ედიშერ ჭელიძე – ეკლესიის მამათა სწავლება ცოდვისა და სასჯელის შესახებ[1]

ფართო საზოგადოებაში დიდ დაინტერესებას იწვევს საკითხი იმის შესახებ, გადადის თუ არა გენეტიკურად წინაპართა პირადი სულიერი მდგომარეობა მათ შთამომავლობაზე და შესაძლებელია თუ არა, რომ წინაპრის მძიმე პირადი ცოდვის მიზეზით საუკუნოდ წარწყმდეს მისი სისხლისმიერი შთამომავალი, ე. ი. მამის ცოდვისათვის წარსაწყმედელს მიეცეს შვილი.

ნაწილი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობს და მიიჩნევს, რომ არ არის სამართლიანი შვილის წარწყმედა მშობლის ცოდვის გამო, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი დღეს თვლის, რომ ზემორე აზრი მხოლოდ “ადამიანის მართლმსაჯულების რაკურსია”. მაგალითად, მიუთითებენ: “ადამიანური მართლმსაჯულების რაკურსით ბავშვების დასჯა მშობლების დანაშაულის გამო უსამართლობაა”. რაც შეეხება ღვთიურ მართლმსაჯულებას, მათი მტკიცებით, საქმე სხვაგვარადაა. კერძოდ, თვლიან, რომ საღვთო მართლმსაჯულებით “შვილები დაიტანჯებიან და წარწყმდებიან თავიანთი მშობლების ცოდვათა გამო”.

პირველი თვალსაზრისის მომხრენი იშველიებენ საღვთო წერილის სიტყვებს: “ძენი არა მოკუდენ მამათათჳს, თითოეული თჳსითა ცოდვითა მოკუდეს” (II სჯ. 24. 16).

მეორე თვალსაზრისის მომხრენიც საღვთო წერილს იმოწმებენ: ”და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე” (გამოსლ. 34. 6-7; შდრ. გამოსლ. 20. 5).

მეორე თვალსაზრისის საფუძვლად მიჩნეულია ის დაშვება, რომ მშობლის სულიერი მდგომარეობა სპერმატულად, თესლობითად გადადის შთამომავალზე. ამ აზრის დასტურად მიიჩნევენ სახარების სიტყვებს:

“რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაჲსწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან, სისხლთაგან აბელისით ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაისა” (ლკ. 11.50). ამბობენ შემდეგსაც: “იმ იუდეველთა შვილებიც, რომლებიც ქრისტეს სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ და ამბობდნენ: “სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა” – ნამდვილად მშობელთა ცოდვებისათვის დაისაჯნენ”.

ამრიგად, მეორე თვალსაზრისის მომხრენი ამტკიცებენ, რომ მშობლის სულის ცოდვილიანობა ჩანასახშივე გადაეცემა შვილს და შეიძლება გახდეს მისი საუკუნო წარწყმედის მიზეზი.

ერთი შეხედვით, თითქოს ორივე ზემოაღნიშნულ თვალსაზრისს მოეპოვება თავისი საყრდენი საღვთო წერილში, მაგრამ ნუთუ მართლა ასეა, ნუთუ შესაძლებელია, რომ წმინდა წერილი ოდნავ მაინც წინააღმდეგობრივი იყოს? რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. შესაბამისად, მნიშვნელობა ენიჭება არა ჩვენი შეხედულებისამებრ ბიბლიის გაგებას, არამედ მხოლოდ იმას, თუ როგორ განმარტავენ საღვთო წერილის ზემორე მუხლებს ღვთივგანბრძნობილი მამები, რა მოძღვრებას გვაწვდიან ისინი ზემორე საკითხზე.

საღვთო წერილში და წმინდა მამებთან მოცემულია სავსებით პირდაპირი სწავლებანი წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად მხედველობაში გვაქვს იოანეს სახარების ცნობილი ეპიზოდი ბრმადშობილის განკურნების შესახებ. სახარებაში, კერძოდ, მოთხრობილია, თუ როგორ ნახავს იესო დაბადებიდან ბრმა ადამიანს. მოწაფეები ეკითხებიან უფალს, თუ რა უნდა იყოს ამ ადამიანის სიბრმავის მიზეზი, მისი პირადი ცოდვა თუ მშობელთაგან ნამემკვიდრევი ცოდვა. უფალი უპასუხებს:

“არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა…” (ი. 9.3).

ეს პასუხი ეკლესიის მამათა მიერ შერაცხილია უფლის ზოგად განჩინებად იმასთან დაკავშირებით, რომ თანდაყოლილი სენის მიზეზი არც ამ სნეული ადამიანის პირადი ცოდვის შედეგია, რადგან დაბადებამდე ვერ შესცოდავდა იგი, არც – მისი მშობლებისა, რადგან მშობელთა ცოდვის გამო საღვთო მართლმსაჯულება არასოდეს არ განუკუთვნებს სასჯელს მათგან შობილთ. მოგვაქვს კონკრეტული განმარტებანი:

წმ. კირილე ალექსანდრიელი აღნიშნული მუხლის კომენტირებისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაცხოვარი ამ სიტყვებით ორ საცთურს უარყოფს: (I) ელინურს (ორიგენისტულს), რომლის მიხედვითაც ადამიანი ფიზიკურად ნაკლულევანი იბადება მისი სულის იმ შეცოდებათა გამო, რაც თითქოს ჩადენილ იქნა მის მიერ ხორციელ შობამდე (ე.ი. თითქოს სული ხორცის უწინარეს არსებობდა და, გახდა რა ცოდვილი, ფიზიკურ ნაკლულევანებაში განსხეულდა); (II) იუდაისტურს, რომლის თანახმადაც მშობელთა ცოდვების გამო ღმერთი თითქოს მათ შვილებს სჯის და წარწყმედს.

მეორე საცთურთან დაკავშირებით წმ. კირილე, კერძოდ, აღნიშნავს:

“უბადრუკი იუდეველნი, თითქოსთა წინამშობელთა უღვთოების გამო სასჯელდადებულნი, არამცირედ დრტვინავდნენ ღვთისადმი, რომელმაც თითქოსდა უმეტესი უგუნურებით მათზე მოაწია მამათა შეცოდებანი. ამიტომ, დასცინოდნენ კიდეც ამგვარ მსჯავრს, როგორც უმეტესად უსამართლოს, და იგავის სახით ამბობდნენ: “მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს” (იერ. 31.29)… მაგრამ ერთი და მოკლე სიტყვით დაარღვია ქრისტემ მათი (ელინებისა და იუდეველების, ე. ჭ.) უგულისხმოება, დაამტკიცა რა, რომ არც თვით ამ ბრმას შეუცოდია, არც მის მშობლებს. ამრიგად, უფალი ერთი მხრივ, დაამხობს (a)natre/pei) იუდეველთა დოგმას და ამბობს, რომ არავის შეცოდების გამო არ დაბადებულა ადამიანი ბრმა, არც – თავისი, არც – წინამშობლებისა, არცთუ – მამისა ან დედისა (ou)de\ matro\j, h)/ mhtro\\/j), მეორე მხრივ კი არღვევს იგი სხვათა ნაყბედობის მონაჩმახებს, რომლებიც ამბობენ, რომ სულები სხეულებამდეც სცოდავენ” (წმ. კირილე ალექსანდრიელი, იოანეს სახარების განმარტება, PG. 73, 941 B-C).

შემდეგ ხსენებული წმინდანი იკვლევს იმის მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია იუდეველებში იმ ცთომილი სწავლების აღმოცენება, რომ თითქოს შვილები მამათა შეცოდებების გამო ისჯებოდნენ (“ხოლო აუცილებელია თქმა იმისა თუ საიდან შეემთხვათ იუდეველებს ამ მოძღვრებამდე და აზრამდე მისვლა. ცხადად უნდა წარმოჩნდეს ისიც, რომ იუდეველები, რომლებიც უძლურნი აღმოჩნდნენ საღვთო სიტყვის შემეცნებისა, მართებული აზრისგან გადაცდნენ”, იქვე).

ამრიგად, წმ. კირილე გვასწავლის, რომ უფალმა ზემორე სიტყვებით დაამხო იუდეველთა დოგმა იმის შესახებ, რომ შვილები ისჯებიან მამათა შეცოდებების გამო, ხოლო ამგვარი ცთომილების მიზეზად ხსენებულ წმინდანს მიაჩნია საღვთო სიტყვის დამახინჯებულად გაგება მათ მიერ.

რომელი საღვთო სიტყვა იგულისხმება აქ?

წმ. კირილეს მხედველობაში აქვს უფლის შემდეგი უწყება მოსესადმი:

“უფალი ღმერთი, მოწყალე და შემწყნარებელი, სულგრძელ და დიდად მოწყალე… და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე” (გამოსლ, 34. 6-7; შდრ. გამოსლ.20.5).

ესაა ის სიტყვები, რომლებსაც მეორე თვალსაზრისის მომხრენი იმოწმებენ ზემოხსენებული იუდეველური ცრუსწავლების დასამტკიცებლად, რომ თითქოს უფალი მამათა ცოდვებისათვის სჯიდეს მათ გენეტიკურ შთამომავლებს ანუ მათ ხორციელ შვილებსა და შვილიშვილებს მესამე-მეოთხე თაობებამდე და თითქოს ამით აიხსნება მშობელთა გამო შვილთა საუკუნო წარწყმედა.

მაგრამ ვნახოთ, თუ რა უნათლეს და უსაღვთოეს განმარტებას გვაწვდის წმ. კირილე, რომელიც სიტყვა-სიტყვით ბრძანებს:

“ამრიგად, წარმოჩნდა, რომ ყოველთა ზედა ღმერთი თვით სწამებს თავისი თავის შესახებ კაცთმოყვარეობას და უმწვერვალეს ძვირუხსენებლობას. ამიტომ, ამიერიდან მართებული უნდა იყოს თქმა იმ მიზეზისა, რის გამოც შეცდნენ იუდეველნი, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ავმეხსიერი და გამძვინვარებული ყოფილა ჩვენი კეთილი ღმერთი. ვფიქრობ, რომ მათ ვერანაირად ვერ მოახერხეს საღვთო სიტყვათა წვდომა, ვერცთუ ის შეძლეს, რომ გაეკიცხათ ეს სიტყვები, როგორც თითქოსდა არა ურჩეულესად თქმულნი, არამედ ფრიად გადაცდენილნი სამართლიანობის რჯულს, შეემთხვათ კი ეს მხოლოდ მათი განუსწავლელობის შედეგად, რის გამოც ჭეშმარიტად ჩათვალეს, რომ მშობელთა ცოდვები შვილებზე მოიწეოდა და ისე შორს ხდებოდა გადაწვდენა საღვთო რისხვისა, რომ ვიდრე მესამე და მეოთხე თაობამდე აღწევდა იგი. ამის გამო სხვები კიცხავდნენ კიდეც მას (უფალს, ე. ჭ.), როგორც უცოდველთა უსამართლოდ დამსჯელს. როგორღა არ იქნებოდა უფრო მართებული, თუკი იყვნენ ვინმე ბრძენნი, ჯეროვნად გაეაზრებინათ, რომ სამართლიანობის წყარო ვერ მოიმოქმედებდა ისეთ რამეს, რაც ჩვენს ჩვევებზე უფრო სამარცხვინოა! მართლაც, ადამიანები კანონთამიერ სასჯელს იმათ ადებენ, რომლებიც უკანონობას სჩადიან და არავითარ შემთხვევაში არ ადანაშაულებენ მათ, რომლებიც იმათგან არიან ნაშობნი, თუ, რა თქმა უნდა, არ არის ვინმე ისეთი, ვინც იმხილება როგორც თანადამნაშავე და ცთომილებათა მოზიარე. ამიტომ, იგი, რომელმაც ჩვენც ყოველგვარი სამართლიანობის კვალობაზე განგვისაზღვრა რჯულნი, როგორღა არ იქნება მხილებული იმგვარ დამსჯელობაში, რაც თვით ჩვენს შორისაც კი იგმობა? კიდევ, ამასთან ერთად ესეც განსაჭვრეტია: მან (უფალმა, ე. ჭ.) აურაცხელი რჯულდება გვამცნო მოსეს მიერ და მრავალგზის განაჩინა უწმინდური ჩვევებით მცხოვრებთა დასჯა, მაგრამ არსად ჩანს იგი რჯულმდებლად იმისა, რომ ცოდვილებთან ერთად საფრთხეში უნდა ჩავარდნენ ისინიც, რომლებიც მათგან არიან (a)ll” ou)damou= prosta/ttwn o(ratai sugkindune/uein toi=j a(marta/nousi xrh=nai tou\j e)c au)tw=n), რამეთუ ცოდვილთა წინააღმდეგაა სასჯელი (კkata\ ga\r tw=n a(martano/ntwn h( di/kh), (იქვე, 945-948);

ამ უსაღვთოესი სწავლების გადმოცემის შემდეგ წმ. კირილე უშუალოდ წმინდა წერილის ზემოციტირებულ სიტყვებს განგვიმარტავს:

“მართლაც, როგორღაა სულგრძელი და მრავალმოწყალე ანდა ურჯულოებისა და ცოდვის აღმხოცი ის, ვინც ვერ დაითმენს, რომ მცოდველის თავს მოუზომოს (ე.ი. განუკუთვნოს, ე. ჭ.) სასჯელი, პირიქით, მესამე თაობამდე განავრცობს მას და მეხივით ატყდება უდანაშაულოებს (a)Jw/oij)? მაშასადამე, მთლად დაუჯერებელი და უკიდურეს სისულელესთან თითქმის გატოლებული (th=j e)sxa/thj eu)hJei/aj; laT. Summae dementie) უნდა იყოს იმის ფიქრი, რომ ღმერთი მოწმობს თავის თავში კაცთმოყვარეობასა და ლმობიერებასთან ერთად ამგვარად გახანგრძლივებული და უუგუნურესი რისხვის (a)lwgota/thn o)rgh/n) თანამყოფობას. შემდეგ, ამას გარდა, სხვა რამესაც დასძენენ იუდეველურად მოაზროვნენი (oi( noou=ntej )Ioudai+kwoj), მიიჩნევენ რა, რომ ღმერთმა არც თითოეული საქმის შესაფერისი ჟამი უწყის, რადგან თუკი ითქმის, რომ სულგრძელია იგი და თუკი ვლინდება, რომ ძალიან ადვილად იცხრობს იგი რისხვას, რატომღა დასძენს: “მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე?” მართლაც, ამგვარი რამ სხვა არაფერია თუ არა ის, რომ ამის მოქმედი მოსურნე ყოფილა შიშის ზარი დაეცა მათთვის, რომლებიც მისგან (უფლისგან, ე. ჭ.) შეცოდებათა მიტევებას მოელოდნენ, რამეთუ მაშინ არსაიდანღა არსებულა მათთვის იმედის მომცემი რამ, თუკი ნამდვილად ავმეხსიერი და ხანგრძლივად მრისხანე ყოფილა იგი, ვინც სამართლიანად იყო გამწყრალი მათზე. მითხარით, რაღას უნდა წარმოადგენდეს ჩვენთვის თვით სიწმინდეთმჩენი მოსეც? განა უუგუნურესი საქმის მოქმედად არ წარმოჩნდება იგი, თუკი მიდის ღმერთთან მას შემდეგ, რაც ისრაელმა შეურაცხყო უფალი და დასჯა მოელის, მოსე კი, ევედრება რა ღმერთს და ითხოვს რა მისგან პატიებასა და კაცთმოყვარეობას, უდროო დროს ეუბნება მას: ‘ბუნებით იმგვარი ხარ, რომ მამათა შეცოდებებს შვილებზე ზღავ~. ეს ხომ უფრო მრისხანებისკენ წაქეზება იქნებოდა, ვიდრე მოწყალებისკენ მოხმობა, და უფრო ავმეხსიერების მოთხოვნა, ვიდრე სულგრძელებისა?” (იქვე).

მაშ, როგორ გაიგება უფლის სიტყვები? წმ. კირილე განაგრძობს:

ამ სიტყვებით უფალს ‘სააშკარაოზე გამოაქვს, რომ არსობრივია მისთვის სულგრძელება და ძვირუხსენებლობა, და რომ მამათა შეცოდებებს დასდებს მესამე და მეოთხე თაობის შვილებზე, მაგრამ არც მამის გამო სჯის შვილს, – არ იფიქრო ეს, – და არც შორეულ შთამომავლებზე დადებს ტვირთივით წინაპართა შეცოდებებს, არამედ გულისხმობს შემდეგს: ვთქვათ, იყო ვინმე ურჯულო კაცი, რომელსაც ყოველგვარი უკეთურებით სავსე ჰქონდა გონება. მართებული იქნებოდა, რომ იგი, ამგვარი ცხოვრების მიმდევარი, დაუყოვნებლივ დასჯილიყო, მაგრამ მაინც თავი შეიკავა ღმერთმა ძვირუხსენებლად და არ მოაწია მასზე კუთვნილი რისხვა. შემდეგ ამ კაცს შეეძინა ძე, რომელიც შეეჯიბრა მამას უღვთოებაში და გაუსწრო კიდეც ბოროტებაში მის მშობელს, მაგრამ მასზეც სულგრძელება გამოიჩინა ღმერთმა. შემდეგ ამისგანაც იშვა მესამე ანდა მესამისგან მეოთხე, რომლებიც, – იმ მხრივ, რაც უკეთურების სახეს შეეხება, – არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მამებს და მამათა თანასწორად მოქმედებდნენ უღვთოებას. აი, მაშინ მოაწევს ღმერთი ზემოდან იმ რისხვას, რაც თავიდანვე ეკუთვნოდა მთელ მოდგმას, გამოიჩინა რა უკვე საკმარისი (უფრო კი, საკმარისზე მეტი) ძვირუხსენებლობა. ამიტომ, სასჯელის დაყოვნება ვიდრე თვით მეოთხე თაობამდეც კი როგორღა არ უნდა ჩაითვალოს როგორც ღვთისმშვენი უდრტვინველობის სადიდებელი? მართლაც ის, რომ არც შვილის დასჯა სჩვევია მას მამის გამო და არც მამისა – შვილის გამო, ამის სწავლა სიძნელის გარეშე შეიძლება იმ სიტყვებისგან, რაც წინასწარმეტყველი ეზეკიელის პირით გარკვევით უთხრა მან იუდეველებს, რომლებიც სწორედ ამის გამო დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ‘მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოჰლბეს”. მოსე იტყვის: ‘და იყო ჩემდა მომართ სიტყუაჲ უფლისაჲ და თქუა: ძეო კაცისაო, რაჲ არს თქუენდა იგავი: მამათა ჭამეს კაწახი და ძეთა კბილები მოჰლბეს? ცხოველ ვარ მე! – იტყჳს უფალი, ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაელსა შორის, რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან: ვითარცა სული მამისაჲ, ეგრეცა სული ძისაჲ ჩემი არს. სულმან, რომელმან ცოდოს, იგიცა მოკუდეს. და ძემან არა მიიღოს ცოდვაჲ მამისაჲ, არცა მამამან ცოდვაჲ ძისა თჳსისაჲ” (ეზეკ. 18.1-3;20). ყველა კვდება თავის იმ ბოროტებაში, რითაც მან სცოდა (e(/kastoj e)n th= kaki/a au)tou=, $( h)/marten, a)poJanei=tai e)n au)t$) (იქვე, 948-949).

სხვა ადგილასაც მოძღვარი კატეგორიულად მიუთითებს:

”ისიც, რომ მამათა შეცოდებებს არ მოაწევს ღმერთი შვილებზე, ვრცელი სიტყვით, არცთუ ურიგოდ, როგორც მე მეჩვენება, წარმოვაჩინეთ, როდესაც განსამარტავად წინ გვედო სიტყვები: ”რაბი, ვინ სცოდა, ამან თუ ამის მშობლებმა, რადგან ბრმა დაიბადა?”(დასახ. ნაშრომი, 2.197.14).

აი, სიდიადე საღვთო მოძღვრებისა, აი, სადიდებელი ღვთის გულმოწყალებითი მართლმსაჯულებისა, ანთუ პირიქით, მართლმსაჯულებითი გულმოწყალებისა!

ამრიგად, როგორც ვნახეთ, წმინდა წერილის ის სიტყვები, რაც იუდეველური ერეტიკულობით გაიგებოდა და გაიგება ბევრის მიერ დღესაც, სინამდვილეში საღვთო გულმოწყალების სადიდებელი ყოფილა. დიახ, უფალი არასოდეს სჯის უმანკო შვილებს მამათა ცოდვების გამო. ყოველი ადამიანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ შეგნებულად, ნებაყოფლობითად, გააზრებულად და განზრახულებითად აღსრულებული პირადი ცოდვების გამო. შვილი მხოლოდ მაშინ ხდება უფლისგან მსჯავრდადებული, როდესაც იგი მთელი განზრახულებითი შეგნებით შეუერთდება მამისეულ ცოდვას და გააღრმავებს მას, შეგნებულად გაკერპდება მასში.

ახლა ვნახოთ, თუ როგორ განმარტავს ბრმადშობილის შესახებ უფლისგან თქმულ სიტყვებს წმ. იოანე ოქროპირი:

”ჰკითხეს, ვითარმედ: ”მოძღუარ, ვინ ცოდა? ამან, ანუ მშობელთა ამისთა?”

ცთომილ არს კითხვაჲ მათი, რამეთუ ვითარმცა ცოდა უწინარეს შობისა, ანუ უკუეთუ მშობელნი ცოდვიდეს, იგიმცა ვითარ იტანჯა?.. ნუუკუე ამანცა ცოდაა? არამედ ესე შეუძლებელ არს, რამეთუ შობითგან ბრმაჲ არს; ანუ მშობელთა მისთა ცოდვისათჳს არსა? არამედ ესეცა შეუმსგავსებელ არს, რამეთუ შვილსა მშობელთათჳს სასჯელი არა მოეჴადების” (წმ. იოანე ოქროპირი, განმარტება იოანეს სახარებისა, II, თბ. 1993, გვ. 66).

შემდეგ დიდი მოძღვარი განმარტავს, რომ, ცხადია, ამ ბრმის მშობლებიც, საზოგადოდ, ცოდვილნი იყვნენ, როგორც ადამიანები და თვით ამ ბრმასაც ექნებოდა შეცოდებანი, როგორც ზრდასრულ კაცს, მაგრამ არც ერთი ეს მხარე არ იყო საკუთრივ მისი ბრმადშობილობის მიზეზი, რადგან, ერთი მხრივ, თვით ეს კაცი ასე დაიბადა და დაბადებამდე ცოდვილი ვერ იქნებოდა, მეორე მხრივ კი მშობლების ცოდვილობა არ განაპირობებს მათგან შობილის ნაკლულევანებას და ტანჯულობას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წმ. იოანე ოქროპირი უფლის სიტყვებს საზოგადო განჩინებად თვლის და არა კონკრეტულად ხსენებული კაცისადმი ნათქვამად. იგი უმკვეთრესი სიცხადით აღნიშნავს:

‘ხოლო როდესაც უფალი ამას ამბობდა, ამბობდა არა იმის საჩვენებლად, რომ ამ შემთხვევაშია ეს ასეო, სხვები კი შეიძლება იყვნენ დაბრმავებულნი მშობელთა ცოდვების გამოო, რადგან შეუძლებელია, რომ სხვამ შეცოდოს და სხვა დაისაჯოს მისი ცოდვისთვის” (‘ხოლო ამას იტყოდა, არა თუ რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ ესე ესრეთ არს, ხოლო სხუანი ვიეთნიმე დაბრმეს ცოდვისათჳს მშობელთაჲსა, რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა სხუამან ცოდა და სხუაჲმცა დაისაჯა ცოდვისა მისისათჳს”, იქვე).

შემდეგ დიდი წმინდანი განაზოგადებს თავის ნათქვმს და წმ. კირილეს მსგავსად, მოუხმობს ძველი აღთქმის ზემოციტირებულ სიტყვებს:

‘ეგრეთვე არს ყოველივე და ამისთჳს ეზეკიელ იჭუსა მას განაქარვებს და იტყჳს: ‘ცხოველ ვარ მე, – იტყჳს უფალი. არღარა იყოს იგავი ესე, რომელი ითქუმის, ვითარმედ: ‘მამათა ჭამეს კაწახი და შვილთა კბილნი მოემუხნეს” და მოსე იტყჳს: ‘არა მოკუდეს მამაჲ შვილისათჳს” (იქვე, გვ. 67).

შემდეგ პირდაპირ ზემოხსენებული მეორე თვალსაზრისის მომხრეებს მიმართავს საღვთო მოძღვარი:

‘ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარ თქუმულ არს თუ: ‘რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე”, არამედ ჩუენ ვიტყჳთ ამისთჳს, ვითარმედ ბრძანებაჲ არა ყოველთა ზედა არს, არამედ რომელთათჳსმე თქუმულ არს, რომელნი-იგი ეგჳპტით გამოვიდეს, ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, რამეთუ ვინაჲთგან ეგჳპტით გამოსრულნი იგი ესეოდენთა მათ სასწაულთა შემდგომად, რომელნი იქმნნეს მათთა მათ მშობელთა ზედა, იქმნნეს იგინი უბოროტეს მათსა, რომელთა ყოვლადვე არა ეხილვა სასწაული, ამისთჲს იტყჳს, ვითარმედ: ‘რაჲ-იგი მოიწია მათ ზედა, იგივე მოიწიენ ამათ ზედაცა, რამეთუ იგივე საქმე ქმნეს! და რომელმან აღმოიკითხოს, ცნას ჭეშმარიტებით, ვითარმედ მათთჳს თქუმულ არს” (იქვე).

როგორც ვხედავთ, წმ. იოანე ოქროპირი მთლიანად უკუაგდებს მშობელთა ცოდვების შვილებზე გენეტიკურ გადასვლას და, წმ. კირილეს მსგავსად, რჯულმდებლობს, რომ შთამომავალთაგან მხოლოდ და მხოლოდ იმათ შეეხება სასჯელი, რომლებმაც იგივე შეცოდება აღასრულეს (‘იგივე საქმე ქმნეს”), რაც მშობლებმა და თვით მათზე უბოროტესნიც გახდნენ (‘იქმნეს იგინი უბოროტეს მათსა”).

ზემოთქმული აშკარას ხდის, თუ რას გულისხმობდა წმ. ანასტასი სინელი, როდესაც ამბობდა, რომ ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება იმის შესახებ, რომ მამათა ცოდვებისათვის მესამე-მეოთხე თაობებამდე მიეგებათ შვილებსო: ღმერთმა გააუქმა არა თავისი განჩინების შინაარსი, არამედ განჩინება როგორც გამონათქვამი, როგორც ფორმა, რადგან იუდეველებმა ზედაპირული ბუკვალურობით, სულიერი წვდომის გარეშე გაიგეს იგი და ამიტომაც ანდაზურად დასცინეს კიდეც ღმერთს როგორც თითქოსდა უსამართლოს: ‘მამებმა კაწახი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო~. ამ უღვთო სწავლების მოსასპობად და იუდეველთათვის თავის მართლების ყოველგვარი საბაბის გასაუქმებლად უფალმა უკვე პირდაპირ და აშკარად გააცხადა რჯულდება: შვილები არ დაისჯებიან მამათა ცოდვების გამო. დაისჯება მხოლოდ ის, ვინც პიროვნული ნებით, მთელი შეგნებით განზრახულებითად და საქმითად თანაეზიარება წინაპართა ცოდვებს და გადაამეტებს მათ ბოროტებაში. ამავე აზრს შეიცავდა მისი ადრინდელი განჩინებაც, თუკი სულიერად ჩაწვდებოდა მას ვინმე, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, უფალმა იუდეველებს გარეგნული საბაბიც მოუსპო და ის, რაც ადრე დაფარულად აუწყა მათ, შემდეგში აშკარად და გახსნილად რჯულდებულყო.

საგულისხმოა, რომ მეორე თვალსაზრისის მომხრენი უთითებენ თეოფილაქტე ბულგარელზე. მაშ, მოვუსმინოთ ამ მოძღვარს:

‘მან (ბრმამ, ე. ჭ.) თვით სცოდა? არ შეიძლება ამის თქმა, რადგან დაბადებიდან იყო ბრმა. ნუთუ მისმა მშობლებმა? მაგრამ არც ეს შეიძლება, რადგან შვილი მამის გამო არ ისჯება (pai=j u(pe\r patro\j ou) kola/zetai) … რამეთუ თუმცა ცოდვილნი იყვნენ მისი მშობლები, მაგრამ ამის გამო როდი იყო სიბრმავე, რადგან არ არის სამართლიანი, რომ მამათა ცოდვები დაედოს ბავშვებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ (ou) ga\r a(marti/aj pate/rwon di/kaio/n e)sti paisi\ mhde\n a)dikou=sin e)piti/JesJai)” (თეოფილაქტე ბულგარელი, იოანეს სახარების განმარტება, PG. 124, col. 41).

შემდეგ, წმ. იოანე ოქროპირის კვალობაზე, თეოფილაქტე ასე განაჩინებს:

‘მაგრამ როგორღა წერია: ‘რომელი მიაგებს ცოდვასა მშობელთასა შვილთა ზედა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე?” უნდა ითქვას, რომ, ჯერ ერთი, ეს განჩინება საყოველთაო არ არის, არცთუ ყოველთა წინააღმდეგ თქმული, არამედ მხოლოდ ეგვიპტიდან გამოსულთა მიმართ. მეორეც, მოდით განვჭვრიტოთ ამ განჩინების აზრი, არათუ ის თქვა, ‘შვილები დაისჯებიანო იმ ცოდვათა გამო, მშობლებმა რომ ჩაიდინეს”, არამედ ის, რომ ‘მშობელთა შეცოდებები”, ესე იგი ‘შეცოდებათა გამო სასჯელნი” მიეგებათ მათ შვილებსაც როგორც მსგავს ცოდვათა ჩამდენთ (w(j ta\ o(/moia peplhmmelhko/sin)”. იმისათვის, რათა არ ეფიქრათ ეგვიპტიდან გამოსულებს, რომ თუნდაც მამებზე უარესი ცოდვა ჩაედინათ, იმგვარადვე არ დაისჯებოდნენ, ამიტომ თქვა უფალმა: ასე კი არ იქნება, არამედ მამათა შეცოდებანი ანუ სასჯელნი თქვენზედაც მოიწევა, რადგან არ გახდით უკეთესნი, არამედ იგივე და უფრო უარესიც კი შესცოდეთ” (იქვე).

ახლა ვნახოთ, თუ როგორ განმარტავს ‘ძველი აღთქმის~ ზემორე სიტყვებს ნეტარი თეოდოროტე კვირელი:

‘და თქვა: ‘და მოჰჴადნის ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა და შვილისშვილთა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე”. ის, რომ უღვთოებაა შიშვლად გაგება წერილისა, თვით ღმერთი გვასწავლის ამას, როდესაც საწინააღმდეგოს რჯულმდებლობს: ‘არა მოკუდენ მამანი შვილთათჳს და ძენი არა მოკუდენ მამათათჳს, თითოეული თჳსითა ცოდვითა მოკუდეს” (II სჯ. 24.16). კიდევ, ეზეკიელის მიერ ამბობს: ‘რაჲ არს თქუენდა იგავი ესე ძეთა შორის ისრაელისათა, რომელ თქჳან, ვითარმედ: მამათა ჭამეს კაწახი და ძეთა კბილები მოჰლბეს? ცხოველ ვარ მე! – იტჳს უფალი, ამიერითგან არღარა იყოს იგავი ესე სიტყუად ისრაელსა შორის, რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან: ვითარცა სული მამისაჲ, ეგრეცა სული ძისაჲ ჩემი არს”, და ასე შემდეგ. ესეც იმავე აზრს შეიცავს. მე კი ვფიქრობ, რომ მუქარა უფრო საღვთო კაცთმოყვარეობას წარმოაჩენს, რადგან დასძენს: ‘მოძულეთა ჩემთა (შდრ. ‘მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა”. გამოსლ. 20.5, ე. ჭ.). ეს ნიშნავს: ‘სულგრძელი ვიქნები მამებისადმი, რომლებმაც შესცოდეს, სულგრძელი ვიქნები შვილებისადმიც, მაგრამ თუ ნაშიერნი და ნაშიერთა ნაშიერნი დაეშურებიან მამათა და წინაპართა უკეთურებას (ponhri/an), მოვაწევ სასჯელს, მაშინ როცა წინაპართა კეთილმსახურება მრავალ თაობამდე იქნება ცხონების შემძენი (h( de\ twon- progo/nwn eu)sebeia me/xri pollou= t%= ge/nei procenh/sei th\n swthri/an)” (გამოსლვათა განმარტება, PG. 80, 268 A-B).

ბოლოს დიდი მოძღვარი დასძენს:

‘ისინი, რომლებიც ეგვიპტეში ეგვიპტელთა ღმერთებს დაემონენ, არც თვით დასჯილან, არც მათი მამები, არც მამათა მამები, მაგრამ ისინი კი, რომლებიც დაეშურნენ მათ უღვთოებას, დაისჯებიან, რადგან ესოდენი ქველმოქმედებისა და მრავალი საკვირველების შემდეგაც არ მოიძაგეს ეს უღვთოება” (იქვე).

ვფიქრობთ, უცხადესია ყოველივე: ისჯება მხოლოდ ცოდვის ჩამდენი, ხოლო მის შთამომავლობაში ისჯება მარტოდენ ის, ვინც განზრახულებითად დაეშურება წინაპრის ცოდვას და ყოვლითურთ გაკერპდება მასში. რაც შეეხება მადლს, იგი მიეფინება თაობებს ე. ი. თესლობითად კი არ გადადის, – ნუ იყოფინ, – არამედ საღვთო ნებით სულიერად მიეფინება თაობათა შორის სათნოების აღმსრულებლებს და აცხოვნებს მათ.

კვლავ დავუბრუნდებით ბრმადშობილის ეპიზოდს და მოვიტანთ ექვთიმე ზიღაბენის სწავლებას, რაც, მისივე მითითებით, ეფუძნება მხოლოდ წმინდა მოძღვართა განმარტებებს:

‘აქედან უკვე ვსწავლობთ, რომ მამათა შეცოდებებისათვის არ ისჯებიან შვილები (pate/rwn a(martano/ntwn ou) kala/zontai pai=dej), რადგან თუმცა ‘გამოსლვათა” წიგნში უფლის შესახებ წერია, რომ ‘მოაწევს მამათა ცოდვებს მესამე და მეოთხე თაობის შვილებზე”, მაგრამ ეს ითქვა ისრაელთაგან მხოლოდ მათთვის (di )e)kei/nouj mo/nouj… e)k tw=n )Israelitw=n), რომლებიც კერპთმსახურებას შეუდგებოდნენ. მართლაც, რადგანაც ისინი დაეშურნენ უღვთოებას მათი მამებისას, რომლებიც კერპთაყვანისმცემლობდნენ ეგვიპტეში, ჯეროვნად მიაგო მათ იმათი სასჯელი, რამეთუ რომელთა ცოდვებიც თანასწორია, მათი სასჯელნიც უთუოდ თანასწორია (w(n ga\r i)/sai ai/ a(marti/ai, tou/toij i)/sai pa/ntwj kai\ ai( kola/seij). დიახ, შემდეგში ასე რჯულმდებლობს იგი მოსეს მიერ, როდესაც ამბობს: ‘არ მოკვდებიან შვილები მამათა გამო”, და კიდევ, ეზეკიელის მიერაც იტყვის: ‘რა არის თქვენთან ეს იგავი, ამბობთ რა: ‘მამებმა ჭამეს კაწახი და შვილებს მოეკვეთათ კბილები?” ცხოველ ვარ მე, ამბობს უფალი, უკეთუ იყოს ეს იგავი, არამედ ვინც კაწახს შეჭამს, მას მოეკვეთება კბილები (tw=n fago/ntwn to\n o)/mfaka w)modia/sousin oi( o(dontej)” (იოანეს სახარების განმარტება, PG. 129, 1308 A-B).

როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, მშობელთა ცოდვების გამო შვილთა წარწყმედის ამღიარებელნი უთითებენ სახარებისეულ სიტყვებზე იმის შესახებ, რომ ყოველი სისხლი, დათხეული აბელიდან ზაქარიამდე ‘მოიწიოს ნათესავსა ამას ზედა” (იხ. ლუკა 11.50-51; მათე 23.35-36). ვნახოთ, როგორ განმარტავს ხსენებულ მუხლებს წმ. იოანე ოქროპირი:

‘თარგმანი (განმარტება, ე. ჭ.): ვინაჲთგან უძჳრეს ყოველთა სცოდეთ და არა შეიკდიმეთ პირველქმნულთა მათგან, ამისთჳს თქუენცა უძჳრესი შეგემთხჳოსო” (დასახ. გამოც., გვ. 290).

დიდი მოძღვარი სახარებისეულ სიტყვებს აკავშირებს ‘ძველი აღთქმის” ზემოციტირებულ მუხლებთან (გამოსლ. 20.5) და გვამცნებს:

‘და ესე არს, რომელსა იტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ‘მივაგნეო ცოდვანი მამათანი შვილთა ზედა მესამე და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა” (გამოსლ. 20.5). არათუ რომელ-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მიჰჴადა სასჯელი, ნუ იყოფინ! არამედ რომელთა იგი იხილნეს მრავალნი, ცოდვათათჳს ტანჯულნი, და არა შეიკდიმეს, არამედ მათვე საქმეთა მოქმედ იქმნეს, ღირს არიან მათისა მის სასჯელისა და უძჳრესისაცა მიღებად, ეგრეთ ამათ, ვინაჲთგან იცოდეს, თუ აბელისითგან ვიდრე აქამომდე რაოდენნი რისხვანი მოიწინეს კაცისმკვლელთა ზედა და თჳსითა პირითა წამებდეს, – ‘უკუეთუმცა ვიყვნეთო დღეთა მათ მამათა ჩუენთა, არამცა ვიყვნეთო მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაჲსწარმეტყუელთასა”, – და მერმე იქმნეს იგინი მკლველ უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა, და სხუათა მათ მოციქულთა და მართალთა მომწყუედელ, სამართლად სწორი სასჯელისა პირველითგანთა სისხლის დათხევათაჲთა მოიწიოს მათ ზედა” (იქვე).

როგორც უნათლესად და უსაღვთოესად არის სწავლებული, წინასწარმეტყველთა სისხლის დათხევის შესაბამისი სასჯელი მხოლოდ იმათზე მოიწია, რომლებმაც მათ წინაპრებზე მეტი შესცოდეს (‘უძჳრეს ყოველთა სცოდეთ”), რომლებმაც უშუალოდ განიზრახეს და მოკლეს უფალი, მოციქულები, სხვა მართალნი. მოტანილი ციტატა კიდევ ერთხელ უარყოფს იუდეველურ აზრს მშობელთა ცოდვების თესლობითი გადაცემადობისა და მათი მიზეზით უდანაშუალო და პიროვნულად უმანკო შთამომავალთა საუკუნო წარწყმედის შესახებ, რადგან წმინდანის შეუვალი ბრძანებით ‘არათუ რომელი-იგი სხუათა ცოდეს, მისთჳს სხუათამცა მოჰჴადა სასჯელი, ნუ იყოფინ!”

თეოფილაქტე ბულგარელიც სრულიად აშკარად ადასტურებს, რომ უფლის ზემორე სიტყვები მხოლოდ მაშინდელი ებრაელებისადმი ითქვა, რომლებიც თანაეზიარნენ თავიანთი წინაპრების უსჯულოებას. აი, მისი სიტყვები:

‘მან თქვა, რომ მაშინ მყოფ ებრაელებზე (e)pi\ tou\j to/te o)/ntaj )Ioudai/ouj) მოიწეოდა ყველა უსამართლოდ დაღვრილი სისხლი, რადგან ისინი, რომლებიც ამდენი მაგალითის შემდეგაც არ გამოსწორდნენ, მათსავე მამებზე მეტად დაისჯებიან” (მათეს სახარების განმარტება, PG. 123, 405 A).

როგორც აღვნიშნავდით, მოაქვთ აგრეთვე მეორე ციტატა:

‘და მიუგო ყოველმან ერმან და თქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა იყოს და შვილთა ჩუენთა ზედა” (მათე 27.25).

ცნობილია, რომ ეს სიტყვები წარმოთქვა მაცხოვრის ჯვარცმისათვის განცოფებულმა ბრბომ.

დიახ, გაგიჟებული ბრბო სწორედ ასე ფიქრობდა. იმდენად დიდი იყო უგუნურთა ჟინი მაცხოვრის ჯვარცმისა, რომ მათ საკუთარი განცოფებული ჭკუით მთელი შთამომავლობა გაწირეს, ოღონდაც კი საწადელს სწეოდნენ. მართლაც, მხოლოდ გონდაკარგული თუ იტყვის ზემორე სიტყვებს, რადგან მათში ნაგულისხმევი შინაარსი, კერძოდ ის, რომ თითქოს მშობლის შეცოდება მთელ მის შთამომავლობაზე სპერმატულად გადადიოდეს და უსაშინლესი სასჯელის (საუკუნო წარწყმედის) სახით მოიწეოდეს სისხლისმიერ მემკვიდრეებზე, ჭეშმარიტი გონდაკარგულობა და სიშლეგეა.

ნახეთ, რა უმძაფრესი სიტყვებით იწყებს წმ. იოანე ოქროპირი ზემორე ციტატის განმარტებას:

‘აწ იხილეთ აქა განსაკჳრვებელი საქმე: ვითარ, ეუფლოს რაჲ ეშმაკი ვისმე, სრულიად დააბრმობს. თქუთ-ღა, უშჯულონო ჰურიანო, გუელნო და ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო დრკუო და გულარძნილო, ერო ცოფო და არაბრძენო, ნაშობნო ბილწებისანო, მზრახველნო წარწყმედისანო, რომელთა თანა არა არს მეცნიერებაჲ; იყავნ წყევაჲ ესე და ცოდვაჲ თქუენ ზედა, ვითარცა სთქუთ, შვილთა თქუენთა ზედა რაჲსათჳსღა მიიყვანებთ წყევასა მას?” (დასახ. გამოც., გვ. 416).

წმ. იოანე ოქროპირი განაგრძობს:

‘ეჰა, ვითარ გარდამატებულ იყო უკეთურებაჲ მათი და ვითარ გამოუთქუმელ არს სახიერებაჲ უფლისაჲ, რამეთუ ესოდენსა მას სიბორგილესა (სიგიჟესა, ე. ჭ.) მათსა ზედა, რომელთა ესრეთ ლირბად მიიღეს ცოდვაჲ იგი და წყევაჲ მათ და შვილთა მათთა ზედა, არავე დაამტკიცა სიტყუაჲ იგი არცა თუ თჳთ მათ ზედა, არამედ რომელნიცა მოიქცეს მათგანნი და შეინანეს წყალობით, შეიწყნარნა და სასუფეველსა ღირს-ყვნა, რამეთუ პავლეცა მათგანი იყო და ბევრეული იგი, რომელთა ჰრწმენა იერუსალჱმს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ‘ჰრქუა იაკობ პავლეს: ხედავა, ძმაო, რავდენნი ბევრნი არიან ჰურიათა შორის მორწმუნენი?” (საქმ. 21.20). იგი ყოველნი მათგანნი იყვნეს და შეიწყნარნა სახიერმან მან და აღჴოცნა ცოდვანი მათნი, ხოლო რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოვებასა შინა, მათ თავით თჳსით მოიღეს რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა” (გვ. 417).

აი, ხმამაღალი ქადაგება ჭეშმარიტებისა! დიახ, რაც არ უნდა მძიმე იყოს მშობლისა თუ წინაპრის პირადი ცოდვა, თუნდაც უმძიმესზე უუმძიმესი და წარმოსადგენადაც კი უშემზარავესი (სწორედ ასეთია მაცხოვრის მოკვლა და ამ მკვლელობასთან თანაზიარება), – თვით ეს ცოდვაც კი არ გადადის შთამომავლობაზე თესლობითად, თვით ამ ცოდვის გამოც არანაირად არ წარწყმდებიან საუკუნოდ აღნიშნულ ცოდვაში პიროვნულად უდანაშაულო მომდევნო თაობები, რადგან საუფლო ნებით მხოლოდ განზრახულებითად უკეთურნი, ესე იგი ცოდვებში უკიდურესად და ბოლომდე გაკერპებულნი ექვემდებარებიან სასჯელს ანუ ‘რომელნი სრულიად ეგნეს ურწმუნოვებასა შინა, მათ თავით თჳსით მოიღეს რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა”.

დიახ, ეკლესია გვასწავლის, რომ ‘თავით თჳსით” ისჯება ყველა და არა წინაპართაგან თესლობითად გადმოცემული ცოდვების შედეგად.

სახარების აღნიშნულ მუხლებს წმ. იოანე ოქროპირი ეხება თავის სხვა შრომაშიც, რომელსაც ვრცელი სათაური აქვს და ასე იწყება: ‘იმის შესახებ, რომ არ არის უსაფრთხო მსმენელთათვის მიჩუმათება იმისა, რაც ეკლესიაში ითქმის”. დიდი წმინდანი სიტყვა-სიტყვით შემდეგს რჯულმდებლობს:

‘თუ იქნებოდა მისი სისხლი მათზე და მათ შვილებზე, აღარ იქნებოდნენ მათი შვილებიდან მოციქულები, არ იწამებდა ერთბაშად სამიათასი და ხუთიათასი. ხედავ, როგორ ველურები და სასტიკები იყვნენ ისინი მათ შვილებთან დაკავშირებით და არ იცოდნენ თვით ბუნება (kai\ th\n fu/sin au)sin au)th\n h)gno/hsan; შდრ. ლათ.: ipsam etiam naturam abnegarint), ხოლო უფალი ყველა მამაზე უფრო კაცთმოყვარე და დედებზე უფრო შვილთმოყვარე იყო. და იქმნა ‘სისხლი მისი მათზე და მათ შვილებზე”, მაგრამ მათ შვილებზე ყველაზე არა (e)pi\ ta\ te/kna de\ ou)xi\ pa/nta), არამედ მხოლოდ მათზე, რომლებმაც მიჰბაძეს მამათა უღვთოებასა და ურჯულოებას (e)p ) e)kei=na mo/non ta\ mimhsa/mena th\n patrikh\n a)se/beian kai\ paranomi/an) და რამდენიც ჰყავდათ მათ ძე, არა ბუნებისეული მემკვიდრეობით (ou) kata\ th\n th=j fu/sewj diadoxh/n, შდრ. ლათ. non secundum natura successionem), არამედ არჩევანისეული განცოფებით (a)lla\ kata\ th\n th=j proaire/wj mani/an), მხოლოდ ისინი გახდნენ პასუხისმგებელნი უკეთურებებზე” (PG. ტ. 51, col. 110-111).

მთელი ციტატა უძვირფასეს სწავლებას შეიცავს, მაგრამ საკუთრივ სასჯელისა და დაუსჯელობის შესახებ საეკლესიო მოძღვრების გასაღებს განსაკუთრებით ბოლო ნაწილი წარმოადგენს, რომელსაც კვლავ გავიმეორებთ:

‘და რამდენიც ჰყავდათ მათ ძე, არა ბუნებისეული მემკვიდრეობით, არამედ არჩევანისეული განცოფებით, მხოლოდ ისინი გახდნენ პასუხისმგებელნი უკეთურებებზე”.

დიახ, ასე აშკარად, შეუვალად და საფუძველითურთ დაამხო წმინდანმა იუდეველური სწავლება შვილებში მშობელთა პირადი ცოდვების ბუნებისეული ანუ გენეტიკური მემკვიდრეობის შესახებ და გახსნილად რჯულდებულყო, რომ მხოლოდ იმგვარი შთამომავლები აგებენ პასუხს წინაპართა ცოდვებზე, მხოლოდ ისინი წარწყმდებიან, რომლებიც თავიანთი არჩევანისეული განცოფებით თანაეზიარებიან მათ.

თეოფილაქტე ბულგარელიც, განმარტავს რა ‘მოციქულთა საქმეების” სიტყვებს: ‘რაოდენ ბევრნი არიან იუდეველთაგანნი” (საქ. 21.23), აღნიშნავს:

‘ეს ‘ბევრნი” იმათგანნი არიან, რომლებმაც ღაღადყვეს: ‘სისხლი მისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა~, მაგრამ მაინც კაცთმოყვარე უფალმა მათგანნიც და მათი შვილებისგანნიც მიიღო და ბევრი სიკეთის ღირსი გახადა” (PG. 125, 788 B).

***

ამრიგად, ეკლესიური სწავლების მიხედვით, მშობლის პირადი სულიერი მდგომარეობა არანაირად არ გადადის შვილზე სპერმატულად, თესლობითად, რადგან შვილი მემკვიდრეა თავისი მშობლის შეცოდებისა არა თესლობითად, გენეტიკურად, არამედ პასუხისმგებლობითად. ეს ნიშნავს: მშობლის ცოდვისთვის კი არ წარწყმდება საუკუნოდ შვილი, არამედ მშობლის (და სხვა წინაპრის) ცოდვებთან შეგნებული, გაცნობიერებული თანაზიარებისთვის და იმავე (ან უფრო მძიმე) ცოდვების აღსრულებისთვის.

————————————


[1] – აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა გაზეთში: ”საეკლესიო სიწმინდენი”, 2000 №1 გვ. 6-7.

ედიშერ ჭელიძე

”მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი

საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში”. თბილისი, 2004 წ.

წყარო: http://www.Library.church.ge

Published on June 14, 2011 at 9:43 pm  Comments (2)  

The URI to TrackBack this entry is: https://edisheri.wordpress.com/%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90/trackback/

RSS feed for comments on this post.

2 Commentsდატოვე კომენტარი

  1. არც თვითონ ბრამა ადამიანმა შესცოდა და არც მისმა მშობლებმაო, ესეიგი რა გამოდის, რომ ღმერთმა უდანაშაულო კაცი დასაჯა, ესეიგი ღმერთი არის ადამიანების უმიზეზოდ და უსამართლოდ დამსჯელი!

    • მაგას თქვენი გადასახედიდან აფასებთ ამგვარად, ღმერთი არავის არ სჯის.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: