც არ მიადგებოდა ჩრდილი დასხმითი წესით ნათლობას, რადგანაც სხვათა მნათვლელი ერმოგენი თვით იყო მონათლული დასხმითად. აქვე გარკვეულობისათვის მაინც აღვნიშნავთ კვლავ, რომ ერმოგენისაგან აღსრულებული ნათლობები უთუოდ იმ სახისა იქნებოდა, რა სახითაც მოინათლა თვით. ამას ცხადყოფს შემდეგი: თუკი ერთი ნათლობა, კერძოდ ერმოგენისა, ცამეტმა ეპისკოპოსმა თავზე დასხმითი წესით აღასრულა, განა თავად ერმოგენი ყოველ დღე აურაცხელ ნათლობას შთაფლვითად აღასრულებდა, მაშინ როცა არავითარი აუცილებლობა არ იყო ამისა, რადგანაც თვით წმინდა მენამ უშუალოდ მასზე განაჩინა და განაწესა, ხოლო ცამეტმა ეპისკოპოსმა მასზევე პრაქტიკულად სრულყო და დაადასტურა სამგზის დასხმითი ნათლობის რჯულიერება! მათვე შერაცხეს ამგვარი ნათლობა ჭეშმარიტ აღმოშობად, ჭეშმარიტ ახალშობად ანუ ჭეშმარიტ საბანელად მეორედ შობისა.

ამგვარად, დასხმითი წესით ნათლობის რჯულიერებას ზემოდამოწმებულ მრავალ მაგალითთან ერთად სწამებს და ადასტურებს უდიდესი მნათობი ძველბერძნული მართლმადიდებლობსია წმ. სვიმეონ მეტაფრასტი, რომელმაც ზემოხსენებულ ძეგლში დეტალურად აგვიწერა სამგზის დასხმითი ნათლობის პრაქტიკული აღსრულება და რომელმაც “აღმოშობად” და “მეორედ შობის საბანელად” შერაცხა ეს ნათლობა; ამასვე სწამებს დიდებული მარტვილი წმ. მენა, რომელიც უშუალოდ მეთვალყურეობდა წარმართი ერმოგენის სამგზის დასხმით ნათლობას. ამასვე სწამებს თავად ერმოგენი, რომელიც მღვდელთმოძღვარი გახდა და რომელიც, როგორც ვნახეთ, სამგზისი დასხმით იყო მონათლული. ამასვე სწამებს მთელი ძველბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს ყოვლადწბრწყინვალედ აღასრულებდა სამგზისი დასხმით მონათლული წმ. ერმოგენის ხსენებას და მრევლის წინაშე ყველას გასაგონად აღმოიკითხავდა მისი ნათლობის ამბავს რაიმე კომენტარის გარეშე. ამასვე სწამებენ დიდი მამები ექვთიმე ათონელი, ეფრემ მცირე, თეოფილე ხუცესმონაზონი და არსენ იყალთოელი, რომელთაგან პირველმა სამმა ქართულ ქრისტიანობას მიანიჭა ხსენებულ მოწამეთა ამსახველი ტექსტების თარგმანები, ხოლო მეოთხემ, არსენიმ თავად გადაწერა ერთ-ერთი თარგმანი, კერძოდ, თეოფილესი.[23]

——————————————————————————————————————

შენიშვნები

[1] – ვგულისხმობთ საღვთისმსახურო წეს-ჩვეულებას.

[2] – ცნობილია, აგრეთვე, წმ. მარკოზისა და მოციქულთა მოწაფის წმ. კლიმენტი რომაელის ლიტურგიები.

[3] – ამავე მიზანს ისახავდნენ გვიანდელი ბიზანტიური კომენტარებიც, რომლებიც ხსენებული კანონის ”სამი ბაპტიზმას”, არსენ იყალთოელის კომენტარის მსგავსად, სამი ჩაძირვის” (trei=j kata/duseij) ნაცვალ შესიტყვებად წარმოაჩენდნენ.

[4] – შდრ. ”ერთსა არსებასა, ერთსა ძალსა, სამბრწყინვალედ ერთხატად მნათობიერსა სამებასა წმიდასა… ყოველნი მორწმუნენი ქებით ვაკურთხევდეთ” (მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, გვ. 8).

[5] – საგულისხმოა, რომ წმ. დიდმოწამე ბარბარას ერთ საგალობელში ეწოდება ”სამბწყინვალედ განბანილი” (მიქაელ მოდრეკილის იადგარი, გვ. 336).

[6] – წმ. იუსტინე მარტვილი (II ს.) სწამებს, რომ ნათლობის მართლმადიდებლური წესი უძველესი დროიდანვე სამების სახელით ნათლისღება ყოფილა. აი, მისი სიტყვები: ”წყლით განბანვას აღასრულებენ სახელითა ყოველთა მამისა და უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა და სულით წმიდითა (”აპოლოგია”, 1,61. შდრ. ორიგინალი: e)po+no/matoj ga\r tou= Patro\j tw=n o(/lwn kai\ despo/tou Qeou= kai\ tou= swth=roj e(mw=n (Ihsou= Xristou= kai\ pneu/matoj a(gi/ou to\ e)n t%= u(/dati to/te loutro\n poiou=ntai).

[7] – გიორგი მთაწმინდელის თარგმანში გვაქვს ”შეიღებოს”.

[8] – ამის შესახებ გვაქვს უწყება გიორგი მერჩულეს ”გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში”: ”და არს ხანძთას ჴელითა მისითა (გრიგოლის ხელით, ე.ჭ.) დაწერილი, სულისა მიერ წმიდისა, საწელიწდოჲ იადგარი, რომლისა სიტყუანი ფრიად კეთილ არიან”.

[9] – შდრ. თეოდორიტეს სიტყვები: ”ცხოველი წყალი ეწოდება ნათლისღებას” (u(/dwr zw=n kalei=tai to\ ba/ptisma) (წმ. თეოდორიტე, შესაქმის შესახებ, კითხვა-მიგება XXVI, პგ. 80, სვ. 124 ბ).

[10] – სხურებითი ნათლობის მომასწავებელი სიმბოლოა გედეონის მიერ ხილული დაცვარული საწმისი: ”საწმისი, რომელიცა იხილა გედეონ სავსე ცუარითა და გამოჰსახვიდა იგავით სახესა ნათლისღებისასა” (მიქაელ მოდრეკილის ჰიმნები, გვ. 129, 29), აგრეთვე: ”საწმისსა მას სავსესა ცუარითა ჰხედვიდა, გამოჰსახვიდა ქრისტეჲს ნათლისღებასა” იქვე, გვ. 166,23).

[11] – შდრ. კირილე იერუსალიმელი: ”რაჟამს იჴსნიდა ჯუარითა სოფელსა მაცხოვარი და გუერდსა უგმირეს, გამოჴდა სისხლი და წყალი, რაჲთა რომელ სამე ჟამსა მშჳდობისასა სულითა წმიდითა და წყლითა ნათელ-იღონ და რომელსამე ჟამსა დევნისასა თჳსითა სისხლითა ნათელ-იღონ” (სინური მრავალთავი, გვ. 87).

[12] – ხსენებული თხზულების ბასილისეულობას ადასტურებენ ისეთი დიდი ავტორიტეტები, როგორებიც არიან წმ. მაქსიმე აღმსარებელი და წმ. იოანე დამასკელი. ამასვე ადასტურებს ”დიდი სჯულის კანონიც”, რომელშიც შესულია ვრცელი ციტატა ხსენებული წიგნიდან.

[13] – შდრ. წმ. დიონისე არეოპაგელის უწყება: ”წინაჲსწარმეტყუელთა მობერვისა გალობასა მეტყუელმან მის თანა” (”საეკლესიოჲსა მღდელთმთავრობისათჳს”, თავი 2, 2,7).

[14] – უთუოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ არიანოზნი და მათი მსგავსი სხვა მწვალებლები, რომლებიც ბ-ნ მ. ჩახავას კლასიფიკაციის მეორე ”ჩინს” შეეფარდება და რომლებსაც მ. ჩახავასვე სიტყვებით ”გააჩნიათ სწორი, მოციქულთა კანონისმიერი ნათლობა”, ჩვეულებრივ, ”სხურებით” ნათლავდნენ. ამას სრულიად აშკარად გვაუწყებს არიოზის თანამედროვე უწმიდესი მამა ათანასე ალექსანდრიელი, რომლის მიერაც არიანოზთა და სხვა მსგავს მწვალებელთა მიერ მონათლილი პირი წოდებულია ასე: ”სხურებული მათგან” (r(antizo/menoj par ) autw=n) (იხ. წმ. ათანასე ალექსანდრიელი, მეორე ქადაგება არიანოზთა წინააღმდეგ, პგ. 25, სვ. 237 ბ).

[15] – იხ. ე. გაბიძაშვილი, დასახ. შრომა, გვ. 138-139.

[16] – საეკლესიო წესთა სიმბოლურობა გარკვევით არის უწყებული წმ. მაქსიმეს მიერ: ”არა სიშიშულეთ განცხადებულ არიან წესნი ეკლესიისანი, არამედ გრძნობადთა სახეთა მიერ თითოსახედ დაფარულ” (ხელნ. A-110, გვ. 307).

[17] – აქ იგულისხმება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის 39-ე ქადაგება ”წმიდა სინათლის შესახებ”, რომელიც უძველეს დროშივე ითარგმნა ქართულად. ზემორე ციტატის შესაბამისი ბერძნული ტექსტი იხ. პგ. 36, სვ. 353-356).

[18] -ამიტომაა, რომ ლიტურგიკულ ტექსტებში თუ გვიან ბიზანტიუელ ისტორიკოსთა კომენტარებში ნათლობასთან დაკავშირებით ტერმინი ”შთაფლვა” გვხვდება ზოგადი აზრით და იგი არ უარყოფს, არ უპირიპირდება ”დასხმას”. ეს ორი ტერმინი რომ უარყოფდეს ერთმანეთს, მაშინ ძველბერძნულ მართლმადიდებლობაში თუნდაც ერთგზის მაინც იქნებოდა სადმე თქმული ”შთაფლვა და არა დასხმა, არა სხურება”. მეორე მხრივ, თვით შთაფლვაც სულიერი აზრით, სწორედ ”სხურებად” იწოდება.

[19] – შდრ. რუს. თარგ.: ”наливая воду” (”Творения св. Тригория Нисскаго”, ч. IV, Москва 1862. Стр. 91).

[20] – შდრ. რუს თარგ.: ”трижды возливая на себя воду” (стр. 99).

[21] – იხ. ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგდოების ყოფ. მუზეუმის ხელნაწერები (H კოლექცია), ტ. III, თბ., 1948, გვ. 293. შდრ. მინაწერები გადამწერისა: ”ეკრძალე მკითხველო, იყალთელსა ჰლოცვიდი” (72r); ”წმიდაო ღმრთისმშობელო… მეოხ მეყავ წინაშე ძისა შენისა ფრიად ცოდვილსა არსენის” (159r); ”სტეფანე… მეოხ მეყავ წინაშე ღმრთისა ფრიად ცოდვილსა არსენის” (203r) (იხ. დასახ. აღწერილობა, გვ. 302).

[22] – როგორც ვნახეთ, ერმოგენის ნათლობა იქ დამსწრე ხალხის წინაშე დღესასწაულად იქნა შერაცხილი.

[23] – თავზე წყლის სამგზისი დასხმა გვხვდება, აგრეთვე, მეცხრე საუკუნის ღირსი მამის, წმ. ანტონი ახლის ცხოვრებაში, სადაც ვკითხულობთ: ”ერთ ღამეს ძილში ხედავს იგი თავის თავს ჰაერში ამაღლებულად და უსასრულო სინათლეს იმ ადგილის გარშემო, საიდანაც იმზირებოდა თვით; შემდეგ (ხედავს) ორ თეთრადმოსილ კაცს, რომლებსაც ხელთ უპყრიათ წყლით სავსე ოქროს ჭურჭელი, აგრეთვე, ქალს მეწამული სამოსელით ზედიდებულად მოსილს, რომელმაც აიღო ხელით წყალი და სამგზის დაასხა მას თავზე და ამგვარად განშორდა მას” (…h(/tij kai\ a)/rasa t$= xeiri\ u(/dor )epe/xeen tri/ton )epi th\n kefalh\j au)tou=).

ედიშერ ჭელიძე

”ეკლესია – სძალი უფლისა”, 1990 წ.

წყარო: http://www.Library.church.ge

Published on June 14, 2011 at 9:03 pm  Leave a Comment  

The URI to TrackBack this entry is: https://edisheri.wordpress.com/%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a0-%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%ac%e1%83%a7%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ae/trackback/

RSS feed for comments on this post.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: